ნანა იაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნანა იაშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1949, თბილისი) — ქართველი მუსიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1976), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1988)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნანა იაშვილი დაიბადა 1949 წლის 14 ოქტომბერს თბილისში. დაამთავრა თბილისის „ნიჭიერთა ათწლედი“. ვიოლინოზე დაკვრას ეუფლებოდა მამის, პროფესორ ლუარსაბ იაშვილის ხელმძღვანელობით. ნორჩი მევიოლინის საკონცერტო დებიუტი შედგა 14 წლის ასაკში. 1970 წელს ნანამ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ ლ. კოგანის კლასი, ხოლო 1975 წელს მასთანვე — ასპირანტურა. 1971–1973 წლებში იგი უკრავდა საქართველოს სახელმწიფო ტრიოში. ნანა იაშვილი სტუდენტობის წლებშივე გახდა რამდენიმე კონკურსის ლაურეატი: ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა — II პრემია; მარგარიტა ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის — I პრემია და სპეციალური პრიზი მ. რაველის რაფსოდია „ბოშა ქალის“ საუკეთესო შესრულებისათვის; I პრემია. 1976 წელს მევიოლინეს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1988 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1983–1989 წლებში ნანა იაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1990 წლიდან იგი უცხოეთშია, 1990–1993 წლებში ვენაში მართავდა კონცერტებს და მოღვაწეობდა, როგორც პედაგოგი; 1990 წელს ავსტრიაში დააარსა „ფორალბერგის კამერული ორკესტრი“. 1993 წლიდან ქ. ესენის უმაღლესი სამუსიკო სკოლის, ასევე, ქ. კიოლნისა და მოსკოვის კონსერვატორიიის პროფესორია. ატარებს მასტერკლასებს მოსკოვსა და ვენაში. ამასთანავე ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას. გასტროლებით აქვს მოვლილი: ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკები, გერმანია იაპონია, კანადა, ნიდერლანდები, უნგრეთი, საფრანგეთი, შვეიცარია და სხვა. ნანა იაშვილი უკრავს ნიკოლა გალიანოს ვიოლინოზე. მისი შესრულება გამოირჩევა არტისტული ტემპერამენტითა და ემოციურობით, პროფესიული კულტურით, ვირტუოზული ტექნიკური ოსტატობით; მუსიკოსის რეპერტუარი მდიდარი და მრავალფეროვანია, შეიცავს კლასიკური რეპერტუარის უმთავრეს ნიმუშებს: ბრამსი, მენდელსონი, ჩაიკოვსკი, სენ-სანსი — „რონდო–კაპრიჩიოზო“, ი. გეჯაძე — კონცერტი; ო. თაქთაქიშვილი – №1 და სხვა. ცნობილი მევიოლინეები არიამ ნანა იაშვილის დები — მარინე და ირინე იაშვილები, ასევე მევიოლინეა მისი ვაჟი — გია იაშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015. გვ. 218

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]