ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური
ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური — ჰიდროელექტროსადგურის კასკადის პროექტი მდინარე რიონზე, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ცაგერის (რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე) და წყალტუბოს (იმერეთის მხარე) მუნიციპალიტეტებში. ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მოიცავს ორი კაშხლის მშენებლობას და, შესაბამისად, ორი წყალსაცავის შექმნას. ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის მიხედვით, დაგეგმილია მდ. რიონის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისება ზღვის დონიდან 357 მ და 205 მ ნიშნულებს შორის. საპროექტო არეალი მოიცავს მდ. რიონის ხეობის იმ ნაწილს, რომელიც მოქცეულია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ალპანასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ჟონეთს (ლაჯანური ჰესის ქვედა ბიეფი და გუმათი 1 ჰესის ზედა ბიეფი) შორის.
პროექტის მიხედვით, ჰესების კასკადის შემადგენლობაში იქნება ზემო ნამახვანი ჰესი (ასევე ცნობილი როგორც „ტვიში ჰესი“) და ქვემო ნამახვანი ჰესი (ასევე ცნობილი როგორც „ნამახვანი-ჟონეთი ჰესი“). პროექტის მიხედვით კასკადის დადგმული სიმძლავრე ჯამურად შეადგენს 433 მგვტს, მათ შორის ქვემო ნამახვანი ჰესის 333 მგვტ და ზემო ნამახვანი ჰესის 100 მგვტ. პროექტის მიხედვით, მოცემული ჰიდროელექტროსადგური შეძლებს 1,5 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიის გამომუშავებას წელიწადში წელიწადში, რაც მაგალითად 2019 წელს, საქართველოს ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების (13.5 ტერავატი საათი) 11 პროცენტს შეადგენს. საპრექტო დოკუმენტაციის მიხედვით ზემო ნამახვანის წყლის რეზერვუარის ფართობი იქნება 1.0 კვადრატული კილომეტრი, ხოლო ქვემო ნამახვანის წყლის რეზერვუარის ფართობი 5.1 კვადრატული კილომეტრი იქნება.[1] მიუხედავად რეზერვუარის დიდი ფართობისა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის წყალსაცავი საქართველოში პირველად არ ხორციელდება. მაგალითად, ჯვრის წყალსაცავის ფართობი 13.5 კვადრატული კილომეტრია, ხოლო გალის წყალსაცავის - 8.2 კვადრატული კილომეტრი. ჟინვალის წყალსაცავის ფართობი, რომლის დადგმული სიმძლავრე 130 მეგავატია და ყოველწლიურად 330 მილიონ კილოვან საათს გამოიმუშავებს, 11.5 კილომეტრია, ხოლო სიონის წყალსაცავის - 12.8 კვადრატული კილომეტრი.
პროექტის კონცეფციას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, თუმცა 80-იან წლების ბოლოს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, აღნიშნული პროექტი აღარ განხორციელებულა. დროთა განმავლობაში ნამახვანჰესის პროექტის ფარგლებში განიხილებოდა სხვადასხვა ალტერნატივები, მათ შორის ერთი კაშხლის, ორი კაშხლის და სამი კაშხლის ალტერნატიული ვარიანტები. მოცემული ალტერნატივებიდან თითოეულს გააჩნდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მაგალითად, ერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შემთხვევაში, მართალია მნიშვნელოვნად მცირდება წყალსაცავის მოსაწყობად საჭირო დასატბორი ტერიტორიის მოცულობა, აუცილებელი ხდება გრძელი (20 კმ-ზე გრძელი) გვირაბის მოწყობა, რასაც თავისი უარყოფითი მხარე აქვს როგორც გარემოზე ზემოქმედების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მხრივ. 20 კმ-ზე უფრო გრძელი გვირაბის მშენებლობა ასევე მნიშვნელოვნად აძვირებდა პროექტის საინვესტიციო მოცულობას. ამავდროულად, სამი ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა კასკადის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, ისევე როგორც დატბორილი დასახლებული ტერიტორიების რაოდენობა. იმის გათვალისწინებით, რომ სამივე ალტერნატივის შემთხვევაში, კასკადის მიერ გენერირებული ელექტროენერგიის მოცულობა თითქმის იდენტურია, საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა ორი სადგურის მქონე კასკადის პროექტზე. კასკადის ფარგლებში ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ალტერნატივა სამი ვარიანტიდან წარმოადგენს ყველაზე კარგ ბალანსს გარემოსდაცვითი, კაპიტალური დანახარჯების, გენერირებული ელექტროენერგიის მოცულობის და სამშენებლო სამუშაოების სირთულის მხრივ.
