ნამიბიის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნამიბიის მთავარი რეგიონები, ქალაქები და გზები

ტურიზმი ნამიბიის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიაა. ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 7.2 მილიარდ ნამიბიურ დოლარს შეადგენს. ყოველწლიურად ნამიბიას მილიონზე მეტი საერთაშორისო ტურისტი სტუმრობს. ყველაზე მეტი ტურისტი ანგოლიდან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩადის, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან - გერმანიიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ნამიბია აფრიკის ქვეყნებს შორის მთავარ ტურისტულ დანიშნულების ქვეყნებს შორისაა და ცნობილია ეკოტურიზმით, რომლის დამახასიათებელი ნიშანი ქვეყნის ფართო ველური ბუნებაა.[1]

2010 წლის დეკემბერში ლონლი პლანეტიმ ნამიბია მსოფლიო მასშტაბით მეხუთე ადგილზე დაასახელა (ბანგლადეშის, ნიკარაგუის, ვაშინგტონისა და პარიზის შემდეგ) ღირებულებების პირობების მიხედვით.[2][3]

სავიზო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამიბიის სავიზო პოლიტიკის რუკა

ჩვეულებრივი, დიპლომატიური და მომსახურების პასპორტის ქონის შემთხვევაში ნამიბიის მთავრობა განსაზღვრული ქვეყნებისა და ტერიტორიების მოქალაქეებს ვიზის მიღების გარეშე 3 თვემდე ვადით ტურისტული და ბიზნეს განზრახვით ნამიბიაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს. ყველა ვიზიტორს უნდა ჰქონდეს პასპორტი, რომელიც 6 თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მაქსიმუმ სამი თვის ვადით მხოლოდ პასპორტით ნამიბიაში შესვლისა და დარჩენის უფლება 55 ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ.[4]

ტურისტული ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინდჰუკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მელნის სასახლე“ და „პარლამენტის ბაღები“

ვინდჰუკი, ნამიბიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია. ქვეყანაში ჩასულ საერთაშორისო ტურისტთა დიდი ნაწილი ვინდჰუკის ჰოსეა კუტაკოს საერთაშორისო აეროპორტში ეშვება, რომელიც Air Namibia-ს მთავარი კერაა. 2012-2013 წლების მოხსენების მიხედვით, რომელიც ნამიბიის ტურიზმის დირექტორატისთვის Millennium Challenge Corporation-მა ჩაატარა, ნამიბიაში ჩასულ ტურისტთა 56% მოგზაურობის დროს ვინდჰუკს ნახულობს.[5] გარდა ამისა ნამიბიის ტურიზმთან დაკავშირებული კომპანიების, კორპორაციების, სააგენტოებისა და სამთავრობო დაწესებულებების, როგორიცაა Namibia Wildlife Resorts, Air Namibia, ნამიბიის ტურიზმის საბჭო და Hospitality Association of Namibia[6], შტაბ-ბინები დედაქალაქში მდებარეობს. ვინდჰუკში რამდენიმე ცნობილი სასტუმრო მდებარეობს, როგორიცაა Windhoek Country Club Resort და ზოგიერთი საერთაშორისო სასტუმროთა ქსელიც ფუნქცონირებს, მათ შორის: Avani Hotels and Resorts და Hilton Hotels and Resorts. დედაქალაქის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია:

ქრისტეს ეკლესია
  • ტინტერპალასტი (გერ: „მელნის სასახლე“) — ნამიბიის პარლამენტის ორივე პალატის: ეროვნული საბჭოსა და ეროვნული ასამბლეის სასახლე. სასახლე 1913 წლის 12 აპრილს გაიხსნა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე (1990) მასში ეროვნული ასამბლეა განთავსდა.[7] ნამიბიის მოსახლეობასა და ტურისტებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია სასახლის ირგვლივ გაშენებული პარლამენტის ბაღები.[8]
  • პარლამენტის ბაღები — მდებარეობს ტინტერპალასტსა და ქრისტეს ეკლესიას შორის. თავდაპირველად პატარა პარკი „ტინტერპალასტის ბაღებად“ იწოდებოდა, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელი გადაერქვა.[9] ბაღები ადრე ზეთისხილის პლანტაციას წარმოადგენდა[10] და ზეთისხილის კორომებს დღემდე მოიცავს.[11]
  • ქრისტეს ეკლესია (Christuskirche) — არქიტექტორ გოტლიბ რედეკერის მიერ 1907-1910 წლებში[12][13] აგებული ლუთერანული ეკლესია და ისტორიული ღირსშესანიშნაობა.[14][15]
  • კურტ ფონ ფრანსუას ძეგლი — დაიდგა 1965 წლის 18 ოქტომბერს, გერმანელი გეოგრაფის მიერ ქალაქის დაარსებიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად.[16]
გმირთა აკრის ხედი ზევიდან
  • გმირთა აკრი — დედაქალაქის ცენტრიდან სამხრეთით მდებარე ნამიბიის რესპუბლიკის ოფიციალური ომის მემორიალი, რომელიც 174 სამარხს მოიცავს.[17][18]
  • Reiterdenkmal (ცხენოსნის ძეგლი) — ჰერეროსა და ნამას წინააღმდეგ ომში (1904-1907) გერმანიის იმპერიის გამარჯვების აღსანიშნავად აღმართული ძეგლი.[19] 2013 წლის დეკემბრიდან ძეგლი „ძველი ციხესიმაგრის“ ეზოში გადაიტანეს.[20]
  • ნამიბიის უზენაესი სასამართლოს შენობა — 1994-1996 წლებში აგებული შენობა[21] დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვინდჰუკში აგებული აფრიკული სტილის არქიტექტურის ერთადერთი მაგალითია.[22]
  • Turnhalle (გიმნასიუმი) — ვილჰელმ სენდერის მიერ აგებული ნეოკლასიკური შენობა, რომელიც 1909 წელს გაიხსნა.[23]

უოლფიშ-ბეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჩიტის კუნძულის“ ხედი ნამიბიის სანაპიროდან

უოლფიშ-ბეი(აფრ: ვეშაპის ყურე) სიდიდით ნამიბიის მეოთხე ქალაქი და ქვეყნის უმთავრესი პორტია. გეოგრაფიულად ქალაქი უნიკალურ ადგილას მდებარეობს, სადაც ექსტრემალური ლანდშაფტებია წარმოდგენილი: ქალაქს ერთი მხრივ ნამიბის უდაბნო აკრავს, მეორე მხრივ კი მასიური ლაგუნა და ნავსადგური ატლანტის ოკეანეში. ლაგუნასა და ნავსადგურში არაერთი სახეობის ზღვის ძუძუმწოვარი და ფრინველი ბინადრობს, ხოლო ნამიბის უდაბნოს აქ მცხოვრები არსებების დიდი რაოდენობის გამო ცოცხალ უდაბნოს“ უწოდებენ. ფართო ყურე და ქვიშის დიუნები ნამიბიაში ტურისტული ღონისძიებების მნიშვნელოვანი ცენტრია. ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა შორის აღსანიშნავია:

დიუნი 7
  • „ჩიტის კუნძული“ — უოლფიშ-ბეისა და სვაკოპმუნდს შორის ხელოვნურად შექმნილი პლატფორმა, რომელიც ფრინველთა გამოკვების ფუნქციას ითავსებს (განსაკუთრებით Phalacrocorax capensis-ის სახეობისთვის). პლატფორმაზე დარჩენილ გუანოს კი აგროვებენ და ჰყიდიან.[24][25] კუნძულზე შეგროვებული გუანო რეგიონის სხვა ადგილებში შეგროვებულ გუანოზე მეტი რაოდენობით აზოტს შეიცავს და მაღალი ხარისხისაა.
  • დიუნი 7 — ნამიბიაში მდებარე უმაღლესი, 383 მეტრის სიმაღლის დიუნი.
  • წმინდა მათეს ანგლიკანური ეკლესია — უოლფიშ-ბეის მრევლის სამი ტაძრიდან ერთ-ერთი[26] და ქალაქში არსებული შემორჩენილი სტრუქტურებიდან სიძველით მეორე შენობა.[27]

სვაკოპმუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვაკოპმუნდის ისტორიული ციხე

სვაკოპმუნდი ვინდჰუკიდან 352 კმ-ში მდებარე სანაპირო ქალაქია. ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება 1909 წელს აგებული „ძველი ციხე“ (Altes Gefängnis),[28] Woermannhaus, სადაც დღეისთვის საჯარო ბიბლიოთეკაა განთავსებული, სვაკოპმუნდის მუზეუმი,[29] ნამიბიის ეროვნული საზღვაო აკვარიუმი და შუშის გალერეა. ქალაქში ყავის მაღაზიები, ღამის კლუბები, ბარები და სასტუმროებია მიმოფანტული. სვაკოპმუნდში ტურისტებს საჰაერო ბურთებით გასეირნების, სქაიდაივინგის, კვადროციკლებით გასეირნებისა და საზღვაო კრუიზებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ.

