შინაარსზე გადასვლა

მხედველობის ნერვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მხედველობის ნერვი (აღნიშნულია ყვითლად)

მხედველობის ნერვი (ლათ. nervus opticus) — თავის ტვინის II წყვილი ნერვი. იწყება თვალის ბადურას მგრძნობიარე უჯრედებში (კოლბებსა და ჩხირებში), საიდანაც აგზნება გადაეცემა ბიპოლარულ, შემდეგ კი განგლიოზურ უჯრედებს. განგლიოზური უჯრედების სნეირიტები შეჯგუფდებიან მხედველობის ნერვის დვრილში, რომელიც თვალის უკანა პოლუსის შიგნითაა მოთავსებული, შემდეგ გაივლიან თვალის კაკლის სკლერაში და საკმაოდ მსხვილ მხედველობის ნერვს ქმნიან. მხედველობის ნერვი გამოდის თვალბუდიდან მხედველობის არხის საშუალებით, შედის ქალას ღრუში და სოლისებრი ძვლის სხეულზე მეორე თვალის მხედველობის ნერვთან ერთად ქმნის არამთლიან მხედველობის ჯვარედინს. მოპირდაპირე მხარეზე გადადის მხოლოდ ნაზალური (ცხვირის) ნაწილის აქსონები. მხედველობის ნერვში მოთავსებულია ბადურას ცენტრალური არტერია და ვენა. მხედველობის ჯვარედინის შემდეგ მხედველობის ნერვს მხედველობის ტრაქტი ეწოდება; იგი უვლის ტვინის ფეხებს და აღწევს მხედველობის პირველად ცენტრებს (ქერქქვეშა ბირთვებს), გარეთა დამუხლვილ სხეულებს, მხედველობის ბორცვის ბალიშს და სახურავი ფირფიტის ზედა გორაკს. აქედან ბოჭკოები სხივისებურად მიემართება მხედველობის ქერქულ ცენტრში, რომელიც მოთავსებულია კეფის წილის ე. წ. ენის და სოლის ხვეულებში.