ნანკინელი ქრისტე
„ნანკინელი ქრისტე“ | |
---|---|
ავტორი | რიუნოსკე აკუტაგავა |
ქვეყანა | იაპონია |
ენა | იაპონური |
ჟანრი | მოთხრობა |
გამომცემელი | Chuokoron |
გამოცემის თარიღი | ივლისი, 1920 |
ნანკინელი ქრისტე (იაპონ. 南京の基督) 一 იაპონელი მწერლის, რიუნოსკე აკუტაგავას მცირე მოთხრობა, რომელიც თავდაპირველად 1920 წელს, ყოველთვიურ გაზეთ ჩუოკორონში დაიბეჭდა. ნაწარმოები ახალგაზრდა ნანკინელი მეძავის თავს გადამხდარ ისტორიას მოგვითხრობს, როდესაც მან იწამა იესო ქრისტე. ნოველა 1995 წელს ფილმადაც ადაპტირდა და ტოკიოს საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე იასუკო ტომიტამ საუკეთესო ქალი შემსრულებლის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.[1] თავდაპირველად, ტექსტმა დადებითი შეფასება ვერ ჰპოვა, რადგანაც, კრიტიკოსთა აზრით, მისი არსი საკმაოდ ვულგარული იყო.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თხრობა შემოდგომის ერთი სუსხიანი ღამის აღწერით იწყება. ნანკინში მდებარე ძივან ძეს ქუჩაზე, ერთ პატარა სახლში, 15 წლის სონ ძინჰუა ცხოვრობდა, რომელიც ეკონომიკური გადარჩენის მიზნით პროსტიტუციულ საქმიანობას ეწეოდა. დასაწყისში აღწერილია მოწყენილი გოგონას სახე, რომელიც გალაქულ ლანგარზე დაყრილ საზამთროს მარცვლებს აკნატუნებდა. ამის შემდეგ ავტორი აღგვიწერს მის ოთახში არსებულ თითქმის ყველა ნივთს - მაგიდა, სკამი, ძველი გამოუსადეგარი ნივთები -, თითქოს ყველა მათგანი ერთფეროვნად ერთნაირი დანიშნულების იყო, გარდა სონის მოპირდაპირედ არსებული ბრინჯაოს ბარელიეფისა, რომელზეც ქრისტეს ჯვარცმა არის ასახული. მართლაც, მას პერსონაჟის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, რასაც თავად ტექსტიდანაც ვიგებთ:
"ყოველთვის, როცა კი გოგონა მას შეხედავდა, გრძელ წამწამებზე მყისვე უქრებოდა დარდის აჩრდილი, და თვალებში გულუბრყვილო იმედის სხივი უკიაფებდა"
ეს იყო სწორედ ის ოთახი, რომელშიც სონს კლიენტების მიღება უწევდა. შეიძლება, მისნაირი გარეგნობის ცინვეის პროვინციაში ვინმე არსებულიყო, თუმცა მსგავსი ხასიათისა და ტემპერამენტის მატარებელი ადამიანი იმ დროს იშვიათობა იყო. სხვა მეძავებისგან განსხვავებით იგი არასდროს ყოფილა მატყუარა, მხიარული ღიმილით ხიბლავდა სტუმრებს და ისტუმრებდა მათ, მიღებული ფულის გამო კი ბედნიერდებოდა, რადგან შეეძლო მასთან ყველაზე ახლოს მყოფ ადამიანს - საკუთარ მამას - ერთი ჭიქა საკეთი გამასპინძლებოდა.
ერთხელაც, მასთან ღამის გასატარებლად მოდის ახალგაზრდა იაპონელი ტურისტი, რომელიც იმ ზაფხულს შანხაის დოღის სანახავად იყო ჩამოსული. წასვლის წინ იაპონელი კედელზე გაკრულ ქრისტეს გამოსახულებას შენიშნავს და გატეხილი ჩინურით ძინჰუას შეეკითხება, არის თუ არა იგი ქრისტიანი, საიდანაც ტურისტი, მკითხველთან ერთად, გაიგებს, რომ სონი 5 წლის ასაკში კათოლიკედ მონათლა დედამ. რა თქმა უნდა, იაპონელი კითხულობს, მისაღებია თუ არა სონისგან, როგორც ქრისტიანისგან, მსგავსი საქმიანობა, რაზეც სონი პასუხობს, რომ ეს მისი შემოსავლის ერთადერთ გზას წარმოადგენს, მის გარეშე ის და მამამისი შიმშილით დაიხოცებიან, ხოლო, ამავდროულად, მას სჯერა, რომ ამ ყველაფერს მისი ღმერთი გაითვალისწინებს. ფულის სანაცვლოდ იაპონელი ტურისტი მას იმ ნეფრიტის საყურეებს აჩუქებს, რომელთა იაპონიაში წაღებასაც გეგმავდა.