ოჩივარონგო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავაზების კონსერვაციის კვლევის ცენტრი ოჩივარონგოში

ოჩივარონგო (ჰერ: მშვენიერი ადგილი[30]) ნამიბიის ერთ-ერთი მზარდი ქალაქია. ტურისტთა მხრიდან ოჩივარონგოსადმი ინტერესი ქალაქის ვატერბერგის პლატოს პარკთან სიახლოვითაა განპირობებული. ქალაქში განთავსებულია ავაზის კონსერვაციის ფონდი, საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაცია, რომელიც კვლევის, კონსერვაციისა და განათლების მეშვეობით ავაზების უსაფრთხოების გრძელვადიან უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ოჩივარონგოდან 50 მილის მოშორებით მდებარეობს ოკონჯიმა, სადაც „აფრიკული ფონდის“ ავაზებისა და ლეოპარდების რეაბილიტაციის ცენტრია განთავსებული.[31] ქალაქის ზღვარზე „ნიანგის რანჩო“ მდებარეობს, სადაც საფრთხის ქვეშ მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობების საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის შესაბამისად რეგისტრირებული ნილოსის ნიანგის გამრავლების პროგრამები ხორციელდება.[32]

კიტმანსჰუპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიტმანსჰუპის ტაძარი

კიტმანსჰუპი კარასის რეგიონის ქალაქია. მის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის აღსანიშნავია: 1895 წელს აგებული ტაძარი (1978 წლიდან ეროვნული ძეგლი), რომელიც გოთიკური არქიტექტურისა და აფრიკული ქვების უნიკალური კომბინაციის გამო ქვეყნის არქიტექტურული ოსტატობის ნიმუშად ითვლება. 1908 წელს აგებული კიტმანსჰუპის რკინიგზის სადგური და იმპერიის საფოსტო ოფისი.[33] კიტმანსჰუპი კარაულის ჯიშის ცხვრის ფერმერთა საზოგადოების მნიშვნელოვანი ცენტრია.

ლუდერიცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუდერიცი

ატლანტის ოკეანის სანაპირო ქალაქი ცნობილია კოლონიური არქიტექტურით. ქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია:

  • Deutsche Afrika Bank — 1907 წელს აგებული შენობა და ეროვნული ძეგლი.[34]
  • Felsenkirche (ინგ: კლდის ეკლესია) 1912 წელს ბრილიანტის მთაზე აგებული ტაძარი, რომელიც ნეოგოთიკურ არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. ეკლესია ვიტრაჟებითაა მორთული და ერთ-ერთი უძველესი ლუთერანული ტაძარია ნამიბიაში.[35]
  • Glück Auf — 1907-08 წლებში ბრილიანტების კომპანიების იურისტისთვის აგებული შენობა.[34]
  • Goerkehaus — ჰანს გიორკეს, ბრილიანტების ადრეული ქოლგა კომპანიის მენეჯერისა და თანამფლობელის რეზიდენცია.[36][36]

ჰენტის-ბეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰენტის-ბეი ნამიბიის ერონგოს რეგიონის სანაპირო ქალაქია. ქალაქი უმთავრესად მეთევზეთა და 4X4 მანქანებით დაინტერესებული ტურისტების დანიშნულების ადგილს წარმოადგენს.[37] 2016 წლის ოქტომბერში ქალაქში ახალი მულტი-მილიონერული ტურისტული ცენტრი გაიხსნა.[38]

დაცული ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დორობის ეროვნული პარკი

ნამიბიის დაცული ტერიტორიები ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებს მოიცავს. 2010 წლის 1 დეკემბრიდან, დორობის ეროვნული პარკის შექმნის შემდეგ ნამიბია პირველი ქვეყანა გახდა, რომლის მთლიანი სანაპირო ზოლი ეროვნული პარკების ქსელით დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს.[39] ნამიბიის დაახლოებით 19% დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს, რაც საერთო ჯამში 130 000კმ²-ს აღემატება.[40]

ეროვნული პარკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამიბიაში უმთავრეს ტურისტული დანიშნულების ადგილებს ეროვნული პარკები წარმოადგენს:

