შინაარსზე გადასვლა

ნავსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნავსადგური — ღელვისაგან ბუნებრივად ან ხელოვნურად დაცული ზღვის, ტბის, წყალსაცავის ან მდინარის უბანი გემების სადგომად და მომსახურებისათვის: წყლის მიმდებარე ფართობი გადასატვირთი და სხვა ოპერაციების ჩასატარებლად. პირველი ისტორიული ცნობები ნავსადგურების არსებობის შესახებ კუნძულ კრეტაზე ქ. მესარაში და ფინიკიის ქალაქებში (ტვიროსსა და სიდონში) თარიღდება ძვ. წ. 3400 წლით. ნავსადგურების მშენებლობის განვითარების შემდგომი პერიოდია ანტიკური ხანა, როდესაც იგი განვითარდა საბერძნეთში, რომსა და კოლხეთში. ნავსადგურების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობდა შუა საუკუნეებში, რასაც ხელი შეუწყო ახალი საზღვაო გზების აღმოჩენამ.

სსრკ ტერიტორიაზე ერთ-ერთი პირველი ნავსადგური შეიქმნა XI-XII საუკუნეებში დღევანდელი ქალაქების ტალინისა და რიგის ადგილ%ზე. მსხვილი ნავსადგურები აშენდა პეტრე პირველის მეფობის დროს. რუსეთში ნავსადგურების მშენებლობა მნიშვნელოვნად განვითარდა XIX საუკუნის II ნახევარში ამ პერიოდს განეკუთვნება ფოთის, ბათუმის, ნოვოროსიისკის, ქერჩის, ტუაფსეს და სხვა ნავსადგურების მშენებლობა შავ ზღვაზე. ნავსადგურები ააგეს აგრეთვე აზოვის, ბალტიისა და სხვა ზღვებზე. საბჭოთა პერიოდში ნავსადგურების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობდა. გადაკეთდა და გაფართოვდა არსებული, აიგო მრავალი ახალი ნავსადგური ზღვებზე, წყალსაცავებზე, ტბებსა და მდინარეებზე.

ნავსადგურის საერთო მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნავსადგურის მთავარი ელემენტებია: აკვატორია (წყლის ნაწილი) და ტერიტორია (სანაპირო ნაწილი). აკვატორიის შედგენილობაში შედის ნავსადგურის მისასვლელები, რეიდები და შიგა აუზები. წყლის მისასვლელი შეიძლება იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური. რეიდი ძლიერი ღელვისაგან დაცული აკვატორეის უბანია, სადაც შეიძლება ღუზაჩაშვებული გემის დგომა. უშუალოდ პორტის ტერიტორიასთან მიმდებარე შიგა აუზები განკუთვნილია გემების მისადგომებთან სადგომად.

ნავსადგურის ტერიტორიაში შედის: სახმელეთო მისასვლელები (რკინიგზის ხაზები, საავტომობილო გზები და სხვა); მისადგომ ხაზთან მიმდებარე კორდონისპირა ნაწილი, რომელზეც განლაგებულია კორდონისპირა რკინიგზის ხაზები, საავტომობილო გასასვლელები, გადამტვირთავი მოწყობილობები და მექანიზმები, საწყობები და ბაქნები, სამგზავრო ვაგზალი, უკანა ნაწილი (ზურგი), რომელზეც გაყვანილია შიგასანავსადგურო რკინიგზის ხაზები, საავტომობილო გზები, ნავსადგურის დამხმარე საწარმოები, სამომსახურო და ადმინისტრაციული შენობები.

ნავსადგურის ჰიდროტექნიკური ნაგებობებია გადასაღობი ნაგებობები (მოლო, ტალღამტეხი, მისადგომი ნაგებობები – პირსი, პორტის სანაპიროები); გემთსაწევი და გემთსარემონტო ნაგებობები (ელინგები, სლიპები, დოკები), აგრეთვე შუქურები სანაოსნო მდგომარეობის ამსახველი ნიშნები.

ნავსადგურის ძირითადი მოწყობილობებია გადასატვირთი მოწყობილობები და ციკლური ან უწყვეტი მოქმედების მექანიზმები, ენერგოძალური დანადგარები, განათებისა და კავშირგაბმულობის სისტემები, ხანძარსაწინაღო მოწყობილობები და ა. შ.

ნავსადგურის შიგასანავსადგურო ტრანსპორტია რკინიგზები სატვირთო ავტოტრანსპორტი. შიგასანავსადგურო გადაზიდვას უზრუნველყოფს სამომსახურო დამხმარე ფლოტი.