მომხდარიდან ერთ თვეში ძინჰუა სიფილისით სნეულდება. მისი ამხანაგები და კომპანიონები მას მრავალი სახის განკურნების მეთოდს შესთავაზებენ. მაგალითად, ჩენ შანჩამ მას ურჩია ოპიუმიანი არყის დალევა, მაო ინჩუნმა მას კონკრეტურლი აბების მიღება ურჩია. მიუხედავად ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესობისკენ მიდიოდა. ამის შემდეგ ჩენ შანჩამ მას ურჩია ერთი არატრადიციული ხერხი, რომლითაც, მისი აზრით, იგი ავადმყოფობას დაძლევდა.
რახან ავადმყოფობა სტუმრისაგან შეგეყარა, შენც სასწრაფოდ გადასდე ვინმეს, და ორ-სამ დღეში გამოჯანმრთელდები.
როდესაც ამას გაიგებს სონი, მარტოდ დარჩენილი, ჯვარცმის წინ იჩოქებს და მხურვალე ვედრებით სთხოვს ღმერთს, რომ დაეხმაროს მას, რამეთუ არ ძალუძს, საკუთარი ბედნიერების სხვის უბედურებაზე აწყობა. ამის გამო იგი მკაცრად შეიზღუდავს თავს და მეძავობას თავს დაანებებს, მიუხედავად უკიდურესი მატერიალური სიდუხჭირისა. ამის შემდეგ, ძინჰუამ მკაცრად გადაწყვიტაკლიენტების მიღებაზე უარის თმა, იგი საკუთარ თავს მათთან მხოლოდ მეგობრული მუსაიფის, ან სიგარეტის მოწევის საშუალებას აძლევდა, ამის მიზეზად კი საკუთარ მძიმე სნეულებას ასაღებდა. ერთ საღამოს, როცა სონი არაფერს აკეთებდა და უბრალოდ ჩაფიქრებული მიშტერებოდა სივრცეს, ოთახში ერთი უცნობი შემოდის. მოთხრობაში წერია:
"ძინჰუა ანგარიშმიუცემლად წამოდგა და გაოცებული მიაჩერდა უცნობს. სტუმარი ოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა. მზემოკიდებული, წვერიანი მამაკაცი იყო, დიდთვალება, ყავისფერზოლებიან პიჯაკსა და ასეთივე კეპში გამოწყობილი. ოღონდ საოცარი ის იყო, რომ მიუხედავად მისი აშკარად უცხოელობისა, მაინც თმაჩამოყრილი და კბილებში ჩამქრად ჩიბუხგაჩრილი შემოსასვლელში რომ იდგა და მთელი ტანით ფარავდა კარს, შეიძლებოდა უგონო მთვრალად ჩაგეთვალათ, რომელმაც შეცდომით შემოაბოტა აქ."
მათი კომუნიკაცია პრობლემას წარმოადგენდა, რამდენადაც სტუმარმა ჩინური ენა არ იცოდა. თანდათანობით ძინჰუას ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს ამ პიროვნებას შეხვედრია, თითქოს იგი ამ პიროვნებას პირიპირ იცნობდა, თუმცა ვერ იხსენებდა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. უცნობი და სონი გარკვეული ჟესტიკულაციით ახერხებვდნენ, ერთმანეთისთვის საკუთარი ნააზრევები გადმოეცათ და უცნობი მას ფულზეც კი ანიშნებს, რაზეც სონი თავს აქნევს და დაჟინებით უარყოფს მის წინადადებას. კედლიდან ჩამოვარდნილი იესოს ჯვარცმის ამსახველი ბარელიეფი კი ხველაფერს ხდის ფარდას - სტუმარს გამოსახულებაზე აღბეჭდილი იესოსმაგვარი სახე გააჩნდა, მათი ნაკვთები ერთმანეთს თითქმის აბსოლუტურად ემთხვეოდა. შედეგად, ძინჰუა თანდათან იწყებს იმის გააზრებას, რომ ოთახში შემოსული სტუმარი იესოს ცოცხალი გამოსახულებაა, რაზეც თავადაც აკეთებს კომენტარს:
“აი, თურმე, რატომ მეცნაურებოდა მისი სახე! ეს ხომ უფალი ქრისტეს სახეა!”
სონი ბედნიერებით აღსავსე იყო - ცოტა ხანში ის უცხოელს ძლიერად ჩაეხუტა, რამაც იგი ნამდვილ სიყვარულს აზიარა.