2015 წლის 24 დეკემბერს, სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიაა და მანამდე ახორციელებდა ნამახვანის პროექტს, გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა. გავრცელებული ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულის გამოვლენა ხდებოდა შემდეგ კრიტერიუმზე დაყრდნობით: იმ პირობით, რომ ინვესტორი განახორციელებდა პროექტს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში, გამარჯვებული იქნებოდა ის კომპანია, რომლის მიერაც შემოთავაზებული ტარიფი თითო კილოვატ საათ ელექტროენერგიაზე იქნებოდა ყველაზე იაფი. აღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდა კომპანია ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია.[2] 2019 წლის 25 აპრილს, საქართველოს მთავრობას, სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს, სს ნამახვანს, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას და შპს ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას შორის გაფორმდა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის დეტალური დიზაინის, მშენებლობის, გამოცდის, ექსპლუატაციაში მიღების, ფლობის, ოპერირების და მოვლის ხელშეკრულება.[3]
ქლინ ენერჯი გრუფი (ახლანდელი სახელწოდება ენკა რინიუებლზ) არის საქართველოში დაფუძნებული (დარეგისტრირებულია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 1 თებერვალს), კომპანია, რომლის 90%იან წილს ფლობს სააქციო საზოგადოება Enka Insaat ve Sanayi A.S., 68194 (თურქეთი) ხოლო 10%იან წილს სააქციო საზოგადოება შეზღუდული პასუხისმგებლობით "ქლინ ენერჯი გრუპ ეი. ეს.", 997 763 270 (ნორვეგია).
პროექტთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული არსებობდა მოსახლეობის უარყოფითი განწყობის პრობლემა. აღნიშნულმა პრობლემამ ხელახალი ძალით იფეთქა 2020 წელს, როდესაც აქტიურად დაიწყო პროექტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე აპროტესტებს კასკადის პროექტს როგორც საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს, ასევე საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. მაგალითად, ქალაქ ქუთაისში, გაიმართა საპროექტო აქცია ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგ, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით 10 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. 2021 წლის მარტში, არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოაქვეყნა ნამახვანის პროექტის იმპლემენტაციის ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი, სადაც მითითებულია, რომ პროექტი თითქმის არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ინტერესებს და მთლიანად მორგებულია კერძო ინვესტორის ინტერესებს.[4] თავად ხელშეკრულების შეფასების დოკუმენტში, არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "ნამახვანი ჰესის შემთხვევაშიც მთავარი შეკითხვა სწორედ ამაში მდგომარეობს: რამდენად ამართლებს პროექტით მისაღები საჯარო სარგებელი ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მისი ზემოქმედების მასშტაბს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების, გარანტიების და რესურსების კომპანიისთვის გადაცემას და რისკების ამ მოცულობით აღებას მთავრობის მიერ? პირველადი შეფასების საფუძველზე, 2019 წლის ხელშეკრულება მაქსიმალურადაა მორგებული კერძო კომპანიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ხელშეკრულების შინაარსი კიდევ უფრო ამწვავებს იმ შეკითხვებსა და წუხილებს, რომლებიც პროექტის გარშემო აქამდეც არსებობდა. სათანადო კვლევებზე, სამეცნიერო ცოდნაზე და თავად ხელშეკრულების ტექსტზე დაფუძნებული დამაჯერებელი არგუმენტები ნამახვანი ჰესის პროექტის ამ ფორმით განხორციელების საჯარო სარგებლიანობის შესახებ კი ამ დრომდე არ მოგვისმენია"[5].
