შინაარსზე გადასვლა

ნადეჟდა სტასოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნადეჟდა სტასოვა
რუს. Наде́жда Васи́льевна Ста́сова
დაბადების თარიღი 12 (24) ივნისი, 1822
დაბადების ადგილი პუშკინი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 სექტემბერი (9 ოქტომბერი), 1895 (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია[1]
დასაფლავებულია ტიხვინის სასაფლაო
საქმიანობა ქალთა უფლებების დამცველი, ფილანტროპი[2] და ფემინისტი[2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

ნადეჟდა სტასოვა (რუს. Наде́жда Васи́льевна Ста́сова) დ. 12 (24) ივნისი, 1822, ცარსკოე-სელო — გ. 27 სექტემბერი (9 ოქტომბერი), 1895, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი საზოგადო მოღვაწე. 1860-1895 წლებში ის წარმოადგენდა რუსეთში ქალთა მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს. სტასოვა იყო ქალებისთვის უმაღლესი განათლების მისაღებად ბრძოლის ორგანიზატორი. სწორედ მისი აქტიური მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა ვლადიმირის კურსები (პეტერბურგი, 1870-1875) და შემდგომში ბესტუჟევის კურსები (1878-1918). გარდა ამისა, მან დააარსა რუსეთში ერთ-ერთი პირველი საბავშვო ბაგა-ბაღი. ნადეჟდა სტასოვა იყო ცნობილი არქიტექტორის, ვასილი სტასოვის, ქალიშვილი, ვლადიმირ და დიმიტრი სტასოვების და, და რევოლუციონერ ელენა სტასოვას დეიდა.

ბიოგრაფია და საზოგადო მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნადეჟდა სტასოვა 1822 წლის 12 (24) ივნისს დაიბადა. მამამ, რუსული ამპირის ცნობილმა ხუროთმოძღვარმა, მას კარგი საშინაო განათლება მისცა და დიდ ყურადღებას აქცევდა ესთეტიკური გემოვნების განვითარებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, რადგან გრძნობდა, რომ არ იყო საკმარისად დახელოვნებული მუსიკაში, სიმღერასა თუ ხატვაში, იგი სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა ამ სფეროების დახვეწას. ასევე, ოთხ უცხო ენას შესანიშნავად ფლობდა.

ნადეჟდა სტასოვა რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1850-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, როდესაც შეუერთდა მარია ტრუბნიკოვასა და ანა ფილოსოფოვას ფილანტროპიულ წრეს. 1859 წელს მათ, ნადეჟდა ბელოზერსკაიასთან ერთად, დააარსეს „იაფი ბინების საზოგადოება“, რომელიც საცხოვრებელს აძლევდა გაჭირვებულებს, უპირველესად კი ბავშვებიან ქალებს. ეს საზოგადოება ტრადიციული საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან განსხვავდებოდა. ორგანიზატორები უარს ამბობდნენ თავიანთი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ადამიანების ცხოვრების სრულ კონტროლზე — მათთვის მნიშვნელოვანი იყო ქალების პირადი ღირსების შენარჩუნება. „იაფი ბინების საზოგადოება“ ესწრაფვოდა პარტნიორულ ურთიერთობებს ქალებთან: ხელმისაწვდომ საცხოვრებელთან ერთად, მათ აძლევდნენ შესაძლებლობას ემუშავათ სამკერვალო სახელოსნოში, რათა შეძლებოდათ საკუთარი თავის უზრუნველყოფა. ნადეჟდა სტასოვას ხელმძღვანელობით, საზოგადოებასთან დაარსდა სკოლები მუშებისთვის და მათი შვილებისთვის, ასევე რუსეთში პირველი უფასო საბავშვო ბაღი.[3][4]

იმ ადამიანებთან ერთად, ვინც თავი მიუძღვნა ეგრეთ წოდებული „მონანიე მაგდალინელების“ მსახურებას, სტასოვამ აქტიურად დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებითაც. ძმის მეუღლესთან, პოლიქსენა სტასოვასთან ერთად, იგი მონაწილეობდა საერო საკვირაო სკოლების ორგანიზებაში, რომლებიც 1860 წლიდან 1862 წლამდე ფუნქციონირებდა.[5]

1863 წელს სტასოვამ, მარია ტრუბნიკოვასთან, ფილოსოფოვასთან, ბელოზერსკაიასთან, ენგელჰარდტთან და ჩერქესოვასთან ერთად, დააარსა „ქალთა გამომცემლობა არტელი“ — საზოგადოება, რომლის მთავარი მიზანი იყო ინტელიგენტი ქალებისთვის შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფა. სტასოვა „არტელის“ ერთ-ერთი განმკარგულებელი გახდა. ის პასუხისმგებელი იყო სტამბებთან, წიგნის საკინძებთან, ქაღალდის საწყობებთან და წიგნის მაღაზიებთან მუშაობაზე.[3] საკვირაო სკოლების ორგანიზების გამოცდილებამ აქტივისტებს აჩვენა საბავშვო ლიტერატურის ნაკლებობა, რის გამოც ეს მიმართულება არტელის მთავარ სპეციალიზაციად იქცა. საზოგადოება ასევე გამოსცემდა ლიტერატურას ქალი პროფესიონალებისთვის (მაგალითად, ქვეყანაში პირველი წიგნი-ცნობარო ექთნებისთვის).[6] დამაარსებლებს იმედი ჰქონდათ, რომ მომავალში ქალთა სტამბას და ქალთა წიგნის მაღაზიებს მოაწყობდნენ, მაგრამ გამომცემლობა „არტელის“ წესდება არ დამტკიცდა, ამიტომ საზოგადოებას მხოლოდ წიგნების თარგმნითა და გამოცემით შემოფარგვლა მოუწია. „არტელმა“ იარსება 1879 წლამდე და გამოსცა ისეთი წიგნები, როგორიცაა ჰანს კრისტიან ანდერსენის „ზღაპრები“, ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალები“, ჯორჯ ელიოტის „მიდლმარჩი“ და სხვა.

