ნაგისა ოსიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაგისა ოსიმა

ოსიმა 2000 წელს
დაბადების თარიღი 31 მარტი, 1932
ტამანო, ოკაიამა, იაპონიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი, 2013 (80 წლის)
ფუჯისავა, კანაგავა, იაპონია
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1953–1999

ნაგისა ოსიმა (იაპონ. 大島 渚; დ. 31 მარტი, 1932 – გ. 15 იანვარი, 2013) — იაპონელი კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „გრძნობათა იმპერია“ (1976) და „შობას გილოცავთ, მისტერ ლოურენს“ (1938).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსიმამ უმაღლესი განათლება კიოტოს უნივერსიტეტში, პოლიტიკური ისტორიის ფაკულტეტზე მიიღო. სწავლის დამთავრების შემდეგ, 1954 წელს მან კინომწარმოებელ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. მისი რეჟისორული დებიუტი 1959 წელს ფილმით „სიყვარულისა და იმედის ქალაქი“ შედგა. 1960 წელს ოსიმამ იაპონიის რეჟისორთა გილდიის ახალბედა რეჟისორებისთვის დაწესებული ჯილდო მიიღო.[1]

1960-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 ოსიმამ კენძაბურო ოეს ნოველის მიხედვით ფილმი სახელმწოდებით „ნადავლი“ გადაიღო, რომელიც ომის პერიოდში სოფლის მაცხოვრებელ იაპონელებსა და დატყვევებულ აფრო-ამერიკელ ჯარისკაცს შორის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში წამოჭრილია ფანატიზმისა და ქსენოფობიის თემები, რომელთაც რეჟისორი კიდევ უფრო ღრმად იკვლევს თავის მომდევნო ნამუშევრებში: „იანბოგის დღიური“, „ჩამოხრჩობის გზით სიკვდილი“ და „სამი მკვდრეთით აღმდგარი ლოთი“.[2] გარკვეული დროის მანძილზე ოსიმა ტელევიზიაში მუშაობდა, სადაც მან არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მათ შორის აღსანიშნავია 1965 წლის ფილმი „იანბოგის დღიური“, რომელიც სეულის ქუჩებში მცხოვრები უსახლკარო ბავშვების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი რეჟისორის გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რომელმაც ეს უკანასკნელი სამხრეთ კორეაში მოგზაურობის შემდეგ გადაიღო.[3][4]

1968 წელს ოსიმამ სამი მხატვრული ფილმი გადაიღო. პირველი მათგანია „ჩამოხრჩობის გზით სიკვდილი“, რომელიც 1958 წელს იაპონიაში რეალურად განვითარებულ მოვლენებს ეყრდნობა. ფილმი ახალგაზრდა კორეელის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით სიკვდილით დასჯას მიუსჯიან.[5] რეჟისორმა ფილმში ასახა იაპონელთა რასობრივი დისკრიმინაცია ეთნიკური უმცირესობის, კერძოდ კორეელების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ფილმში ახალი ტალღის მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი მრავალი კინემატოგრაფიული ტექნიკა გვხვდება.

რეჟისორის მომდევნო ფილმი, „სინძუკუელი ქურდის დღიური“ კავშირს იკვლევს სექსუალურ და პოლიტიკურ რადიკალიზმს შორის.[6] ფილმში აღწერილია ყოველდღიური ცხოვრება, რომელშიც სექსუალური სურვილები კლეპტომანიის სახეს იღებს.

1969 წელს გამოვიდა ოსიმას მორიგი რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი სახელწოდებით „ბიჭი“. კინოსურათი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მამა ფულის საშოვნელად იყენებს. იგი მას აიძულებდა მიზანმიმართულად გამხდარიყო საგზაო შემთხვევების მსხვერპლი, რათა კომპენსაციის სახით ოჯახს სასურველი თანხა მიეღო.

1970-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსიმას 1971 წლის ფილმი „ცერემონია“ სატირაა იაპონური საზოგადოების შეხედულებების შესახებ. ეს უკანასკნელი კარგადაა გამოხატული სცენაში, როცა საქორწინო ცერემონია პატარძლის გარეშე ტარდება.

1976 წელს ოსიმამ „გრძნობათა სამეფო“ გადაიღო, რომელიც 1930-იანი წლების იაპონიაში რეალურად განვითარებულ ფატალური სექსუალური ობსესიის ამბავს მოგვითხროსა. ფილმმა იაპონური ცენზურის კრიტიკა დაიმსახურა. „გრძნობათა სამეფოს“ ამ უკანასკნელის მიერ უარყოფილი ვერსია იაპონიაში დღესაც არაა ხელმისაწვდომი.