  • ბვაბვატის ეროვნული პარკი2007 წელს დაარსებული ეროვნული პარკი ნამიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. პარკის ტერიტორია ბოტსვანიდან ანგოლისაკენ აფრიკული სპილოებისა და ზოგიერთი სხვა სახეობის გადაადგილებისას მნიშვნელოვან სივრცეს წარმოადგენს. პარკის ტერიტორიაზე 5 500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ნამიბიის ხელისუფლებამ პარკის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის პროგრამებში ჩართო.[41] ვიზიტორებს პარკის მოსანახულებლად სპეციალური ნებართვის აღება სჭირდებათ და მხოლოდ მონიშნულ გზებზე სიარულის ნებართვა აქვთ. პარკის ტერიტორიაზე სამი თემის ბანაკი მდებარეობს: ნგოაბაკას, ნამბვასა და ბუმ ჰილის. ადგილობრივი თემები პარკის კონსერვაციას და ვიზიტორთათვის საბანაკე ადგილებსაც უწყობენ ხელს. ბვაბვატის ეროვნული პარკის საზღვრებთან რამდენიმე ლოჯი მდებარეობს, ხოლო ტურ-ოპერატორები ტურისტებს მანქანებით, ნავებითა და ფეხით გასეირნების ტურებს სთავაზობენ.[42]
ეტოშას მლაშობი სალვადორას მახლობლად
  • დორობის ეროვნული პარკი (მშრალი მიწა[43]) — პარკის ტერიტორიაზე ტურიზმი, სპორტული და რეკრეაციული აქტივობები (არა მგრძნობიარე გარემოში) არის დაშვებული, მაგრამ ეროვნული პარკის შექმნის უმთავრესი მიზანი კონსერვაციია, რის გამოც არაერთი შემზღუდველი კანონია მიღებული განსაკუთრებით ტურისტებისთვის, სპორტული თუ რეკრეაციული საქმიანობის მოყვარულთათვის.[44] ტურისტებისთის შეზღუდული სივრცეებია გამოყოფილი, რომლებიც ზონებად იყოფა: Damara tern, გამრავლების ადგილები, ხრეშის მცენარეები, მნიშვნელოვანი ფრინველების სივრცეები, კუისების დელტა, სენდვიჩის ნავსადგური, მდინარე სვაკოპი, ტსუმას დელტა, უოლფიშ-ბეის ლაგუნა, ფრინველებზე დაკვირვების სივრცე და ლიქენების მინდვრები.[45]
ციხესიმაგრე „ნამუტონი“
  • ეტოშის ეროვნული პარკი — მდებარეობს ნამიბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. 2010 წელს პარკი 200 000-მა ტურისტმა მოინახულა, ხოლო 2015 წლიდან ტურისტებისთვის ეტოშას დასავლეთი ნაწილიც ღიაა. პარკის ტერიტორიაზე განთავსების საშუალებებს Namibia Wildlife Resorts განაგებს. პარკის შიგნით 5 ადგილას ლოჯებია განთავსებულია, ხოლო 4 ადგილას საკემპინგე ადგილებია მოწყობილი. ყოველი მათგანი ღობეებითაა შემოსაზღვრული.[46] პარკის აღმოსავლეთ ნაწილში ციხესიმაგრე ნამუტონი მდებარეობს, რომელიც თავდაპირველად სამხედრო სადგურის ფუნქციას ასრულებდა, 1957 წელს განახლდა და დღეისთვის ზამთარში პარკის ვიზიტორთათვის დასასვენებელი ბანაკის ფუნქციას ითავსებს. ოკაუკუეჯო ჯერ კიდევ 1897 წელს აიგო, ხოლო დასასვენებელ ბანაკად 1955 წელს გადაკეთდა. ოკაუკუეჯოს რესტორანი, საფოსტო ოფისი, სუვენირების მაღაზიები, ორი საცურაო აუზი და ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, სადაც ვიზიტორებს ყოველდრიური დაკვირვებების ჩანიშვნა შეუძლიათ.
  • ხაუდუმის ეროვნული პარკი — საკმაოდ რთულად მისაღწევი პარკია. მართალია მის ტერიტორიაზე ვიზიტორთა დასაბანაკებელი ადგილები მდებარეობს, მაგრამ 2013 წლიდან პარკი ვიზიტორთათვის დაიხურა.[47]
ანტიკური დიუნები სოსუსფლეის მახლობლად
  • მუდუმუს ეროვნული პარკი — პარკის ირგვლივ სასაზღვრო ღობეები არ არის განლაგებული, რადგანაც პარკი ანგოლის, ბოტსვანის, ნამიბიისა და ზამბიის ველური არსებების ტრანსსასაზღვრო მიგრაციის მნიშვნელოვანი სივრცეა. ყოველწლიურად პარკის ტერიტორიაზე არაერთი ხანძარი ჩნდება, როგორც ბუნებრივად, მეხის დაცემის შემდეგ, ასევე ადამიანების დაუდევრობის გამოც. წვიმიანი ზაფხულის თვეები ხანძრების გავრცელებას ხელს უშლის, მაგრამ მშრალი ზამთრის თვეების დროს ხანძარსაწინააღმდეგო პროგრამების განხორციელებაა საჭირო.[48] პარკის ტერიტორიაზე სასეირნო ბილიკებია მოწყობილი და ფრინველებზე და ცხოველებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. პარკის ტერიტორია რამდენიმე სივრცედ იყოფა, რომლებიც განსხვავებული აქტივობების შესაძლებლობას იძლევა.[49] თუმცა პარკი მალარიის გავრცელების მაღალი რისკის სივრცეში მდებარეობს.
  • ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკი — პარკი აფრიკაში უდიდეს, ხოლო მსოფლიოში სიდიდით მეოთხე სპორტული ნადირობის პარკს წარმოადგენს.[50] პარკის ტერიტორიაზე მდებარე სოსუსფლეი პარკის სახელგანთქმული ზონა და ნამიბიის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.[51] სოსუსფლეი მარილიანი დამშრალი ტბა და მისი შემოგარენია,[52] რომელიც მაღალი წითელი დიუნებითაა გარშემორტყმული. სოსუსფლეიმდე მისვლა სესრიემის კარიბჭის გავლითაა შესაძლებელი.[53] სესრიემის კანიონი მდინარე ცაუჩაბის ირგვლივ დანალექი ქანებითაა შექმნილი. სესრიემმიდან 45 კილომეტრში დიუნი 45 მდებარეობს, რომელიც გზისთან სიახლოვის გამო ფოტოგრაფთა შორის პოპულარულ დიუნს წარმოადგენს. სოსუსფლეიდან 2 კმ-ში დიდფლეი მდებარეობს, რომელიც აკაციის ხეების ოაზისს ქმნის.
იზოლირებული კაპარჭის ხე ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნულ პარკში
  • ჩონჩხის სანაპიროს ეროვნული პარკი — ნამიბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და გემებისთვის ყველაზე მიუწვდომელი სანაპირო აქვს. პარკი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად იყოფა. სამხრეთ სექციაში 4 ბორბლიანი მანქანებით მგზავრობა ნებადართულია უგაბის მდინარის კარიბჭემდე,[54] ხოლო ჩრდილოეთ სექციამდე მიღწევა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტითაა შესაძლებელი.[55] პარკის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ჩაძირული ხომალდების ნაშთები, ჰუაბის ლაგუნა და ნავთობჭაბურღილის ნაშთები.[56]
  • შპერგებიტის ეროვნული პარკი (გერ: აკრძალული სივრცე) — შპრენგებიტი ბრილიანტის მაღაროების ადგილია სამხრეთ-დასავლეთ ნამიბიაში. შპრენგებიტის დიდ ნაწილში საზოგადოებრივი პირები არ დაიშვებიან, გარდა 2004 წელს შექმნილი ეროვნული პარკის ტერიტორიისა.[57] 2008 წელს შპრენგებიტში 500 წლის ხომალდის, Bom Jesus ნაშთები იპოვეს, რომელსაც იბერიის ნახევარკუნძულიდან მონეტები, ბრინჯაოს ზარბაზნები, სპილენძი და სპილოს ძვალი გადაჰქონდა.[58][59] პარკის ტერიტორიაზე არაერთი ქალაქი-მოჩვენება მდებარეობს.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებრივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვითელი უდაბნო

ნამიბის ქვიშის ზღვა — ერთადერთი სანაპირო უდაბნო მთელ მსოლფიოში, სადაც ფართო დიუნებია წარმოდგენილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 2013 წელს შეიტანეს.[60] უდაბნო დიუნების ორი სისტემისგან შედგება: ძველი სისტემისა და მასზე მდებარე ახალი სისტემისაგან, ტურისტებს შორს განსაკუთრებული პოპულარობით კი ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკი სარგებლობს. ნამიბის უდაბნოს ღირსშესანიშნაობებს შორისაა:

კულტურული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის გამოსახულება კლდეზე

ტვიფელფონტეინის ველი ჯერ კიდევ ქვის ხანაში იყო დასახლებული მონადირე-შემგროვებლებით, შემდეგ კი აქ ჰოტენტოტები სახლობდნენ. ძეგლი კლდის მხატვრობის 5 000-ზე მეტ ნიმუშს მოიცავს და კლდეების პეტროგლიფების რაოდენობით აფრიკაში ერთ-ერთი უდიდესი კერაა, რის გამოც 2007 წელს ტვიფელფონტეინის ის ნაწილი, რომელიც კლდის გრავიურებს მოიცავს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს.[63] თავდაპირველად, 1950-იან წლებში კლდის ნახატები მეცნიერულად ენსტ რუდოლფ ჩერციმ შეისწავლა,[64] რომელმაც ქვიშაქვის 212 ფილაზე შესრულებული 2 500-ზე მეტი გრავიურა აღწერა.[65] დღეისთვის კი გამოკვლეული ნახატების რაოდენობა 5 000-ს აჭარბებს.[66] ტურისტებისთვის პოპულარულია არა მხოლოდ კლდის ნახატები, არამედ მახლობლად მდებარე სხვა ღირსშესანიშნაობებიც:

  • ორგანის მილები — დამწვარი მთის მახლობლად მდებარე პატარა ინზელბერგის კლდის ფორმაცია, რომელიც სვეტოვანი ბაზალტებისაგან შედგება და ორგანის მილებს ჰგავს.[67]
  • დამწვარი მთა — ლავის გამყარების შედეგად წარმოქნილი მთა, რომელიც 1956 წლის 15 სექტემბრიდან ნამიბიის ეროვნული ძეგლია.[68]
  • გაქვავებული ტყე — დიაგენეზისის მეშვეობით ქვად ქცეული დიდი ხეების ნაშთები, რომლებიც 1950 წლის 1 მარტიდან ნამიბიის ეროვნულ ძეგლადაა გამოცხადებული.

იუნესკოს არამატერიალური კულტური მემკვიდრეობის ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოშიტუტჰი შომაგონგო, მარულას ხილის ფესტივალი მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ტარდება და 2-3 დღე გრძელდება, რომლის დროსაც ჩრდილოეთ ნამიბიის აავამბოს რვა თემი ერთიანდება ომაგონგოს, მარულას ხილის სასმელის დასამზადებლად. ფესტივალის დაწყებამდე მამაკაცები რქოსანი პირუტყვების რქებიდან იკოლოებს, ხილის დასამუშავებელ სპეციალურ ხელსაწყოებს ამზადებენ. შემდეგ ქალები კალათებსა და ქოთნებს ამზადებენ და მარულას ხილისგან წვენს წურავენ. ფესტივალის დროს ქალები ოჯახურ პრობლემებზე საუბრობენ, ტრადიციულ სიმღერებს მღერიან, კითხულობენ ლექსებს და კალათებისა თუ სამეთუნეო ჭურჭლის დამზადების შესახებ ერთამენთს ცოდნას უზიარებენ.[69]

მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუვისიბის ციხესიმაგრე
  • ძველი ციხესიმაგრე (Alte Feste) — გერმანელების მიერ აგებული ციხესიმაგრე, რომლის მშენებლობაც 1915 წელს დასრულდა,[70] 1957 წლიდან ეროვნულ ძეგლად გამოცხადდა, 1963 წლიდან კი მასში ეროვნული მუზეუმი მოეწყო.[71]
  • დამოუკიდებლობის მემორიალური მუზეუმი — ანტი-კოლონიური წინააღმდეგობისა და ეროვნული განთავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიული მუზეუმი, რომელიც 2014 წლის 21 მარტს, ნამიბიის დამოუკიდებლობის მოპოვების 24 წლისთავზე გაიხსნა.[72]
ომბალანტუს ბაობაბის ხე
  • დუვისიბის ციხესიმაგრე — სამხრეთ ნამიბის რაგიონის ნახევრად არიდულ ბორცვებზე აგებული ციხესიმაგრე. ქვის ოსტატები იტალიიდან, შვედეთიდან და ირლანდიიდან დაიქირავეს, ხოლო მასალის ძირითადი ნაწილი ლუდერიცში გერმანიიდან ჩაიტანეს. სასახლე 22 ოთახისაგან შედგება,[73] ხოლო მის შიგნით განთავსებული მუზეუმი XVIII-XIX საუკუნეების სიძველეების, იარაღებისა და ნახატების კოლექციებს მოიცავს. შენობა დღეისთვის Namibia Wildlife Resorts-ის კონტროლის ქვეშაა და ვიზიტორებს გარემონტებულ საძინებლებში ღამით დარჩენის შესაძლებლობაც აქვთ.[74]
  • ომბალანტუს ბაობაბის ხე — ასევე ცნობილი როგორც „სიცოცხლის ხე“. ოუტაპიში მდებარე დაახლოებით 800 წლის ხე, რომელიც სიმაღლით 28 მეტრი, ხოლო გარშემოწერილობით 26.5 მეტრია.[75] ხის შიგნით 35 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. ნამიბიის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ხე სამლოცველოს, საფოსტო ოფისსა და დასამალ ადგილს წარმოადგენდა. 2004 წლიდან[76] ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი ისტორიისა და ოვამბოს თემში მისი როლის შესახებ ცნობებია გამოფენილი.[77]

არქეოლოგიური ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„თეთრი ქალბატონის“ გამოსახულება
  • გამოქვაბული აპოლო 11 — კარასის რეგიონში მდებარე არქეოლოგიური ძეგლი, რომელსაც სახელი გერმანელმა არქეოლოგმა, ვოლფგანგ ერიხ ვენდტიმ უწოდა 1969 წლი 24 ივლისს, როდესაც აპოლო 11-ის მშვიდობიდანად დაბრუნების შესახებ გაიგო.[78] კლდის მხატვრობის ნიმუშებისა და სხვა ძეგლების გამო გამოქვაბული არქეოლოგიური და სამეცნიერო ტურიზმის მოყვარულთა შორის პოპულარული ადგილია.
  • ǁKhauxaǃnas — ნამიბიაში მდებარე სისტემატურად ჩაფიქრებული და აშენებული უძველესი სტრუქტურა, რომელიც ევროპული სტრუქტურების აგებამდე შეიქმნა. დღეისთვის ძსოფელი დაუსახლებელია.აქ მდებარეობს ეკლესიის ნანგრევები, რომელიც 300 ადმაიანს იტევდა.[79]
  • თეთრი ქალბატონი — ბრანდბერგის მთის სიღრმეში მდებარე კლდის მხატვრობა. ბრანდბერგის მთაზე კლდეებსა და გამოქვაბულებში 1000-ზე მეტი ნახატია აღმოჩენილი. „თეთრი ქალბატონი“ ნახატების ჯგუფს ეწოდება, რომელიც ადამიანებთან ერთად ორიქსებსაც გამოსახავს, თუმცა ყველაზე დეტალიზებული „თეთრი ქალბატონის“ ფიგურაა.[80] აღმოჩენიდან XX საუკუნის დასაწყისამდე ძეგლი რამდენჯერმე დაზიანდა. წლების განმავლობაში ტურისტები ნახატებს წყალს ასხურებდნენ, რათა გამოსახულებები უკეთ გამოჩენილიყო, რამაც გამოსახულებები მალე გააფერმკრთალა. დღეისთვის ძეგლი ნამიბიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა გამოცხადებული და მისი მონახულება მხოლოდ გიდებთან ერთადაა შესაძლებელი. ნახატების უკეთ დაცვის მიზნით ჩანთებისა და ბოთლების ტარება ტურის დასასრულამდე იკრძალება. ბევრი ტურისტის უკმაყოფილების შემდეგ ნამიბიის ხელისუფლებამ მეტალის მავთულხლართი მეტალის ორი ძელით ჩაანაცვლა, რაც ძეგლის უკეთ დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა.

სხვა ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ფიშის კანიონის პანორამა
  • მდინარე ფიშის კანიონი — ნამიბიის სამხრეთში მდებარე აფრიკის მასშტაბით უდიდესი კანიონი და მეორე ყველაზე მონახულებადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნამიბიაში.[81] კანიონი 160კმ-ის სიგრძისა და 27კმ-ზე მეტი სიგანის ხევს მოიცავს, რომლის სიღრმეც დაახლოებით 550 მეტრია. სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სალაშქრო ბილიკი მდინარე ფიშის კანიონის სალაშქრო ბილიკია. ჩვეულებრივ, ბილიკი მდინარე ფიშიდან აი-აისიმდე 88 კმ-ის მარშრუტს მოიცავს და მის დაფარვას 5 დღე სჭირდება. კანიონის ბილიკი სხვადასხვა სირთულისაა და მოლაშქრეებს თავად შეუძლიათ მარშრუტის განსაზღვრა. ლაშქრობის დროს ღიად ცეცხლის დანთება აკრძალულია.[82] წყალდიდობისა და უზომოდ მაღალი ტემპერატურის გამო, რომელიც დღისით 48°C-ს, ხოლო ღამით 30°C-ს აღწევს, კანიონის მონახულება მხოლოდ 1 მაისიდან 15 სექტემბრამდეა შესაძლებელი.[83] ლაშქრობისთვის Namibia Wildlife Resorts-ისგან ნებართვის აღებაა აუცილებელი.[84]
  • ჰობას მეტეორიტი — იმავე სახელწოდების ფერმაში ჩამოვარდნილი მეტეორიტი, რომლის წონაც დაახლოები 60 ტონაა. ჰობას (ჰოტ: საჩუქარი[85]) მიმდებარე ტერიტორია 1987 წლიდან ქვეყნის ხელისუფლებამ ტურისტულ ცენტრად აქცია და დღესდღეობით ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ნახულობს.
კაპარჭის ხეები
  • მუკურობი (ღმერთის თითი) — ნამიბის უდაბნოში, ასაბის მახლობლად მდებარე ქვიშაქვის კლდე, რომელიც1988 წლის 7 დეკემბერს ჩამოიშალა.[86] მუკურობი ძირითადად ქვიშაქვისგან შედგებოდა, 12 მეტრის სიმაღლის, 4.5 მეტრის სიფართის იყო და 450 ტონას იწონიდა, ხოლო მისი ფუძე 3 მეტრის სიმაღლისა და 1.5 მეტრის სიფართის იყო, რაც კლდის იმ მასასთან შედარებით, რასაც იჭერდა, გაცილებით ნაკლებიი იყო. 1988 წლამდე, სანამ კლდე ჩამოიშლებოდა, მუკურობი ნამიბიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო და ტურისტებსა და გეოლოგებს მთელი მსოფლიოდან იზიდავდა. 1955 წელს მინიჭებული ეროვნული ძეგლის სტატუსი მუკურობისთვის ჩამოშლის შემდეგაც არ გაუუქმებიათ.
  • კაპარჭის ხეების ტყე — კიტმანსჰუპიდან 14 კმ-ში მდებარე ტყე და ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომელიც Aloidendron dichotomum-ის, ხის, რომელსაც ადგილობრივები „კაპარჭის ხეს“ უწოდებენ, 250 სახეობას მოიცავს.
  • ǀAi-ǀAis (ჰოტ: ცეცხლივით ცხელი[87]) — მდინარე ფიშის ხეობაში მდებარე ცხელი მინერალური წყლების კურორტი, სადაც გოგირდის თერმული ცხელი წყლის წყაროებია წარმოდგენილი და 1964 წლიდან ეროვნული ძეგლია. წყაროები დღესდღეობით დასვენების ტურიზმის პოპულარული დანიშნულების ადგილია. თერმული წყლები მდიდარია გოგირდით, ქლორიდებითა და ფტორიდებით, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა რევმატიზმით დაავადებული ადამიანებისთვის.[88]ǀAi-ǀAis მდინარე ფიშის კანიონის ხუთდღიანი სალაშქრო ტურის საბოლოო წერტილია.

ფესტივალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლუფუკოს ფესტივალი
  • ლუსატას ფესტივალი — ნამიბიისა და მეზობელი ქვეყნების მაფვეს ტომების უმთავრესი ყოველწლიური კულტურული ფესტივალი, რომელიც ოქტომბრის პირველ კვირას ტარდება.[89] მაფვეს ხალხი ზამბეზის რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი ეთნიკური ჯგუფია. ფესტივალი ტრადიციული ღირებულებების აღნიშვნასა და წარსულის გახსენებას ეძღვნება და სოფელ ჩინჩიმანიში ტარდება (კატიმა მულილოდან 6კმ-ში). დღესასწაულს ზამბიელთა ნაწილიც აღნიშნავს, რის გამოც ნამიბიის მთავრობა შორეული სოფლებიდან, როგორიცაა მალენგალენგა, ლინიატი და სხვ. ხალხის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ზამბიიდან და ბოტსვანიდან არაერთი ადამიანი მოდის მაფვეს ტომის წეს-ჩვეულებების გასაცნობად.
  • ოლუფუკოს ფესტივალი — ოლუფუკო ოშივამბოს ენაზე „ქორწინებას“ ნიშნავს. ყოველწლიური დღესასწაული 2012 წლიდან ოუტაპიში ტარდება.[90][91] ოლუფუკოს ფესტივალი მიზნად ისახავს ტრადიციული კულტურული იდენტობის შენარჩუნებას, დაცვასა და ხელშეწყობას. ფესტივალში 15-დან 20 წლამე გოგონები მონაწილეობენ.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახმელეთო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნამიბიის ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გიდთან ერთად ოთხბორბლიანი ავტომობილების (4x4) ტურებში მონაწილეობა. საუკუთესო მარშრუტებს შორისაა სანაპიროს ტური, რომელიც გიდთან ერთად ლუდერიციდან ვეშაპების ყურემდე უნაყოფო, ქვიშიანი სანაპიროსა და ნამიბის უდაბნოს გამოკვლევის შესაძლებლობას იძლევა.
  • ფრინველებზე დაკვირვება — ნამიბიაში ტურისტებს ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ. ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც ადგილობრივ, ისე მიგრატორ ფრინველებზე დაკვირვება და მათი აღწერაა შესაძლებელი. ადრეულ ზაფხულში ფრინველებზე დაკვირვებისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი სტაბილური წყლის რესურსების მიდამოებია. ეს საქმიანობა როგორც ნამიბიელთა შორის, ისე ტურისტებს შორისაა პოპულარული და ყველაზე ცნობილ დანიშნულების ადგილებს შორისაა: ეტოშის ეროვნული პარკი, ვატერბერგის პლატო, ზამბეზის რეგიონი, ჩრდილოეთის მდინარის სისტემები და სანაპირო ზოლიც. იშვიათ ენდემურ სახეობებზე დაკვირვებისთვის შესაბამისი ადგილი ნამიბის უდაბნოა.
  • ნამიბიის ტერიტორიაზე 120-ზე მეტი გამოქვაბულია აღმოჩენილი. ყველაზე ცნობილი გამოქვაბული 4800 მეტრის სიგრძის არნჰემის მღვიმეა. გამოქვაბული მშრალია და მასში მეორეული ფორმაციები არ გვხვდება. მღვიმის გამოსაკვლევად ვიზიტორებს მხოლოდ ჩირაღდნებისა და სანათი ხელსაწყოების გამოყენების უფლება აქვთ და მტვვრისგან დმცავი ნიღბების გამოყენებასაც ურჩევენ. გამოქვაბულში 6 სახეობის ღამურები ბინადრობენ, მათ შორის დიდი ცხვირფოთოლასებრი ღამურაც. რადგანაც ღამურებს დიდი ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვთ, ვიზიტორებს აფრთხილებენ, რომ ფრთოსან ძუძუმწოვრებს არ ავნონ, განსაკუთრებით წვიმების სეზონის დროს, როდესაც ღამურების გამრავლების პერიოდია. ქვეყნის ეროვნული ძეგლისა და სიდიდით მესამე გამოქვაბულის, გაუბის მღვიმისაკენ ტურები ეწყობა გჰაუბის სასტუმრო ფერმიდან. პროფესიონალ და კარგად აღჭურვილ პირვებს დრაკონის სუნთქვის გამოქვაბულში ყვინთვაც შეუძლიათ.
  • ნამიბიაში გამძლეობის გამოსაცდელი ტურებიც ეწყობა. სარბოლო გზები რეგიონების, სიგრძისა და სირთულის მიხედვით განსხვავდებადა განსაკუთრებით პოპულარულია სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს შორის. სპიცკოპეს ტურები ველო და სარბენ ტურებს მოიცავს და ყოველი წლის სექტემბერში ტარდება. ღონისძიება ნახევარ-მარათონს, სასეირნო ტურებსა და 25 და 70 კმ-ის სიგრძის ველო ტურებს მოიცავს. Namib Desert Challenge 228 კმ-ის გზას მოიცავს. შეჯიბრი უმმაღლესი გამძლეობის ულტრა-რბოლის ხუთ ეტაპს მოიცავს, რომლის დროსაც მონაწილეები თავად აგვარებენ საკვების საკითხს. შეჯიბრი მარტში ტარდება და მასში მხოლოდ 80 ადამიანი მონაწილეობს. ნამიბიაში აპრილში ნამიბიის 24 საათიანი ულტრა მარათონი ტარდება. Lucky Star Marathon ყოველწლიურად ოქტომბერში ტარდება სანაპირო ქალაქებს, სვაკოპმუნდსა და უოლფიშ-ბეის შორის დამიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.
  • ნამიბიის გეოლოგია არქაული ხანიდან ფანეროზოულ ხანამდე პერიოდს მოიცავს. ნამიბიის ტურ-ოპერატორები ტურისტებს ისეტ ტურებს სთავაზობენ, რომლებიც მთლიანად ქვეყნის გეოლოგიაზეა ფოკუსირებული.
  • მთამსვლელობა — ზაფხულში მაღალი ტემპერატურის, რთული რელიეფისა და წყლის ნაკლებობის გამო, მთამსვლელთა ტურები ნამიბიაში ფრთხილად იგეგმება.
  • ცხენით ჯირითი — ნამიბიაში ცხენით საჯირითო არაერთი ტურია. დიდი თევზის მდინარის კანიონის ტური სამი პარკის: თევზის მდინარის კანიონის პარკის, გონდვანას პარკისა და აუსერნკეჰრის პარკის ტერიტორიაზე გადის. ბილიკის გავლას სამდღენახევარი სჭირდება და ზებრების ბილიკებს, სავანებსა და კლდოვან ფორმაციებს მოიცავს. Damara Elephant Ride ექვსდღენახევარი გრძელდება, რომლის დროსაც მხედრებსუდაბნოს ჰაბიტატში სპილოების, ჟირაფებისა და მარტორქების ახლოდან ნახვის შესაძლებლობა, ანტიკური კრატერებისა და პრეისტორიული ხანი ნაშთების დათვალიერების შესაზლებლობა აქვთ.
  • ნამიბიაში ტურისტებს კლდეებზე ცოცვის შესაძლებლობაც აქვთ. ამ საქმიანობით დაკავებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი სპიცკოპეა.
  • მთელ მსოფლიოში ჩილესთან და ჰავაისთან ერთად ნამიბია პირველ სამ ტურისტულ დანიშნულების ადგილს შორისაა ვარსკვლავებზე დაკვირვებისა და შესწავლის მხრივ. უღრუბლო ღამის ცა, განსაკუთრებით მშრალი ზამთრის დროს, ხელოვნური სინათლისა და ჰაერის დაბინძურების მინიმალური დონე და სამხრეთის თანავარსკვლავედების შესანიშნავი ხედი ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ბევრი ლოჯა საშუალო ზომის ტელესკოპებს მოიცავს, რომლებიც სტუმრებს ვარსკვლავებზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს.
  • კემპინგი — უკანასკნელ პერიოდში მოგზაურებს უფრო და უფრო ხშირად სთავაზობენ კემპინგ-არდადეგებს, რომლებიც ტურისტებს შედარებით იაფად მონახულების შესაძლებლობას აძლევს. კემპინგი მოგაურებს ნამიბიის გამოუკვლეველი ნაწილის აღმოჩენისა და ბუნებასთან სიახლოვის საშუალებაა.

