მხითარ გოშის სამართლის წიგნი
მხითარ გოშის სამართლის წიგნი — სომხური იურიდიული კრებული[1], რომელიც ვარდაპეტმა (სჯულის მოძღვარმა) მხითარ გოშმა შეადგინა. კანონთა წერა გოშს 1184 წელს დაუწყია; ზოგი მკვლევრის ვარაუდით, კრებულზე იგი გარდაცვალებამდე (1213) მუშაობდა. სამართლის წიგნი შედგება შესავლისა (თავი I-XI) და 2 ნაწილისაგან: საეკლესიო სჯული (მმ. 1-124) და საერო სჯული (მმ. 1-130). კრებული შედგენილია უსუსტემოდ, სამართლის ნორმები და დებულებები გადმოცემულია ლიტერატურული წყაროების მიხედვით, რომლებსაც დართული აქვთ შემდგენლის კომენტარები და რჩევა-დარიგებანი. კანონთა ძირითადი წყაროა სომხეთის ჩვეულებითი სამართალი. ძველი აღქმიდან გამოყენებულია „გამოსლვათა“, „მეორე სჯულთა“ და „ლევიტელთა“ წიგნების ნორმები. ბევრ მუხლში დამოწმებულია ადგილები სახარებიდანაც. კრებულში შეტანილია ბიზანტიის სამართლებრივი ნორმები, აგრეთვე მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებათა დადგენილებანი „წმინდათა მამათა“ (ათანასე, ბასილი კესარიელი და სხვები) კანონები. გამოყენებულია სომხეთის კანონების კრებული „კანონნი მამათა შედგომილთა“. სამართლებრივი წიგნის ერთ-ერთი წყაროა სასამართლო პრაქტიკა. კანონთა კრებულის მიზანი იყო გაბატონებულ ფეოდალურ ურთიერთობათა დაცვა; ამასთანავე, იგი შეიცავს მორალური ხასიათის რჩევა-დარიგებებს ფეოდალური თვითნებობის შეზღუდვის შესახებ.
მხითარ გოშის სახელი ცნობილი იყო თამარის სამეფო კარზე. მას მნიშვნელოვანი მიმოწერა ჰქონდა ზაქარია და ივანე მხარგრძელებთან. XVIII საუკუნის დამდეგს ვახტანგ VI-მ გადმოათარგმნინა „სომეხთა მეფეთა წიგნი სამართლისანი“ — „სამართალი სომხური“, რომელშიც მეორე ნაწილად შეტანილია მხითარ გოშის სამართლის ქართული ვერსია. ქართული თარგმანი საგრძნობლად გადამუშავებულია, არ იცავს დედნის თავებად და მუხლებად დაყოფას.
მხითარ გოშის სამართლის წიგნი მოქმედ სამართალს წარმოადგენდა სხვა ქვეყნებისა და მხარეების სომხეთის კოლონიებში (ყირიმი, პოლონეთი და სხვა). მან დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის სომხურ კანონმდებლობაზე. კერძოდ, სმბატის სამართლის წიგნზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ 1, თბ., 1963;
- Армянкий судебник Мхитара Гоша, пер., с древнеарм., Ер., 1954;
- დოლიძე ი., ქსე, ტ. 7, გვ. 277-278, თბ., 1984
- Robert W. Thomson. The Lawcode (Datastanagirk') of Mxit'ar Goš. — Rodopi, 2000
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Robert W. Thomson. The Crusaders through Armenian Eyes // The Crusades from the Perspective of Byzantium and the Muslim World / Edited by Angeliki E. Laiou and Roy Parviz Mottahedeh. — Dumbarton Oaks, 2001. — P. 80.