ნადირთღვთაებანი
ნადირთღვთაებანი — ნადირის მფარველი ღვთაებები. მათ მიეწერებოდათ ნადირთ ნაყოფიერება-გამრავლების ფუნქცია, მონადირისათვის ხელის მომართვისა და შემცოდე მონადირის დასჯის ძალა. ხალხური რწმენით ნადირთ მფარველნი წარმოდგენილი არიან ნადირთ მწყემსების, ნადირთ პატრონებისა და ნადირთღვთაებანთა სახით.
საქართველოს მთიანეთში ისინი ე. წ. „წმინდა“ ნადირთა (ჯიხვი, არჩვი, ირემი, შველი) მფარველებად ითვლებიან, ბარში კი — სხვა ტყის ცხოველების გამგებლებადაც. ნადირთ მწყემსებად მიაჩნდათ ნადირთა ხროდან რაიმე ნიშნით (თეთრი ფერი, ოქროსფერი რქები, თეთრი ხალები და ა. შ.) გამორჩეული ცხოველები. არსებობდა წარმოდგენა ანთროპომორფული სახის ნადირთ მწყემზებზეც (გოგონა, ბიჭი), რომლებსაც ევალებოდათ ნადირის მოვლა-პატრონობა, მონადირისაგან დაცვა, ხიფათის აცილება და სხვა. იმავე წარმოდგენით, ეს მწყემსები თითო წლით მწყემსავდნენ ნადირს. ვაჟების მორიგეობის წელი მონადირისათვის იღბლიანად ითვლებოდა, რადგან ქალები ნადირს ვაჟებზე უფრო ფხიზლად დარაჯობდნენ და მონადირეს მათი დახოცვის საშუალებას არ აძლევდნენ. ზოგიერთი ნადირთ პატრონი რელიგიური აზროვნების განვითარების ასტრალურ საფეხურზე ცის მნათობებს დაუკავშირდა და ასტრალურ ღვთაებად იქცა (დალი).
ძველი ხალხური შეხედულებით, ნადირთ მფარველად საქართველოში ითვლებოდა ოჩოპინტრე (ოჩიპინტე), აგრეთვე ანატორის ჯვარი ანუ ოჩი დალი. სვანეთში ნადირთ მფარველად, გარდა მამა-ღმერთისა, მიაჩნდათ წმინდა გიორგი, დალი, აბსასდი, სგიმ ბერ-მოძღვარი და ელი. მეგრული მითოლოგიის მიხედვით, ტყის ნადირთა საქმეს უშუალოდ განაგებდა ტყაში-მაფა — ტყის მეფე. სწამდათ აგრეთვე გალენიშიორთას — ნადირთ ბატონის არსებობაც.
„ნადირთა, ფრინველთა იძვრისთა“ მფარველ ღვთაებად ითვლებოდა მესეფი. მისი სურვილის გარეშე მონადირე ცხოველსა და ფრინველს ვერ მოკლავდა.
ქრისტიანობის დროს ნადირთ წმ. გიორგის კულტს შეერწყა და ნადირობის გამგებელ მთავარ ღვთაებად იქცა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოჩიაური თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 286.
- ბარდაველიძე ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953;
- ვირსალაძე ე., ქართული სამონადირო ეპოსი, თბ., 1964;
- რობაქიძე ა., შრომის ორგანიზაციის ფორმები ძველი საქართველოს სახალხო მეურნეობაში, თბ., 1941;
- ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979;