ქვიშის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვადროციკლით გასეირნება — სვაკოპმუნდისა და უოფიშ-ბეის ირგვლივ გასაკუთრებით პოპულარუ გახდა კვადროციკლის ტურებიი. კვადროციკლებით ქვიშის იმ დიუნებზე ასვლაა შესაძლებელი, რომელსაც 4X4 მანქანები ვერ აღწევენ. თუმცა ქვიშის დიუნებზე კვადროციკლების გამოყენებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობებიც არსებობს, რადგანაც დიუნები ცხოველთა ზოგიერთი იშვიათი სახეობისა და მცენარეების სახლია. კვადროციკლების ტურებით განსაკუთრებით სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარული ადამიანები ინტერესდებიან.
  • ქვიშის სერფინგი — მსოფლიოს უძველეს უდაბნოში სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ქვიშის დიუნებია. ნამიბიაში ტურისტებს ქვიშის დიუნებზე სპეციალური სერფინგის დაფით დაშვების შესაძლებლობა აქვთ. ეს საქმიანობა განსაკუთრებით პოპულარულია სნოუბორდითა და სერფინგით გატაცებულ ტურისტებს შორის. ქვიშის სერფინგი ყველაზე ემტად სვაკოპუნდისა და უოლფიშ-ბეის მიდამოებშია განვითარებული.

საწყლოსნო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კატამარანი — ნამიბიაში ტურისტებს კატამარანით გასეირნების შესაძლებლობა აქვთ. ტურის დროს ვიზიტორებს პელიკანებთან შეხვედრა და გამოკვება გამოკვება შეუძლიათ. უოლფისშ-ბეის ყურის ტური ჩაძირული გემების, შუქურის, ხამანწკების, სხვადასხვა სახეობის ფრინველისა და ზღვის სამყაროს დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, ტურის დროს სამხრეთული, კუზიანი და მკვლელი ვეშაპების შემჩნევაცაა შესაძლებელი.
  • დელფინის კრუიზი — დასავლეთ სანაპიროსთვის დელფინები ენდემური სახეობაა და მათი ნახვა 99%-ითაა შესაძლებელი, ხოლო დიდი ატლანტიკური ბოთლცხვირასა და მუქი დელფინის ნახვა უფრო იშვიათია. დელფინთა კრუიზი უოლფიშ-ბეიში Mola Mola Safaris-ის მიერ ეწყობა. Levo Tours ტურისტებს დელფინებია და სელაპების ტურებს სთავაზობს, რომლებიც 4 საათი გრძელდება.
  • კანოეთი ცურვა, კაიაკით ცურვა და რაფტინგი — უოლფიშ-ბეიში რაფტინგისათვის ხელსაყრელი პირობებია. ოკავანგოსა და კუნენეზე კი კანოეთი ცურვაა შესაძლებელი. ოჯახებისთვის რაფტინგისთის ხელსაყრელი მდინარე ორანჟია, რადგანაც ის უფრო მშვიდადმიედინება, ვიდრე კუნენე. ორანჟზე ოთხ და ექვსდღიანი კანოეს ტურები ეწყობა.
  • ყვინთვა — ნამიბიაში ყვინთვისთვის სპეციალური აღჭურვილობა და უნარებია საჭირო. სანაპირო დარღვეულია, ზღვის ტემპერატურა კი 9-დან 17 გრადუსამდე მერყეობს და მხედველობა ნახევარ მეტრამდეა შემცირებული, ხოლო ყველაზე კარგ შემთხვევაში - 3 მეტრამდე. ყვინთვისთვის ტბებიც გამოიყენება.
  • ვინდსერფინგი — ვინდსერფინგისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილები უოლფიშ-ბეი და ლუდერიცია. ლუდერიცი ყოველზლიურ შეჯიბრს Luderitz Speed Challenge-ს მასპინძლობს. 2012 წელს ამ ღონისძიებაში 16-მა სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა და სამი მსოფლიო რეკორდი მოიხსნა.
  • კიტსერფინგი — ნამიბიაში ყველაზე ექსტრემალური საწყლოსნო სპორტი კიტსერფინგია. სპორტის ამ სახეობის შესაბამისი ქარის პირობები ყოლფიშ-ბეისა და ლუდერიცშია. ამ უკანასკნელში დამწყებთათვის სპეციალური სკოლაცაა გახსნილი.

საჰაერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრენა — ვიზიტორთა შორის საფრენი ადგილებიდან ბითერვასერის ლოჯა გამოირჩევა, რომელიც კალაჰარის უდაბნოს საზღვარზე ხელუხლებელი ბუნების დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს. ნამიბიაში პლანერით და მოტორიზებული თვითმფრინავეებით ფრენა სხვადასხვა ადგილასაა შესაძლებელი. საჰაერო ბურთით გასეირნება პოპულარულია ფოტოგადაღების მოყვარულთა შორის. პილოტები რადიოთი ხმელეთთან მუდმივ კონტაქტსამყარებენ.
  • „სქაიდაივინგი“ — ნამიბიაში „სქაიდავივინგის“ ცენტრები ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან ფუნქციონირებს. სვაკოპმუნდში ორი კლუბია, რომელიც ტურისტებს პროფესიონალურ სავარჯიშო მომსახურებას სთავაზობს.
  • პარაპლანით ფრენა — ჩვეულებრივ, ნამიბიაში პარაპლანით გიდთან ერთად ეშვებიან, რომელმაც ნამიბიის საფრენი ადგილები და პირობები კარგად იცის. ფრენის საუკეთესო პერიოდი სექტემბრიდან მარტამდეა.

თემზე დაფუძნებული ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამიბია პირველი ქვეყანაა რომელმაც გარემოს დაცვა კონსტიტუციაში შეიტანა. ვალდებულების შესაბამისად მალე თემებზე დაფუძნებული ტურისტული ადგილები შეიქმნა, რამაც ადგილობრივ თემებს ეკონომიკური და სოციალური სარგებელი მოუტანა. თემზე დაფუძნებული ტურიზმის ყველაზე ცნობილი ადგილებია:

  • ნგომას სახელოსნო ცენტრი — ნგომას სახელოსნო ცენტრის მოხალისეთა ასოციაცია კატიმა მულილოს აღმოსავლეთის ერთობების კულტურის ნიმუშების შექმნასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ცენტრში ასზე მეტი ადამიანია, მათ შორის მეთუნეები, მეკალათეები და ხელოსნები.
  • შეშეს სახელოსნო ცენტრი — ნკასა ლუპალას ერონული პარკის შესასვლელში, სოფელ სანგვალიში მდებარეობს. შეშეს სახელოსნო ცენტრში ძირითადად პარკის ჩრდილოეთით მოსახლე თემების მიერ შექმნილი პროდუქციაა წარმოდგენილი. ახალი ცენტრი 2013 წელს გაიხსნა.

ნადირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დიდი ხუთეული“

ნამიბია აფრიკის ერთ-ერთი მთავარი სამონადირეო დანიშნულების ადგილია. სამონადირეო სივრცეები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილშია. ნადირობასთან დაკავშირებით ნამიბიაში მკაცრი კანონებია და ყველა სამონადირეო ფერმის გარემოსა და ტურიზმის სამინისტროში რეგისტრაციას მოითხოვს. ნადავლის მოპოვების მიზნით ნადირობა (Trophy hunting) თებერვალსა და ნოემბერშია შესაძლებელი. ნამიბიის გარემოს დაცვის განკარგულების მიხედვით ნადირობის ოთხი კატეგორია არსებობს: Huntable game — მოიცავს კუდუებს, ორიქსებს, სპრინგბოკებს, მეჭეჭებიან ღორებსა და გარეულ ღორებს. ნადირობის სეზონი აპრილსა და აგვისტოს მოიცავს. Specially protected game მოიცავს სპილოებს, ჰიპოპოტამებს, იმპალაებს, ზებრებს. Protected game კატეგორია ლომებს, ლურჯ გნუებს, ლიჩებს, კანებს, ავაზებს, ცხენისებრ ანტილოპას, სიასამურს, სტენბოკსა და ტოპს.მეოთხე კატეგორია - Huntable game birds - იმ ფრინველებს განსაზღვრავს, რომელთა მონადირებაცაა ნებადართული. სახეობების მიხედვით განსაზღვრულია ნანადირევის რაოდენობა და ნადირობის სეზონებიც. ნამიბიაში ტურისტებს მშვილ-ისრებით ნადირობის უფლება აქვთ. გარემოსა და ტურიზმის სამინისტრომ ზოგიერთ ფერმას ამ ფორმით ნადირობის უფლება მისცა. მშვილდით ნადირობაში ბუშმენები არიან დაოსტატებული.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამიბიის ტურიზმის სტატისტიკა 2012-2013 წლებში
დასვენების ტურისტთა სტატისტიკა 2012-2013 წლებში
ტურისტული მიმართულებებისა და სატრანსპორტო საშულებების სტატისტიკა 2012-2013 წლებში