1978 წელს ოსიმამ გადაიღო იგივე შინაარსის მქონე ფილმი, ამჯერად ნაწილობრივ განსხვავებული სახელწოდებით „გრძნობათა იმპერია“, თუმცა ამ შემთხვევაში მან შეყვარებულთა სექსუალური სწრაფვების გადმოცემისას მეტი თავშეკავებულობა გამოიჩინა. ფილმმა 1978 წლის კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში გაიმარჯვა.[7][8]

1980-იანი წლები და შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორს დიდი წარმატება მოუტანა 1983 წლის ფილმმა „შობას გილოცავთ, მისტერ ლოურენს“, რომელშიც მოქმედება ომის პერიოდში, იაპონიის ტყვეთა ბანაკში ხდება. ფილმში ცნობილი მუსიკოსი და როკ-ვარსკვლავი დეივიდ ბოუი, მუსიკოსი რიუიჩი საკამოტო და ტაკეში კიტანო თამაშობენ. ფილმი კლასიკად მიიჩნევა, თუმცა მაყურებლისთვის მეინსტრიმული არასოდეს ყოფილა.[9] „შობას გილოცავთ, მისტერ ლოურენს“ ეფუძნება ლოურენს ვან დერ პოსტის 1963 წლის მოთხრობების ტრილოგიას „თესლი და მთესველი“, რომელიც ავტორის მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იაპონიაში ტყვედ ჩავარდნის გამოცდილებას ეყრდნობა.1986 წელს ოსიმამ კომედია „მაქსი, ჩემი სიყვარული“ გადაიღო, რომელიც დიპლომატის ცოლის შიმპანზესთან სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

1980-იან და 1990-იან წლებში ოსიმა იაპონიის რეჟისორთა გილდიის პრეზიდენტი იყო.[10]

1993 წელს ოსიმას ესეებისა და სტატიების კრებული ინგლისურ ენაზე სათაურით „კინო, ცენზურა და სახელმწიფო“ გამოქვეყნდა.[11] 1995 წელს რეჟისორმა ბრიტანეთის კინოინსტიტუტისთვის იაპონური კინოს შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო.[12]

1996 წელს ოსიმამ ინსულტი განიცადა, რის შემდეგაც სარეჟისორო მოღვაწეობას 1999 წელს ფილმით „ტაბუ“ დაუბრუნდა“, რომელიც სამურაების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მოქმედება ბაკუმაცუს ეპოქაში ხდება. მთავარ როლებს ტაკეში კიტანო და რიუიჩი საკამოტო ასრულებენ.

ფილმის გამოსვლის შემდეგ რეჟისორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, იგი ხშირად განიცდიდა ინსულტებს, რის გამოც „ტაბუ“ მისი ბოლო ნამუშევარი გახდა. ოსიმა გეგმავდა ბიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით „ჰოლივუდის ძენი“ გადაეღო, რომელშიც მთავარ როლს სესუ ჰაიაკავა შეასრულებდა. სცენარი უკვე დასრულებული იყო და ლოს-ანჯელესში გადაღებების დასაწყებად ემზადებოდნენ, თუმცა სხვადასვხა შეფერხებებისა და რეჟისორის მოულოდნელი გარდაცვალების გამო პროექტი განუხორციელებელი დარჩა.[13][14]

ოსიმა 80 წლის ასაკში, 2013 წლის 15 იანვარს გართულებული პნევმონიის შედეგად გარდაიცვალა.[15]

2013 წლის სექტემბერში, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ოსიმას რეტროსპექტივა წარადგინეს.[16]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nihon Eiga Kantoku Kyōkai Shinjinshō Japanese. Directors Guild of Japan. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 22, 2010. ციტირების თარიღი: December 11, 2010.
  2. Turim 1998, p. 168
  3. Bock 1978, p. 333
  4. Oshima 1992, p. 101
  5. Richie, Donald (2001). A Hundred Years Of Japanese Film. Tokyo: Kodansha International, გვ. 198. 
  6. Turim 1998, p. 88
  7. Festival de Cannes: Empire of Passion. festival-cannes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 27, 2012. ციტირების თარიღი: January 16, 2013.
  8. „Nagisa Oshima“. The Daily Telegraph. London. January 15, 2013.
  9. Oliver, Jia. Merry Christmas, Mr. Lawrence — A Clash of Cultures. Medium. ციტირების თარიღი: 18 December 2019.
  10. Nihon eiga kantoku kyōkai nenpyō Japanese. Nihon eiga kantoku kyōkai. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 26, 2010. ციტირების თარიღი: August 17, 2010.
  11. Oshima 1992
  12. 100 Years of Japanese Cinema. ციტირების თარიღი: 21 May 2020.
  13. Schilling, Mark. Nagisa Oshima: a leading force in film. The Japan Times. ციტირების თარიღი: 21 December 2014.
  14. Gil Rossellini Interview with Nagsia Oshima (Part 3 of 3). YouTube. ციტატა: „Yes, I am planning to shoot a story of a Japanese. His name is Sessue Hayakawa. He was the only Japanese star in Hollywood. It was the 1910s silent film period of Hollywood. I will try to describe this star and the situation of the Japanese in the states.“ ციტირების თარიღი: 21 December 2014.
  15. Bergen, Ronald (January 15, 2013). „Nagisa Oshima obituary“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 16 January 2013.
  16. The 61st San Sebastian Festival will dedicate a retrospective to Nagisa Oshima. San Sebastian Film Festival (January 17, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 17 January 2013.