1867 წელს გაიმართა რუსი ბუნებისმეტყველთა პირველი ყრილობა, სადაც ქალთა განათლების საკითხი ევგენია კონრადიმ წამოჭრა. სტასოვა, იმ დროის სხვა გამოჩენილ ქალებთან ერთად, სათავეში ჩაუდგა იმხანად დაწყებულ უმაღლესი ქალთა განათლების მოძრაობას. მათი ენერგიის წყალობით, 1870 წელს პეტერბურგში გაიხსნა საჯარო ლექციები, რომლებიც განკუთვნილი იყო როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. ლექციები თავდაპირველად მეხუთე (ალარჩინსკაიას) გიმნაზიის შენობაში, შემდეგ კი ვლადიმირის სამაზრო სასწავლებლის შენობაში ტარდებოდა და მათ „ვლადიმირის კურსები“ ეწოდათ.

1878 წელს გაიხსნა უმაღლესი ქალთა კურსები (ე.წ. ბესტუჟევის კურსები), რომელთა ხელმძღვანელი პროფესორი ბესტუჟევ-რიუმინი გახდა. ნადეჟდა სტასოვამ უსასყიდლოდ აიღო საკუთარ თავზე „კურსების განმკარგულებლის“ მოვალეობა (ო. მორდვინოვასთან ერთად) და, მცირე შესვენებით, ამ თანამდებობაზე დარჩა 1889 წელს კურსების რეორგანიზაციამდე. კურსების გახსნასთან ერთად დამტკიცდა „უმაღლესი ქალთა კურსებისთვის სახსრების მოძიების საზოგადოების“ წესდება, რომლის კომიტეტის წევრიც სტასოვა სიცოცხლის ბოლომდე იყო.

1893 წელს სტასოვა გახდა ახლად დაარსებული „უმაღლეს ქალთა კურსებზე სწავლა დამთავრებულთათვის დახმარების საზოგადოების“ თავმჯდომარე. ეს საზოგადოება ჩამოყალიბდა კურსდამთავრებულთა წრისგან, რომლებიც რეგულარულად იკრიბებოდნენ სტასოვას ბინაში.

1894 წელს სტასოვას ინიციატივით დაარსდა საზოგადოება „ბავშვთა დახმარება“, რომლის მმართველობაშიც გადავიდა ნადეჟდა სტასოვას სახელობის „ბაგა-ბაღი“ („იასლი“), სადაც იგი დაუღალავად მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. მთელი 1894 წლის განმავლობაში ნადეჟდა სტასოვა შრომობდა „ქალთა ურთიერთდახმარების საქველმოქმედო საზოგადოების“ ორგანიზებაზე, მაგრამ მოულოდნელმა სიკვდილმა არ მისცა მას საშუალება, ეხილა ახალი დაწესებულების გახსნა. ნადეჟდა სტასოვა გარდაიცვალა 1895 წლის 27 სექტემბერს (9 ოქტომბერს) პეტერბურგში. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ტიხვინის სასაფლაოზე (მთავარი ბილიკი), უფროს დასთან, სოფიასთან (ქორწინებაში კლარკი; 1820-1858) გვერდით.

  • С. К—ва. Стасова, Надежда Васильевна // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1900. — Т. XXXI. — С. 465.
  • Бородаевская В. Надежда Васильевна Стасова (биографический очерк) // Исторический вестник. — СПб.: Тип. А. С. Суворина, 1895. — Т. LXII. — С. 561—572.
  • Гарднер Е. И. Надежда Васильевна Стасова : некролог. «Мир Божий», 1892.
  • Дьяконова Е. А. Дневник русской женщины (ч. 2. «На Высших женских курсах. Петербург, 1895—1899»). — М.: Захаров, 2004. — 480 с. — (Биографии и мемуары).
  • Стасов В. В. Надежда Васильевна Стасова. 1899.
  1. Стасова Надежда Васильевна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Národní autority České republiky
  3. 3.0 3.1 Русский феминизм как вызов современности, СПб.: Алетейя, 2007, ISBN 978-5-903354-21-4.
  4. Князев Е., Надежда Стасова, Мария Трубникова, Анна Философова и народное дошкольное воспитание(რუსული), 2016, № 8, გვ. 106–110.
  5. Богословская Л. П., «Что делать?» Н. П. Чернышевского и женские артели 60-х годов XIX в.(რუსული), Москва: Наука, 1974, გვ. 124–134.
  6. Bratishcheva M., From Anonymity to Public Agency: The Women’s Publishing Cooperative in St. Petersburg, 1863–1879(ინგლისური), 2024, გვ. 291–321, ISSN 1874-6705, doi:10.1163/9789004682481.