2010 წელს ნამიბიას 984 000 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო 2016 წელს 1 469 000 საერთაშორისო ტურისტი, რაც წინა წელთან შედარებით 5.8%-ით მეტი იყო.[92] მსოფლიო ეკონომიკური ფორმუს მონაცემებით, 2017 წელს ნამიბია 1 388 000-მა საერთაშორისო ტურისტმა მოინახულა. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 378 000 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 272.3$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მთლიანი შიდა პროდუქტი 373.9 მილიონ $-ს გაუტოლდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ია. ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიაში 28 792 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 3.6%-ს შეადგენს.[93]

ვიზიტორთა სტატისტიკა 2013-2016 წლებში ქვეყნების მიხედვით:[94]

ქვეყანა 2016 2015 2014 2013
ანგოლის დროშა ანგოლა 420,763 492,866 519,191 477,828
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 355,391 381,854 329,850 317,563
ზამბიის დროშა ზამბია 240,117 168,899 167,407 167,044
გერმანიის დროშა გერმანია 124,152 93,939 91,900 84,121
ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე 87,181 78,205 67,809 62,778
ბოტსვანის დროშა ბოტსვანა 54,960 50,908 40,311 36,556
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 32,712 27,365 29,016 25,351
აშშ-ის დროშა აშშ 28,659 26,339 25,291 21,884
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 23,794 20,598 20,549 16,837
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 20,596 14,539 12,015 10,782
ჯამი 1,574,148 1,519,618 1,477,593 1,372,602

კონკურენტუნარიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (3.6 ქულა) ნამიბია მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 82 ადგილზე იმყოფება, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით (3.7 ქულა) ნაკლებია და ნამიბიამ საერთო ჩათვლაში 12 ადგილით ქვევით დაიწია. [95] სუბსაჰარული აფრიკის ქვერეგიონის მასშტაბით ნამიბიაზე უკეთესი შედგი მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას (53-ე ადგილი)[96] მავრიკსა (55-ე ადგილი)[97] და კენიას (მე-80 ადგილი)[98] აქვს.

მაჩვენებელი ქულა ადგილი[99] მაჩვენებელი ქულა ადგილი[100]
ბიზნეს გარემო 4.9 38 ფასების კონკურენტუნარიანობა 5.4 30
უსაფრთხოება და დაცულობა 5.2 82 გარემოსდაცვითი მდგრადობა 3.9 92
ჯანმრთელობა და ჰიგიენა 3.5 117 საჰაერო ტრანსპპორტის
ინფრასტრუქტურა
3.0 58
ადამიანური რესურსები
შრომის ბაზარი
4.1 106 სახმელეთო და საზღვაო
ინფრასტრუქტურა
3.2 66
ინფორმაციული/კომუნიკაციური
ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა
3.9 90 ტურისტული მომსახურების
ინფრასტრუქტურა
4.0 73
მოგზაურობისა და ტურიზმის
პრიორიტიზაცია
4.6 61 ბუნებრივი რესურსები 3.8 40
საერთაშორისო ღიაობა 2.7 92 კულტურული რესურსები
ბიზნეს მოგზაურობა
1.2 127