ნავსადგურის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია მისადგომთან სიღრმე, მისადგომის ხაზის სიგრძე და ნავსადგურის ტერიტორია. ნიშნული მისადგომებთან სიღრმე აითელება წყლის გემთსავალი უმდაბლესი დონიდან და განისაზღვრება გემების საანგარიშო წყალშიგით და გემის კილის ქვეშ სიღრმის მარაგით. მისადგომი ხაზის სიგრძეს განსაზღვრავს იმ გემების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება ერთდროულად იდგეს მისადგომთან. ნავსადგურის ტერიტორიის ნიშნულს (წყლის დონესთან შემაღლებას) იმ ანგარიშით ირჩევენ, რომ წყლის დონის მაღლა აწევისას ნავსადგურის ტერიტორია არ დაიტბოროს.

ნავსადგურის გეგმა შედგენილია რელიეფის მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და შეთანხმებულია მიმდებარე ქალაქის გეგმასთან. მისადგომი ხაზები შეიძლება იყოს განლაგებული ფრონტალურად (ნაპირის გასწვრივ), მოლოს გასწვრივად აკვატორიაში შეჭრილ პირსებზე, აგრეთვე შიგა სანაპირო აუზების გასწვრივ.

ნავსადგურის მუშაობის ძირითადი სატრანსპორტო ეკონომიკური მახასიათებლებია: ტვირთბრუნვა, გამტარუნარიანობა, გემთბრუნვა. ტვირთბრუნვა (ნავსადგურის მუშაობის ძირითადი მაჩვენებელი) წლის განმავლობაში ნავსადგურში ორივე მიმართულებით (ხმელეთიდან წყალში და პირიქით) გადატანილი ტვირთის საერთო რაოდენობაა (ტონობით). ნავსადგურის გამტარუნარიანობა არის უდიდესი რაოდენობა ტვირთისა, რომელიც შეიძლება წლის მანძილზე ორივე მიმართულებით ნავსადგურმა გაატაროს (გადაამუშაოს). ნავსადგურის გემთბრუნვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (წელი, თვე, დღე-ღამე) ნავსადგურში შემოსული გემების რაოდენობაა.

განასხვავებენ საზღვაო და სამდინარო ნავსადგურებს. საზღვაო ნავსადგურები განლაგების მიხედვით არის: შესართავის, ლაგუნური, სანაპირო, შიგა. შესართავის ნავსადგურს (ყველაზე გავრცელებულს) აგებენ ქვეყნის ტერიტორიაზე ღრმად შემავალი წყლის გზების ზღვასთან შერთვის ადგილებში. მსოფლიოს უდიდესი ნავსადგურები: როტერდამი, ლონდონი, ნიუ-იორკი, ლენინგრადი, არხანგელსკი, ჰამბურგი, მდინარეების შესართავთანაა აგებული. ასეთი ნავსადგურების მისადგომ ნაგებობებს ზღვასთან მოშორებით, მდინარის ნაპირების გასწვრივ აგებენ, რაც გადასაღობი ნაგებობების აგების აუცილებლობას გამორიცხავს. ლაგუნურ ნავსადგურს აგებენ სანაპირო ტბებზე (ლაგუნებზე), რომლებიც ზღვისგან გამოყოფილია ბუნებრივი ისრებით და მას არხით უერთდება (ილიჩოვსკის ნავსადგური ოდესის მახლობლად, ირანის ნავსადგური — ფეჰლევი). სანაპირო ნავსადგურებისათვის, რომლებიც უშუალოდ ზღვის გაშლილ ნაპირებზეა განლაგებული (მაგალითად, მარსელისა და ოდესის ნავსადგურები) საჭიროა დამცავი ნაგებობები (მოლოები და სხვა), ხოლო თუ ისინი ბუნებრივსადგარიან უბეებშია (მაგალითად, სევასტოპოლში, რიო-დე-ჟანეიროში და სხვ.) მოთავსებული, დამცავ ნაგებობებს, როგორც წესი, არ აგებენ. შიგა ნავსადგურებს აგებენ ზღვისაგან მოშორებით, მდინარეების ღრმაწყლიან ადგილებში (მაგალითად, ხერსონი, რუანი) ან ხელოვნურად გაყვანილ არხებზე (მანჩესტერი, ბრიუსელი).

