ნადირობათმცოდნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნადირობათმცოდნეობა — მეცნიერება ნადირობისა და სამონადირეო მეურნეობის რაციონალური გაძღოლის შესახებ. ჩამოყალიბდა XIX საუკუნის ბოლოს – XX საუკუნის დასაწყისში ნადირობის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით. შემდგომში ნადირობათმცოდნეობა განვითარდა მდგრადი ბუნებათსარგებლობის პრინციპებზე, ფუნდამენტურ და სხვა გამოყენებით მეცნიერებებთან (ზოოლოგია, ბოტანიკა, ეტოლოგია, ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, ეკონომიკა) მჭიდრო კავშირში; ამასთანავე გამოიყენებოდა მორფოლოგიის, ფიზიოლოგიისა და გენეტიკის, ვეტერინარული მედიცინის, ტყის მართვის, სოციოლოგიისა და სამართლის მეთოდიკური არსენალი. ნადირობათმცოდნეობაში გამოიყოფა შემდეგი დარგები: ბიოლოგიური საწყისები (პოპულაციის მდგომარეობის სტრუქტურა, დინამიკა, პროგნოზირება და მათი მართვა); სანადირო სავარგულების კლასიფიკაცია, ტიპოლოგია, ბონიტირება, ნადირობის მოწყობა (სანადირო ცხოველთა რაციონალურ, ფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირების არმომტან გამოყენებაზე, მათ დაცვაზე მიმართული ღონისძიებების კომპლექსი, კვლავწარმოება და მიმაგრებული სავარგულების ისეთ მდგომარეობაში შენახვა, რომ იგი სამონადირეო მეურნეობის წარმოებისათვის ხელსაყრელი იყოს); ბიოტექნია; სამონადირეო მეურნეობის ტექნიკა და ტექნოლოგია; საქონელმცოდნეობა და მეურნეობის პროდუქციის (ბეწვეული, ხორცი, სამკურნალო-ტექნიკური ნედლეული, ნადავლი) შეფასება; მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია, მარკეტინგი; სამონადირეო კანონმდებლობა. ნადირობათმცოდნეობაში კვლევის ძირითადი მეთოდებია: ვიზუალური და დისტანციური დაკვირვება ცხოველებზე თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ნადირ-ფრინველის დანიშვნა და ექსპერიმენტული მოპოვება; მათი რიცხოვნობის აღრიცხვა და ექსპერიმენტები ბუნებაში, ბიოლოგიური და სტატისტიკური მასალების ლაბორატორიული დამუშავება მომიჯნავე მეცნიერებათა მეთოდების გამოყენებით.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Сафонов В. Г. Охотоведение // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 728.