ნადია ჰილუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნადია ჰილუ
არაბ. ناديا حلو
დაბადების თარიღი 5 ივლისი, 1953
იაფა, ისრაელი
გარდაცვალების თარიღი 27 თებერვალი, 2015 (61 წლის)
იაფა, ისრაელი
ეროვნება არაბი
მოქალაქეობა ისრაელის დროშა ისრაელი
განათლება სოციალური სამუშაოს მაგისტრი
საქმიანობა მე-17 მოწვევის ქნესეთის სპიკერის მოადგილე
პარტია ავოდა

ნადია ჰილუ (არაბ. ناديا حلو;   დ.  5ივლისი, 1953, იაფა —27 თებერვალი, 2015, იქვე) — ისრაელის საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი, მე -17  მოწვევის ქნესეთის დეპუტატი “ავოდის“ პარტიიდან და  სპიკერის მოადგილე. პირველი ქრისტიანი არაბი, რომელიც ქნესეთში აირჩიეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნადია ჰილუ დაიბადა იაფას აჯამის რაიონში 1953 წელს. 1976 წელს მან დაამთავრა თელ -ავივის უნივერსიტეტი და მიიღო  სოციალური სამუშაოს ბაკალავრის ხარისხი (იგი  გახლდათ პირველი არაბი ქალი იაფადან, რომელმაც მიიღო განათლება ამ მიმართულებით), ხოლო 1991 წელს მან დაამთავრა მაგისტრატურა იმავე უნივერსიტეტში.

მოგვიანებით, ჰილუმ, ოთხ მეგობართან ერთად,  თავის თემში პირველი არაფორმალური საბავშვო ბაღი გახსნა. ორ წელიწადში საბავშვო ბაღში ბავშვების რაოდენობამ 160 მიაღწია, რამაც მათ დედებს საშუალება მისცა  პროფესიული კარიერისთვის მეტი დრო დაეთმოთ.

ნადია ჰილუს თქმით, სოციალურ სფეროში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმის გადაწყვეტილება იცხაკ რაბინის მკვლელობის შემდეგ მიიღო.  ჰილუ და მისი ორი ქალიშვილი ესწრებოდნენ ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდამჭერ აქციას, რის შემდეგაც იცხაკ რაბინი მოკლეს. მან გადაწყვიტა გაწევრიანებულიყო „ავოდში“( ლეიბორისტული პარტია), რომელსაც გარდაცვლილი პრემიერ მინისტრი ეკუთვნოდა. ჰილუ შედიოდა „ ავოდისა“ და ამირ პერეცის Am Echad-ის  პარტიულ სიებში  1996 და 1999 წწ ქნესეთის არჩევნებამდე.

2003 წელს ჰილუს ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო პარტიული სიით  არაბი უმცირესობის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი რეალური ადგილისთვის ბრძოლაში, მაგრამ მან აირჩია პრაიმერიში მონაწილეობა ყველა კანდიდატთან თანაბარი პირობებით, რის შედეგადაც   საკუთარი თავი აღმოაჩინა სიაში მხოლოდ ერთი ადგილით ქვემოთ  იმ კანდიდატისა, რომელიც შევიდა პარლამენტში.

საზოგადოებრივი  საქმიანობის ფარგლებში, ჰილუ მუშაობდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კავშირში  ქალთა სტატუსის შესახებ დეპარტამენტის დირექტორად (1997 წლიდან) და ქალთა სოციალისტური ორგანიზაცია "NAAMAT"-ის თავმჯდომარის მოადგილედ (2002 წლიდან).

2006 წელს ნადია ჰილუ აირჩიეს ქნესეთში ლეიბორისტული პარტიიდან. იგი იყო პირველი არაბი  ქრისტიანი ქალი რომელიც ქნესეთში აირჩიეს ლეიბორისტული პარტიის საერთო პრაიმერებში და მეორე არაბი ქალი ქნესეთის მთელი ისტორიის მანძილზე. ქნესეთში ჰილუმ მიიღო ვიცე -სპიკერის პოსტი და ასევე ხელმძღვანელობდა სპეციალურ კომისიას ბავშვთა უფლებების შესახებ. ის მუშაობდა შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის კომისიებში, სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და ქალთა უფლებების შესახებ. ასევე  მთელ რიგ ეთნიკურ, სოციალურ და მუნიციპალურ საკითხებზე. მე -17 მოწვევის ქნესეთში ყოფნის დროს, ჰილუ იყო ავტორი ან თანაავტორი 86 კანონპროექტისა, რომელთაგან 24 —  მიიღეს პირველი მოსმენით, ხოლო 10 —  მეორე და მესამე მოსმენით. პროექტებს შორის რომლებზეც მუშაობდა ჰილუ,  იყო დეკრეტული შვებულების გახანგრძლივება, არაბულ ენაზე მმართველობის შექმნა, ქალაქ კარმელის დაშლა,  ბავშვების დაცვა ონლაინ სექსუალური შევიწროებისგან და მკვლელობის მსხვერპლთა ოჯახებისთვის კომპენსაცია.[1]

მომდევნო არჩევნებში 2013 წელს ჰილუ ვეღარ მოხვდა ქნესეთში. იგი იკავებდა მე -18 ადგილს „ავოდის“ საარჩევნო სიაში და განიხილებოდა, როგორც რეალური პრეტენდენტი, მაგრამ არჩევნების შედეგად მისმა ფრაქციამ მხოლოდ 15 მანდატი მიიღო.  იმავე წელს გამოიცა ნადია ჰილუს   წიგნი ივრითზე „პიონერი აჯამიდან“ (ებრ. ‏פורצת הדרך מעג'מי‏‎). ქნესეთში მისი ერთადერთი ვადის დასრულების შემდეგ, ჰილუმ დააარსა უფლებადამცველი ორგანიზაცია „მანარა“, რომლის მთავარ საქმიანობას  არაბ ქალთა უფლებების დაცვა წარმოადგენდა.[2][3]

ნადია ჰილუ გარდაიცვალა 2015 წლის თებერვალში, 61 წლის ასაკში, სიმსივნით.  მას დარჩა მეუღლე და ოთხი ქალიშვილი. იგი დაკრძალეს იაფას წმინდა ანტონის კათოლიკური ეკლესიის ქრისტიანულ სასაფლაოზე.[4][5]

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნადია ჰილუს საზოგადოებრივი  საქმიანობა აღინიშნა პრესაში. 1997 წელს გაზეთმა Assennara- მ იგი  დაასახელა, როგორც  "წლის ქალი პოლიტიკაში", ხოლო მომდევნო წელს მას მიენიჭა წლის ქალის წოდება  ნომინაციაში „კარიერა“ გაზეთ „გლობუსის“ მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Poretzet HaDerekh MiAjami (The Trailblazer from Ajami), HaKibbutz HaMeuhad, 2013 (in Hebrew)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. chal Shmulovich. Israeli-Arab, female and headed for the Knesset. Times of Israel (January 22, 2013). ციტირების თარიღი: 3 თებერვალი 2016.
  2. Meet the new MK: Nadia Hilou. The Jerusalem Post (April 28, 2006). ციტირების თარიღი: 3 თებერვალი 2016
  3. חה"כ נאדיה חילו — Knesset (ებრ.)
  4. Nadia Hilou, first Arab Christian woman to serve in Knesset, dies at 61 Haaretz, 27 February 2015
  5. Pioneering former M.K. dies at 61 Ynetnews, 27 February 2015