კონკრეტულად სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულების შეფასების საპასუხოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ვრცელი დოკუმენტი, სადაც მათი განცხადებით პასუხობენ დასკვნაში არსებული შენიშვნებს[6].
ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეთა განცხადებით, აღნიშნულ პროექტს, სხვა საკითხებთან ერთად, გააჩნია შემდეგი სახის უარყოფითი მახასიათებლები:
- მკვეთრად გამოხატული უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე;
- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების საბაზროზე ბევრად ნაკლებად (ხშირ შემთხვევაში სიმბოლურ ფასად) გადაცემა ინვესტორისათვის;
- ტარიფი, რომელიც შესაძლოა მძიმე ტვირთი გახდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისათვის;
გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რაჭა-ლეჩხუმი სეისმურად აქტიური ზონაა[7]. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტთა გარკვეული ნაწილის აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი მიწისძვრა ნამახვანის კაშხალს დააზიანებს, ქალაქ ქუთაისს 30 მეტრიანი ტალღის საფრთხე ემუქრება.[8] თუმცა, ამავდროულად, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ რაჭაში ამ მასშტაბის წყალსაცავის მოწყობა პირველად არ მიმდინარეობს. მაგალითად რაჭაში (ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტში) ფუნქციონირებს ლაჯანური ჰესი, რომლის წყალსაცავის მოცულობა (1.6 კვადრატული კილომეტრი) მართალია პატარაა ქვემო ნამახვანის წყალსაცავზე, მაგრამ ზომით აღემატება ზემო ნამახვანის წყალსაცავის (კასკადის ის ჰესი, რომელიც რაჭაში მდებარეობს) სარკის ზედაპირის ფართობს. ამავდროულად, ასევე რაჭაში არსებული შაორის წყალსაცავის ფართობი (რომელიც ასევე ხელოვნური კაშხლითაა შექმნილი) 9.2 კვადრატული კილომეტრია, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ქვემო ნამახვანის რეზერვუარის ფართობს. რაჭაში არსებული მოცემული ორივე ჰესი (როგორც ლაჯანური, ისე შაორი), უკვე 60 წელიწადზე მეტია ოპერირებაშია. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ბეტონის გრავიტაციული კაშხალი (კაშხლის ტიპი, რომელიც უნდა აშენდეს ნამახვანის პროექტის ფარგლებშიც) მსოფლიოში ჯერ არსად დანგრეულა სეისმური აქტიურობების გამო[9].
მიწის საკითხებთან მიმართებით, მოსახლეობაში განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ინვესტორი კომპანიისათვის 576 ჰექტარი მიწის 99 წლის ვადით მხოლოდ 16 ლარად გადაცემამ[10]. ამ დროს ყურადსაღებია, რომ საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ ქონების სიმბოლურად გადაცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დიდი ხანია დაშვებულია და ამ ფორმით ქონება აქამდეც არაერთხელ გადაცემულა ინვესტორისათვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქონების გადაცემა ხდება საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ, რაც ნიშნავს რომ ინვესტორის მიერ პროექტის არგანხორციელების შემთხვევაში, მიწა მასზე არსებული ნაგებობებით უფასოდ უბრუნდება სახელმწიფოს. მიწების გადაცემასთან დაკავშირებით, ცალკე განცხადება გაავრცელა თავად პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამაც, რომლის განცხადებითაც, მათ მხოლოდ ის მიწები გადაეცემათ, რომელიც პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია. ამავდროულად, მათი განცხადებით, მათ საკომპენსაციო ხელშეკრულებები გააფორმეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და იმ პირებს, რომლებიც იურიდიულად (ქართული კანონმდებლობით) არ იყვნენ მიწის მესაკუთრეები, მაგრამ სარგებლობდნენ წლების განმავლობაში (საუბარია 250-ზე მეტ ოჯახზე) კომპენსაციის სახით გადასცეს ჯამში 30 მილიონ ლარზე მეტი.[11]
ჰესის აშენების მომხრეთა მიხედვით, ჰესის აშენება საქართველოს მოუტანს სხვადასხვა სარგებელს, მათ შორის:
- საქართველოში მოხდება წლიურად 1.5 ტერავატი საათში ელექტროენერგიის წარმოება, რომლის ნაწილის გამოყენება მოხდება ზამთრის პერიოდში (როდესაც საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალია, ხოლო გენერაცია დაბალია და აუცილებელი ხდება ელექტროენერგიის იმპორტი უცხო ქვეყნებიდან, ისევე როგორც იმპორტირებულ საწვავზე მომუშავე თბოელექტროსადგურების ამუშავება) და აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულებას.
- ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური იქნება სეზონური რეგულირების ჰესი, რაც საშუალებას იძლევა ელექტროენერგიის დაბალი მოხმარების შემთხვევაში მოხდეს წყლის დაგროვება და სრული დატვირთვით ელექტროენერგიის გენერაციის დაწყება მაღალი მოხმარების დროს.
- მხოლოდ ქონების გადასახადის სახით (რაც საგადასახადო კოდექსის დაარქივებული 2016-03-31 საიტზე Wayback Machine. მიხედვით ადგილობრივი გადასახადია და გადაიხდება მუნიციპალიტეტში, და არა ცენტრალურ ბიუჯეტში) პროექტი ოპერირების პერიოდში გადაიხდის დაახლოებით 130 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გადასახადს.
2021 წლის 24 აპრილს, საქართველოს მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ნამახვანის ჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვის პერიოდით შეჩერდება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩაერთვება მოსახლეობასთან მოლაპარაკების პროცესში[12].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://namakhvani.enka.com/about-us/about-namakhvani-hpp/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-07. ციტირების თარიღი: 2021-05-07.
- ↑ http://www.economy.ge/?page=news&nw=1645&s=ekonomikisa-da-mdgradi-ganvitarebis-saministro-namaxvani-hesis-xelshekrulebis-shesaxeb-shekitxvebs-pasuxobs
- ↑ https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-namakhvanhesis-khelshekrulebit-mnishvnelovani-sakhelmtsifo-interesebi-datmobilia-kerdzo-kompaniis-sasargeblod
- ↑ https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-namakhvanhesis-khelshekrulebit-mnishvnelovani-sakhelmtsifo-interesebi-datmobilia-kerdzo-kompaniis-sasargeblod
- ↑ http://www.economy.ge/?page=news&nw=1645&s=ekonomikisa-da-mdgradi-ganvitarebis-saministro-namaxvani-hesis-xelshekrulebis-shesaxeb-shekitxvebs-pasuxobs
- ↑ http://drm.cenn.org/Hazard_assessment_files/Earthquakes.pdf
- ↑ https://mtavari.tv/news/7399-namakhvanis-105-metriani-kashkhali-kutaisistvis
- ↑ https://www.interpressnews.ge/ka/article/631286-davit-mircxulava-betonis-gravitaciuli-kashxlis-seismuri-zemokmedebis-gamo-dangrevis-precedenti-msoplioshi-ar-qopila-kvlevebidan-gamomdinare-namaxvani-magalsaimedoa/
- ↑ https://mtisambebi.ge/news/ecology/item/1266-576-beqtari,-16-larad,-99-xlit-rionis-xeoba-namaxvanbesis-kompanias-gadaszes
- ↑ https://energynews.ge/?p=25479
- ↑ https://www.interpressnews.ge/ka/article/653059-mtavrobis-administracia-namaxvanhesis-msheneblobis-irgvliv-mimdinare-procesebtan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs