ნანა ალექსანდრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანა ალექსანდრია

ნანა ალექსანდრია, 1970
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 13 ოქტომბერი, 1949
დაბადების ადგილი ფოთი, საქართველოს სსრ
წოდება დიდოსტატი ქალთა შორის (1976)
ფიდე რეიტინგი 2342 (სექტემბერი, 2014)
მაქსიმალური რეიტინგი 2415 (1988)
ჯილდოები და პრემიები საპატიო ნიშნის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ნანა გიორგის ასული ალექსანდრია (დ. 13 ოქტომბერი, 1949, ფოთი) — ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი ქალთა შორის (1976), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. თბილისის ბ. ძნელაძის სახელობის პიონერთა სასახლის (ამჟამად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე) აღმზრდელი (მწვრთნელი ვ. ქარსელაძე, 1966 წლიდან — ბ. გურგენიძე). სსრკ (1966, 1968, 1969) და საქართველოს (1964, 1965, 1968) ჩემპიონი. I ადგილი დაიკავა თბილისის (1968), ბელგრადის (1969), ვეიკ-ან-ზეეს (1970) ქალთა საერთაშორისო ტურნირებში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში (ვრნიაჩკა-ბანია, 1970), საზონათშორისო ტურნირში (ოჰრიდი, 1971), ქალთა IV და VI საჭადრაკო ოლიმპიადაში (1969, 1974). მსოფლიო პირველობის 1969-1972 ციკლის III პრიზიორი და მსოფლიო პირველობის 1972-1975 ციკლის პრეტენდენტი. აქტიური, პოზიციური სტილის მოჭადრაკე. 1986 წელს აირჩიეს ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარედ. 1979 წლიდან ოლიმპიური რეზერვის (1991 წლიდან ვ. ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის) სკოლის დირექტორია.

ალექსანდრია იყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი, რომელიც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებზე მანილაში (ფილიპინები, 1992) და მოსკოვში (1994) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ნანა ალექსანდრიას ჰყავს მეუღლე — არქიტექტორი ლევან ბოკერია და ერთი შვილი — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია.

ფესტივალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლიდან ქალაქ ფოთში ტარდებოდა ჭადრაკის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებდა. 2016 წელს ფესტივალს სახელი შეუცვალეს და „ფოთის საერთაშორისო ფესტივალი“ დაარქვეს.[1] ფოთის საჭადრაკო სკოლის დირექტორმა, დავით კოდუამ, ალექსანდრიას სახელის ამოღება ქალაქის სახელის წინ წამოწევის სურვილით ახსნა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგენლების მტკიცებით ფესტივალისთვის სახელის გადარქმევას პოლიტიკური მოტივი აქვს, რადგან ალექსანდრია ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას დედაა.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად ნანა ალექსანდრია საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[2]

1982 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში ჯილდოები გადაეცათ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს მაია ჩიბურდანიძესა და ვიცე-ჩემპიონს ნანა ალექსანდრიას. მაია ჩიბურდანიძე დაჯილდოვდა ხალხთა მეგობრობის ორდენით, ნანა ალექსანდრია — საპატიო ნიშნის ორდენით. მოჭადრაკეებს ჯილდოები გადასცა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ პავლე გილაშვილმა.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]