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hartman, Adam. “Tourism in good shape - Minister“, 30 September 2009. 
  2. Namibia gets top tourist accolade Archived 2010-12-25 საიტზე Wayback Machine. The Namibian, 22 December 2010
  3. Kisting, Denver. “Namibia gets top tourist accolade“, 22 December 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან - 25 December 2010. 
  4. Visa Requirements for Foreigners Travelling to Namibia Archived 2011-07-04 საიტზე Wayback Machine. Ministry of Foreign Affairs, Republic of Namibia
  5. Survey (PDF).
  6. Hospitality Association of Namibia. წაკითხვის თარიღი: 2015-12-08.
  7. In defence of the Parliament (National Assembly) Building“, Windhoek Observer, 19 March 2014. წაკითხვის თარიღი: 15 October 2016. 
  8. Namibia Tourist Attractions and Sightseeing. წაკითხვის თარიღი: 15 October 2016.
  9. Olivier, Willie; Olivier, Sandra (2006) African Adventurer's Guide to Namibia. Struik, გვ. 110. წაკითხვის თარიღი: 16 October 2016. 
  10. Lang, Rachel. Cruising through colourful Katutura. Africa Geographic. წაკითხვის თარიღი: 16 October 2016.
  11. Tintenpalast. Lonely Planet. წაკითხვის თარიღი: 15 October 2016.
  12. Oermann, Nils Ole (1999) Mission, Church and State Relations in South West Africa Under German Rule (1884-1915). Franz Steiner Verlag, გვ. 122. წაკითხვის თარიღი: 15 October 2016. 
  13. Walther, Daniel Joseph (2002) Creating Germans Abroad: Cultural Policies and National Identity in Namibia. Ohio University Press, გვ. 99. წაკითხვის თარიღი: 15 October 2016. 
  14. Christuskirche in Windhoek. წაკითხვის თარიღი: 15 October 2016.
  15. Bause, Tanja. “Landmark church celebrates centenary“, 24 May 2010. 
  16. “Windhoek erhielt heute Stadtrechte“, 18 October 1965. (German) 
  17. Windhoek City Council: Archived 2008-04-12 საიტზე Wayback Machine. What to see, National Monuments in Windhoek
  18. Heroes' Acre Monument Namibia. Namibia-travel.net. დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 June 2010. წაკითხვის თარიღი: 8 December 2010.
  19. Bause, Tanja. “Monument's centenary remembered“, 30 January 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 December 2012. 
  20. Steynberg, Francoise. “Ruiter val op heiligste dag“, Die Republikein, 27 December 2013. (Afrikaans) დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 July 2014. 
  21. Windhoek Supreme Court. Windhoek Consulting Engineers. წაკითხვის თარიღი: 24 November 2010.
  22. Windhoek on Foot. Venture Publications. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 December 2012. წაკითხვის თარიღი: 24 November 2010.
  23. Vogt, Andreas. “100 years Turnhalle • From gymnasium to Tribunal“, 18 December 2009. 
  24. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-30. წაკითხვის თარიღი: 2009-10-12.
  25. The online guide to Namibia: Guano. NamibWeb.com. წაკითხვის თარიღი: 2016-10-01.
  26. Parish: Walvis Bay: St Mathew, St Saviours & Holy Redeemer. Anglican Church of Southern Africa. წაკითხვის თარიღი: 15 October 2016.
  27. St Matthew's Church faces gloomy end“, The Namibian, 20 September 2008. წაკითხვის თარიღი: 15 October 2016. 
  28. Alte Gefängnis at Lonely Planet
  29. Swakopmund Museum en-GB. Scientific Society Swakopmund. წაკითხვის თარიღი: 2017-12-17
  30. Viljoen, J.J.; Kamupingene, T.K. Otjiherero woordebook / dictionary / embo romambo. Gamsberg, გვ. 59. ISBN 0868481955. 
  31. Jackman, Brian. BBC - Science & Nature - Articles - Big cat watching in Africa. www.bbc.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2008-03-19. წაკითხვის თარიღი: 2008-03-17.
  32. Otjiwarongo Namibia. The Cardboard Box Travel Shop. წაკითხვის თარიღი: 9 April 2012.
  33. von Schmettau, Konny. “Aus "ǂNuǂgoaes" wird Keetmanshoop“, Allgemeine Zeitung, Tourismus Namibia monthly supplement, 28 February 2013, გვ. 10. (German) 
  34. 34.0 34.1 Tjihenuna, Theresia. “Three new heritage sites proclaimed“, 2 September 2014. 
  35. Bause, Tanja. “Lüderitz church celebrates centenary“, 21 May 2012. 
  36. 36.0 36.1 von Schmettau, Konny. “Lüderitzbucht: Gründer- und Diamantenstadt“, Allgemeine Zeitung, Tourismus Namibia monthly supplement, 28 February 2013, გვ. 6. (German) 
  37. Henties Bay Namibia. Namibia 1on1. წაკითხვის თარიღი: 24 December 2010.
  38. New Tourism Information Centre inaugurated. Henties Bay Tourism Association (12 October 2016).
  39. Dusenbery, Kelly. Namibia. natureneedshalf.org. წაკითხვის თარიღი: 5 May 2013.
  40. Protected Areas. Ministry of Environment & Tourism.
  41. Ministry of Environment and Tourism, Namibia: State of Protected Areas in Namibia 2011
  42. Archived copy. წაკითხვის თარიღი: 2012-12-19
  43. Shangula, K.. Dorob National Park. Henties Bay Tourism Association. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-08-29.
  44. Dorob National Park. Travel News Namibi.com. წაკითხვის თარიღი: 6 May 2013.
  45. A park of extremes – Dorob National Park. Travel News.Com (2 August 2012). წაკითხვის თარიღი: 6 May 2013.
  46. Etosha National Park: Guidebook to the Waterholes and Animals. Timothy Osborne, Wilferd Versveld, Paul van Schalkwyk. 2003
  47. Khaudum National Park closed. TourBrief.com, 21 May 2013 checked on 22. May 2013
  48. (2010) State of Protected Areas in Namibia. Windhoek, Namibia: Ministry of Environment and Tourism, Namibia, გვ. 172. 
  49. (2009) {{{title}}}. Windhoek, Namibia: Ministry of Environment and Tourism, გვ. 4. 
  50. Namib Naukluft Park
  51. Sossusvlei. Sossusvlei. წაკითხვის თარიღი: 2012-12-26.
  52. Deadvlei. Atlasobscura.com. წაკითხვის თარიღი: 2012-12-26.
  53. Sesriem Canyon, Namibia
  54. Skeleton Coast Park. Republic of Namibia - Ministry of Environment and Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-06-05.
  55. Cadwalladr, Carole. Namibia’s Skeleton Coast. Financial Times. January 25, 2018.
  56. The photographs of Skeleton Coast National Park, October 2017. independent-travellers.com. წაკითხვის თარიღი: January 30, 2018.
  57. Hardy, Paula (2007). Lonely Planet Botswana & Namibia. Lonely Planet, გვ. 358. ISBN 1-74104-760-9. წაკითხვის თარიღი: 2008-05-23. 
  58. See german Page Bom Jesus
  59. John Grobler. (2008-05-04) The body and loot of Dias?. Mail & Guardian. წაკითხვის თარიღი: 2008-05-24.
  60. World Heritage Committee inscribes two new natural sites from China and Namibia on UNESCO WorldHeritage List. (12 ივნისი. 2013). World Heritage Comittee.
  61. Skeleton Bay – The Miracle Mile? Archived 2015-12-22 საიტზე Wayback Machine. carvemag
  62. von Schmettau, Konny. “Usakos-Kurze Blüte, schneller Fall“, Allgemeine Zeitung, Tourismus Namibia monthly supplement, 28 February 2013, გვ. 9. (German) 
  63. Twyfelfontein or ǀUi-ǁAis. UNESCO (28 June 2007).
  64. Dierks, Klaus. Chronologie der Namibischen Geschichte 1916-18 German. წაკითხვის თარიღი: 3 Aug 2010.
  65. Vogt, Andreas (2004). National Monuments in Namibia, 1st, Gamsberg Macmillan, გვ. 35–37. ISBN 99916-0-593-2. 
  66. Thomas, Dowson (2007). "Grave engravings". The UNESCO Courier (UNESCO) (6): 4–5. ISSN 1993-8616. http://unesdoc.unesco.org/images/0018/001894/189455e.pdf.
  67. Organ Pipes and Burnt Mountain at www.myguidenamibia.com. Retrieved 3 Dec 2017.
  68. Burnt Mountain at www.namibian.org. Retrieved 30 Nov 2017.
  69. Oshituthi shomagongo, marula fruit festival. UNESCO Culture Sector. წაკითხვის თარიღი: 2015-08-29.
  70. “Die Alte Feste soll nicht sterben“, Allgemeine Zeitung, reprint on 11 Sept 2012, 11 September 1962. (German) 
  71. Windhoek, Namibia - TravelButlers.com
  72. Pohamba, Hifikepunye (20 Mar 2014). Statement by His Excellency Dr Hifikepunye Pohamba, President of the Republic of Namibia on the Ocassion [sic of the Inauguration of The Genocide Memorial Statue, The Sam Nujoma Statue and The Independence Memorial Museum]. Windhoek, Namibia: Republic of Namibia. წაკითხვის თარიღი: 2016-09-17. 
  73. Alan Murphy, Kate Armstrong, James Bainbridge, Matthew D. Firestone. Lonely Planet South Africa. Lonely Planet, 2010, p. 366-368.
  74. Duwisib Castle. Namibia Wildlife Resors
  75. Bause, Tanja. “Namibia: History of the Ombalantu Baobab Tree“, 31 August 2010. 
  76. Amukwaya, Yvonne. “The Baoba tree, Outapi's gold mine“, Focus on the North supplement, page 7, 21 August 2014. 
  77. North (Omusati): Ombalantu Baobab Tree Heritage Centre and Campsite. Namibia Travel Online. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 May 2011. წაკითხვის თარიღი: 16 March 2011.
  78. Wiebke Schmidt: Auf den Spuren der ältesten Kunst. Archived 2013-10-04 საიტზე Wayback Machine. Allgemeine Zeitung, May 2, 2008
  79. Dierks, Klaus. "Chapter 2: The Rediscovery of ǁKhauxaǃnas", ǁKhauxaǃnas. წაკითხვის თარიღი: 30 September 2010. 
  80. Henri Breuil, (1948) The White Lady of the Brandberg: Her Companions and Her Guards, «South African Archaeological Bulletin»
  81. Matador Trips - 27 of the deepest canyons you can experience.
  82. Ministry of Environment and Tourism - Hiking the Fish River Canyon: Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2016-03-04. წაკითხვის თარიღი: 2012-09-16.
  83. Ministry of Environment and Tourism - Ai-Ais-Richtersveld Transfrontier Park: Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2015-12-24. წაკითხვის თარიღი: 2012-09-16.
  84. Namibia Wildlife Resorts (NWR): http://nwr.com.na Archived 2018-09-02 საიტზე Wayback Machine.
  85. Cassidy, Joseph (2009). Place Names of Namibia A Historical Dictionary. Windhoek: Macmillan Education Namibia Publishers (Pty) Ltd, გვ. 37. ISBN 978-99916-0-654-5. 
  86. McIntyre, Chris. Namibia: the Bradt travel guide, 3, Bradt Travel Guides, გვ. 191. ISBN 978-1-84162-187-6. 
  87. Raper, Peter E. (1987). Dictionary of Southern African Place Names. Internet Archive, გვ. 54. წაკითხვის თარიღი: 28 August 2013. 
  88. Swaney, Deanna (1995). Lonely Planet: Zimabawe, Botswana & Namibia. 2nd Edition. Published by Hawthorn, Vic.
  89. Tashaya, Clemence. “Mafwe prepares to celebrate their annual "Lusata" cultural festival“, 5 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 July 2011. 
  90. Official Opening of Olufuko Festival 2012 by H.E. Dr. Sam N. Nujoma. Outapitc.org.na. წაკითხვის თარიღი: 2012-11-10.
  91. About Olufuko. Outapitc.org.na. წაკითხვის თარიღი: 2012-11-10.
  92. World Tourism Organization. (2018). UNWTO Tourism Highlights, 2018 edition. UNWTO, Madrid, DOI: httpa://doi.org/10/18111/9789284419876. გვ. 18.
  93. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. (2017). World Economic Forum. Geneva. ISBN-13: 978-1-944835-08-8. გვ. 252.
  94. Tourist Statistical Report 2016
  95. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. (2017). World Economic Forum. Geneva. ISBN-13: 978-1-944835-08-8. გვ. 252.
  96. იქვე, გვ. 304.
  97. იქვე, გვ. 238.
  98. იქვე, გვ. 204.
  99. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. (2017). World Economic Forum. Geneva. ISBN-13: 978-1-944835-08-8. გვ. 253.
  100. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. (2017). World Economic Forum. Geneva. ISBN-13: 978-1-944835-08-8. გვ. 253.