ნაზლი საბრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაზლი საბრი
არაბ. نازلي صبري
დაბადების თარიღი 25 ივნისი 1894
ალექსანდრია ეგვიპტე
გარდაცვალების თარიღი 29 მაისი 1978 (83 წლის)
ლოს-ანჟელესი, კალიფორნია. აშშ
მოქალაქეობა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
პროფესია დედოფალი-კონსორტი
მეუღლე(ები) ფუად I
შვილ(ებ)ი ფარუკი (ეგვიპტე)
ფავზია ფუად ეგვიპტელი
პრინცესა ფაიზა
პრინცესა ფაიკა
პრინცესა ფატია
ჯილდოები სათნოების ორდენი (ეგვიპტე)

ნაზლი საბრი (არაბ. نازلي صبري‎; დ. 25 ივნისი, 1894 — გ. 29 მაისი, 1978) ეგვიპტის სულთანა და  დედოფალი 1919 წლიდან 1936 წლამდე, მეფე ფუად I-ის მეორე ცოლი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაზლი საბრი დაიბადა 1894 წლის 25 ივნისს.  მისი მამა  აბდურ რაჰიმ საბრი ფაშა, გახლდათ სოფლის მეურნეობის მინისტრი და კაიროს გუბერნატორი, ხოლო დედა იყო  ტაფიკა ხანუმ შარიფი. ნაზლის ჰყავდა ძმა შარიფ საბრი ფაშა და და, ამინა საბრი.

დედის მხრიდან გოგონას ბაბუა გახლდათ თურქული წარმოშობის პრემიერ მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გენერალ-მაიორ მუჰამედ შარიფ ფაშა. მისი დიდი ბაბუა იყო ფრანგული წარმოშობის ოფიცერი სულეიმან ფაშა.[1][2][3]

ნაზლიმ დაწყებითი განათლება მიიღო კაიროს ლიცეუმში, შემდეგ სწავლობდა ალექსანდრიის ნოტრ-დამ დე-სიონის კოლეჯში. დედის გარდაცვალების შემდეგ დასთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ორი წლის განმავლობაში პარიზში ცხოვრობდა. ეგვიტეში დაბრუნებული ცოლად გაჰყვა ეგვიპტელ არისტოკრატს, რომელსაც მალევე დასცილდა. ამავე დროს მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ეგვპტელი ნაციონალისტის საად ზაღლულის ძმისშვილ—საიდ ზაღლულთან. ისინი თითქმის დაინიშნენ, თუმცა 1919 წლის რევოლუციის შემდეგ ზაღლულმა დატოვა ეგვიპტე.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგვიპტის სულთანმა ფუად I-მა ნაზლი პირველად საოპერო წარმოდგენაზე ნახა. 1919 წლის 12 მაისს ფუად I-მა მასზე 25 წლით უმცროს ნაზლის ხელი სთხოვა. 1919 წლის 24 მაისს  კაიროში, ბუსთანის სასახლეში ქორწილი გაიმართა.  როგორც ნაზლისთვის, ასევე ფუადისთვის ეს რიგით მეორე ქორწინება გახლდათ.[4][5]

ნაზლი მოგვიანებით  გადავიდა აბასიის სასახლეში ჰაემალექში, სადაც იმყოფებოდა ფუადის ზეწოლის ქვეშ.  სანამ სულთანას ვაჟი არ შეეძინებოდა, არ ჰქონდა სასახლის დატოვების უფლება. მხოლოდ ერთადერთი ვაჟის, ფარუკის (1920–1965) დაბადების შემდეგ, მიეცა კუბეხის სასახლეში ქმართან ერთად ცხოვრების უფლება. როდესაც ფუადი გამეფდა, ნაზლის დედოფლის ტიტული მიანიჭეს. ფარუკის შემდეგ ნაზლის შეეძინა ოთხი ქალიშვილი: ფავზია (1921-2013), ფაიზა (1923-1994), ფაიკა (1926-1983) და ფატია (1930-1976).[6]

ფუადის მმართველობის პერიოდში ცხოვრების უმეტეს ნაწილს დედოფალი სასახლეში ატარებდა. ამასთან, მას უფლება ჰქონდა დასწრებოდა საოპერო წარმოდგენებს, ყვავილების გამოფენებს და ქალებისთვის გამართულ კულტურულ ღონისძიებებს. გადმოცემის მიხედვით, როდესაც სამეფო წყვილი ჩხუბობდა, მეფე დედოფალს სცემდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ოთახში ჩაკეტილს ტოვებდა. სხვა ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა ასპირინის გადაჭარბებული დოზის მიღებით.

ნაზლი თან ახლდა მეფეს  ოთხთვიანი მოგზაურობისას ევროპაში 1927 წელს მისი  ფრანგული წარმომავლობის გათვალისწინებით, ეგვიპტის დედოფალი დიდი პატივით მიიღეს საფრანგეთში. 1924 წელს ეგვიპტეში პარლამენტის  გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ნაზლი იმყოფებოდა სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად.

ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაზლი საბრი - დაბადების დღის ოფიციალური სურათი

1936 წელს ფუადის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის სამეფო ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ფარუკი. ნაზლი გახდა დედა - დედოფალი. მისი ძმა საბრი ფაშა შევიდა სამი წევრისგან შემდგარ რეგენტთა საბჭოში, რომელიც სპეციალურად შეიქმნა არასრულწლოვანი ფარუკის მმართველობასთან დაკავშირებით. 1946 წელს ნაზლიმ ეგვიპტე დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.[7]

ნაზლის ქალიშვილი პრინცესა ფატია ცოლად გაჰყვა რიად გალი ეფენდის. მიუხედავად იმისა, რომ რიად გალიმ ისლამი მიიღო, მეფე ქორწინების სასტიკი წინაარმდეგი იყო. ამ  მიზეზით მან 1950 წლის 1 აგვისტოს  დედას  ტიტულები ჩამოართვა. [8][9]

1956 წელს ნაზლი შვილის—ფარუკის დაკრძალვას დაესწრო რომში.

ვალებთან დაკავშირებული პრობლემების გამო 1975 წელს ნაზლიმ  სოტბის აუქციონზე  გაიტანა სამკაულები. მათ შორის, ბრწყინვალე  დიადემა (720 ბრილიანტი, წონა 274 კარატი) და   1938 წელს Van Cleef & Arpels-ის მიერ შეკვეთით დამზადებული ყელსაბამი. ისინი გაიყიდა 127 500 დოლარად და 140 000 დოლარად. თუმცა ნაზლი და ფატია მაინც გაკოტრების წინაშე აღმოჩნდნენ. 1978 წელს ვალების დასაფარად იძულებულები გახდნენ ფატიას ძვირფასეულობაც გაეყიდათ.[10][11][12]

1976 წელს ნაზლიმ თხოვნა გაუგზავნა ეგვიპტის მაშინდელ პრეზიდენტ ანვარ სადათს, რათა მისთვის და პრინცესა ფატიასთვის ეგვიპტური პასპორტები და ეგვიპტეში დაბრუნების უფლება მიეცა. შეერთებული შტატების დატოვების დღეს, მისი ქალიშვილი ყოფილმა ქმარმა რიად გალიმ მოკლა, რის გამოც ნაზლი ვეღარ დაბრუნდა ეგვიპტეში. იგი საბოლოოდ დარჩა აშშ-ში ჯანმრთელობის მიზეზების გამო.  გარდაიცვალა 1978 წლის 29 მაისს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს რავია რაშიდმა გამოსცა წიგნი დედოფალ ნაზლის შესახებ, სახელწოდებით „ნაზლი,დედოფალი გადასახლებაში“.  2010 წელს მისი ბიოგრაფიის ამსახველი წიგნის მიხედვით გადაიღეს ეგვიპტური სერიალი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა ეგვიპტელი მსახიობი ნადია ალ ჯუნდი.[13]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1919 წლის 26 მაისი — 1922 წლის 15 მარტი: მისი აღმატებულება სულთანა (ფრანგ.: Sa Hautesse la Sultane; არაბ.: عظمة السلطانة)
  • 1922 წლის 15 მარტი—  1938 წლის 20 იანვარი: მისი უდიდებულესობა დედოფალი; (ფრანგ.: Sa Majesté la Reine; არაბ.: جلالة الملكة)
  • 1938 წლის 20 იანვარი —  1950 წლის 8 აგვისტო: მისი უდიდებულესობა  დედა - დედოფალი (ფრანგ.: Sa Majesté la Reine Mère;არაბ.: جلالة الملكة الام [14]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Royal House of Egypt // Burke's Royal Families of the World (неопр.) / Montgomery-Massingberd, Hugh   — London: Burke's Peerage, 1980. — Т. Volume II: Africa & the Middle East. — С. 20—37. — ISBN 978-0-85011-029-6.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rizk, Yunan Labib (13–19 April 2006). "A palace wedding". Al-Ahram Weekly (790). Archived from the original on 4 May 2010. Retrieved 27 February 2010. ... Britain granted the rulers among the family the title of sultan, a naming that was also applied to their wives.
  2. Rosten, David B (2015), "Queen Nazli Sabri", The Last Cheetah of Egypt: A Narrative History of Egyptian Royalty from 1805 to 1953, iUniverse, ISBN 978-1-4917-7939-2
  3. "Weekend Nostalgia". The Middle East Journal. 31 May 2013. Retrieved 6 September 2013.
  4. amir Raafat (March 2005). "Women whose husbands ruled the realm" (PDF). Egyptian Europe Organization. Archived from the original (PDF) on 7 September 2013. Retrieved 6 September 2013.
  5. "Revealing book on Queen Nazli depicts her tragic life in exile". Daily News Egypt. 5 February 2008. Retrieved 31 August 2016.
  6. Goldschmidt, Arthur (2000). Biographical dictionary of modern Egypt. Lynne Rienner Publishers. p. 191. ISBN 1-55587-229-8.
  7. Snapshots of Hollywood Collected at Random The Milwaukee Sentinel, 18 April 1955
  8. "King Farouk Strips Queen Nazli of Title". Daily Record. Ellensburg, WA. 41 (29): 4. 8 August 1950. Retrieved 7 March 2010.
  9. El- malek Farouk, Salah Abdallah, Ezzat Abou Aouf, Ezzat Abou-Oat, retrieved 14 November 2017
  10. Goodkind, Mike "Ex-princess loses last of fortune", The Free Lance Star, 21 September 1976
  11. Former Queen Selling Jewels, Spokane Daily Chronicle, 28 October 1975
  12. "Queen's Necklace Sells For $4.3M". www.nationaljeweler.com. Retrieved 15 November 2017.
  13. "Nadia Al Jundi fails". Albawaba. 4 September 2010. Retrieved 6 September 2013.
  14. The Muhammad 'Ali Dynasty Royal Ark