დანიშნულების მიხედვით საზღვაო ნავსადგურები იყოფა სამხედრო და სამოქალაქო ნავსადგურებად. სამხედრო ნავსადგურს აქვს სამხედრო ფლოტის საჭიროებისათვის განკუთვნილი სპეციალური ნაგებობა და მოწყობილობები. იგი ემსახურება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.

სამოქალაქო ნავსადგურები არის სავაჭრო, თევზსაჭერი და თავშესაფარი. სავაჭრო ნავსადგურები ორგვარია: საერთო დანიშნულებისა და სპეციალიზებული. თევზსაჭერი ნავსადგურ არის დაჭერილი თევზის გადასამუშავებელი ბაზა. იგი ემსახურება თევზსარეწ ფლოტს. თავშესაფარი ნავსადგურის დანიშნულებაა შეიფაროს საკაბოტაჟო, სარეწი და სხვა დანიშნულების გემები შტორმული ღელვის დროს.

სატრანსპორტო დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ მსოფლიო, საერთაშორისო, შიგა და ადგილობრივი მნიშვნელობის ნავსადგურებს. ტვირთბრუნვის მიხედვით ყველა ქვეყნის ნავსადგურები სამ კატეგორიად იყოფა: პირველ კატეგორიაში შედის ჩვენი ქვეყნის 25 ნავსადგური, მ. შ. ფოთის, ბათუმის, სოხუმას ნავსადგურები, მეორე კატეგორიაში 12 ნავსადგური და მესამეში – 24 ნავსადგური.

სამდინარო ნავსადგურები დანიშნულების მიხედვით არის საერთო, სპეციალური, ავანპორტი, ნავსადგურ – თავშესაფარი. საერთო და სპეციალური ნავსადგურების დანიშნულებაა ტვირთის გადაცემა გემებიდან ნაპირზე და პირიქით. წყალსაცავზე (რაბების ზედა ბიეფებზე) განლაგებულ ავანპორტებში გემების შემადგენლობა ან ტივები რაბის კამერაში შეყვანის წინ ხელახლა ყალიბდება. ნავსადგურ – თავშესაფარებში გემები მხოლოდ შტორმის დროს ჩერდება. განლაგების მიხედვით განასხვავებენ ნავსადგურებს თავისუფალ მდინარეებზე (რომელთა თავისებურებაა წყლის დონის საგრძნობი მერყეობა — 15 მ-მდე და მეტი), არხებზე (რომლებშიც წყლის დონის მერყეობის ამპლიტუდა მცირეა), წყალსაცავებსა და ტბებზე, რომლებიც ექვემდებარებიან ქარისმიერი ტალღების მოქმედებას და, როგორც წესი, საჭიროებენ საფარ ნაგებობებს. თავისუფალ მდინარეებზე არსებულ ნავსადგურებს აკვატორიაზე საერთოდ აქვთ 2 რეიდი (გემების მისაღები და გასამგზავრებელი). წყლის დონის მერყეობის გამო სამდინარო ნავსადგურებში იყენებენ დებარკადერებს. თავისუფალ მდინარეებსა და არხებზე კალაპოტგარეშე ნავსადგურებს აგებენ ბუნებრივ უბეებში, ხელოვნურ აუზებში, არხების გაფართოებულ ადგილებში. სამდინარო ნავსადგურის ძირითადი ელემენტები, ჰიდროტექნიკური ნაგებობანი და ტექნიკური მახასიათებლები იგივეა, რაც საზღვაო ნავსადგურისა. საშუალო სადღეღამისო ტვირთბრუნვის მიხედვით სამდინარო ნავსადგურები 5 კატეგორიად იყოფა. პირველი კატეგორიის ნავსადგურები დღე-ღამეში 2500 ტ-ზე მეტ ტვირთს აგზავნიან და ღებულობენ, მეორესი – 1000 ტ-დან 2500 ტ-მდე, მესამესი– 500 ტ-იდან 1000 ტ-მდე, მეოთხესი – 250 ტ-იდან 500 ტ-მდე, ხოლო მეხუთესი – 50 ტ-იდან 250 ტ-მდე.

გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით პირველი კატეგორიისაა ის ნავსადგურები რომლებსაც დღე-ღამეში გადაჰყავს 1000-ზე მეტი მგზავრი, მეორე კატეგორიის ნავსადგურს გადაჰყავს 500-იდან 1000-მდე კაცი, მესამეს — 250-იდან 500-მდე, მეოთხეს — 50-იდან 250-მდე, ხოლო მეხუთეს – 25-იდან 50-მდე.