მოგვიანებით, როცა ორივე მათგანს საწოლზე ჩაეძინა, სონმა სიზმარი ნახა: ფანჯარასთან, ხის სკამზე მჯდომარე უცხოელი, რომლის თავსაც თხელი მანათობელი შარავანდედი შემოჰფენოდა. თითქოს ძინჰუას გამდიდრებულიყო, მას აღარც მატერიალური და აღარც საკვების პრობლემა გააჩნდა. ამის შემდეგ კი ის უცხოელსაც კი მოიპატიჟებს, რომელიც უარს ეუბნება და ეტყვის, რომ იესო ქრისტეს ჯერ არასდროს უჭამია ჩინური საჭმელები. მოულოდნელად, უცნობი წამოდგა, უკნიდან მიუახლოვდა სონს და ნაზად აკოცა.
ამ დროს ძინჰუას გამოეღვიძა. იგი დიდი დაკვირვებით ცდილობდა იმის გააზრებას, მან რეალურად ნახა თუ არა სიზმარში ნანახი პიროვნება, რამდენადაც ის მის გვერდით აღარ იწვა. ძინჰუას შინაგანად სჯეროდა, რომ ეს სრულებით არ ყოფილა სიზმარი, მისი ეს აზრი კი იმ მოვლენამაც გაამყარა, რომ ადგომისთანავე ძინჰუა სიფილისისგან განკურნებულიყო და ავთვისებიან წყლულებს ვეღარ გრძნობდა. “ესე იგი ის იყო ქრისტე!” - სიხარულით წამოიძახა მან, პერანგისამარა საწოლიდან იატაკზე დაეცა და ღმერთთან მოსაუბრემ მხურვალე ლოცვა აღავლინა მისდამი.
ამ ამბიდან ერთ წელიწადში ძინჰუა კვლავ შეხვდა იაპონელ ტურისტს, რომელმაც მოიკითხა, ეკიდა თუ არა კვლავ ქრისტეს ბრინჯაოს ბარელიეფი. სონმა კი ნანკინელი ქრისტეს ისტორია მოუყვა, რომელმაც იგი სიფილიისგან განკურნა. იაპონელი ტურისტის მონოლოგიდან ვიგებთ, რომ უცხოელი იაპონელ-ამერიკელი მეტისი ტურისტი - სახელად ჯორჯ მერი - იყო. მისივე თქმით, ჯორჯი საშინლად გაფუჭებული და უღირსი პიროვნება იყო და აღმოჩნდა, რომ თავადაც სიფილიით დაავადდა, როგორც ჩანს სონისგან.
იაპონელი ტურისტი ძინჰუას ამ ამბავს არ უმხელს, უცხოელის ვინაობა, წარმომავლობა და მისი მომავალი ავადმყოფობაც სონისთვის გაუხსნელად რჩება. საბოლოოდ, სონი ამბობს იმას, რომ მას ამ ამბის შემდეგ აღარასდროს უავადმყოფია, ამას კი საზამთროს მარცვლების კნატუნის ფონზე ყვებოდა.
ანალიზი და სავარაუდო გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორია მოდელირებულია იმ ფუნდამენტური ქრისტიანული იდეით, რომ თვით მეძავის სულიერი ხსნაცაა შესაძლებელი, თუ ის ჭეშმარიტებას იწამებს, ამის ნათელი მაგალითი კი ბიბლიური გმირი - მარიამ მაგდალინელია.
არსებობს რამდენიმე სავარაუდო წყარო, რომლითაც აკუტაგავა შესაძლოა ყოფილიყო შთაგონებული მოთხრობაზე მუშაობისას. არსებობს ვერსია, რომ ნოველა ავტორის თანამემამულის, ჯუნიჩირო ტანიძაკის მოთხრობით - ცინჰუაის ღამე - არის შთაგონებული, თუმცა თანამედროვე ლიტერატორთა უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ მოთხრობა გიუსტავ ფლობერის მოთხრობების ანთოლოგიას - სამი მოთხრობა (1877) - ეფუძნება. მრავალი ლიტერატურათმცოდნე აღნიშნავს, რომ ამ მოთხრობით ავტორი შეეცადა შეეცვალა საკუთარი წერის სტილი.
იუკიო მიშიმამ ტექსტზე საუბრისას თქვა:
„ტანიძაკის ნაშრომისგან განსხვავებით, ის ნაკლებად ბავშვურია, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გულუბრყვილობა აქ სრულებით არ არსებობს.“
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 存档副本. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-03. ციტირების თარიღი: 2020-03-03