მხედველობის შეგრძნებები
მხედველობის შეგრძნებები — სინათლისა და ფერის შეგრძნებები. მხედველობის შეგრძნებების რეცეპტორები (გამღიზიანებლის მიმღები) — „ჩხირები“ და „კოლბები“ — განლაგებულია თვალის ბადურაზე. ჩხირების გაღიზიანება იწვევს სინათლის ანუ აქრომატული ფერების (თეთრიდან შავამდე) შეგრძნებებს, კოლბებისა კი — ქრომატული, ე. ი. ფერადი სპექტრული ფერებისას. ჩხირები (120 მლნ-ზე მეტი) განლაგებულია მთელ ბადურაზე, კოლბები (7 მლნ.) კი — მხოლოდ ცენტრში. ამიტომ გვერდით მხედველობაში სპექტრულ ფერებს რუხ ან შავ ფერად შევიგრძნობთ. სუსტი განათებით კოლბები ვერ ღიზიანდება, ამის გამო მხოლოდ ჩხირების გაღიზიანებით ბინდისას სპექტრული ფერები რუხ ან შავ ფერად შეიგრძნობა. ადამიანის თვალი შეიგრძნობს 7 ძირითადი ფერის 200 ელფერს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულია სინათლის ხარისხის, სიმაძღრისა (სიწმინდისა), და თვით ფერის შეგრძნების მიხედვით ფერის შეგრძნება იცვლება ფერების კომბინაციითაც: ორი ფერის ერთდროული მოქმედება (მათი შერევა) იწვევს ახალი ფერის შეგრმნებას ფერის შეგრძნებაზე გავლენას ახდენს ფერთა სივრცითი მეზობლობაც, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფონის ფერის კონტრასტული გავლენა მასზე მოცემული ფერის შეგრძნებაზე. მხედველობის შეგრძნებების ძლიერი ადაპტაცია ახასიათებს. სინათლის გარკვეული ხარისხის შეგუების შედეგად განათების ხარისხის ერთბაშად შეცვლა იწვევს მხედველობის ძლიერ დაქვეითებას (დროებით). ფერადი განათების პირობებში ხანგრძლივად ყოფნისას ადამიანი ადაპტაციის გამო ვეღარ შეიგრძნობს ამ განათების ფერს. მხედველობის ხანგრძლივი ან ძლიერი გაღიზიანების შეწყვეტის შედეგად მცირე ხნით თავს იჩენს მისი შემდეგმოქმედება იმავე ფერის ან კონტრასტული ფერის მხედველობის შეგრძნებების სახით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნათაძე რ., ზოგადი ფსიქოლოგიაკც გამოც. მე-2, თბ., 1977;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 276.