მხედვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მხედვარი
Wiedźmin
მხედავარი - უკანასკნელი სურვილი.jpg
პირველი გამოცემის გარეკანი
წიგნები
  • „უკანასკნელი სურვილი“ (1993)
  • „ბედისწერის მახვილი“ (1992)
  • „ელფების სისხლი“ (1994)
  • „ზიზღის საათი“ (1995)
  • „ცეცხლით ნათლობა“ (1995)
  • „მერცხლის კოშკი“ (1997)
  • „ტბის მბრძანებელი“ (1999)
  • „ქარიშხლების სეზონი“ (2013)
ავტორი ანჯეი საპკოვსკი
ქვეყანა პოლონეთი
ენა პოლონური
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Gollancz, Orbit Books
ქართული გამოცემა 2015

„საგა მხედვარზე“ (პოლ. Saga o wiedźminie) — ფენტეზის ჟანრის რომანთა სერია, დაწერილი პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის მიერ. სერიის მთავარი გმირია ურჩხულებზე მონადირე მხედვარი გერალტ რივიელი. სერიის პირველი მოთხრობა 1986 წელს დაიბეჭდა, ბოლო წიგნი კი — 2013 წელს. ნაწარმოებების მიხედვით გადაიღეს სერიალი, შეიქმნა სამი ვიდეო თამაში („მხედვარი“, „მხედვარი 2: მეფეთა მკვლელები“ და „მხედვარი 3: ველური ნადირობა“), დაიწერა და დაიდგა როკ-ოპერა, ხოლო პოლონეთში გამოიცემოდა კომიქსები გერალტისა და ნაწარმოებების სხვა გმირების თავგადასავალთა შესახებ. სერია ითარგმნა უამრავ ენაზე, მათ შორის ქართულადაც.

მხედვარის მოტივებზე შექმნილი თამაშები მეტად წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად, 2018 წლის მარტის მონაცემით, ვიდეო თამაშების სერიის საერთო გაყიდვები 33 მილიონ ეგზემპლარს აღემატება.[1]


შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოების მთავარი გმირია გერალტ რივიელი, მხედვარი — ურჩხულებზე მონადირე. მასაც, როგორც ყველა სხვა მხედვარს, ბავშვობაში გადატანილი მრავალმხრივი მუტაციების მეშვეობით განუვითარდა შესაძლებლობები: ძალა, რეაქცია, დაჩქარებული მეტაბოლიზმი. გერალტის მთავარი საქმე ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ ურჩხულების განადგურებაა.

საკუთარი კოდექსის მიხედვით, გერალტი ცდილობს თავიდან აირიდოს ჯადოქრებისა და მონარქების პოლიტიკურ ინტრიგებში გახლართვა. მიუხედავად ამისა ის ჩრდილოეთის სამეფოებისა და ნილფგაარდის იმპერიის დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდება. გერალტი განადგურებული სამეფოს, ცინტრის, მემკვიდრის, ცირის გადარჩენას ცდილობს. ცირი სამი უდიდესი ძალის ინტერესების გადაკვეთას წარმოადგენს (ნილფგაარდის იმპერატორი, ჯადოქარი ვილგეფორცი, გრძნეულთა ორდენი), რადგანაც წინასწარმეტყველების მიხედვით სწორედ მისმა შთამომავალმა უნდა გადაწყვიტოს სამყაროს ბედი.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„უკანასკნელი სურვილი“ (პოლ. Ostatnie życzenie), მოთხრობების კრებული (1993)

„ბედისწერის მახვილი“ (პოლ. Miecz przeznaczenia), მოთხრობების კრებული (1992)

„ელფების სისხლი“ (პოლ. Krew elfów) (1994)

„ზიზღის საათი“ (პოლ.Czas pogardy) (1995)

„ცეცხლით ნათლობა“ (პოლ. Chrzest ognia) (1996)

„მერცხლის კოშკი“ (პოლ. Wieża Jaskółki) (1997)

„ტბის მბრძანებელი“ (პოლ. Pani Jeziora) (1998)

„ქარიშხლების სეზონი“ (პოლ. Sezon burz) (2013)

ხოლო მოთხრობებს „დაუბრუნებელი გზა“ (პოლ. Droga, z ktorej sie nie wraca) (1988) და „რაღაც მთავრდება, რაღაც იწყება“ (პოლ.Coś się kończy, coś się zaczyna) (1992) სერიასთან პირდაპირი კავშირი არ გააჩნია, მაგრამ მოქმედება იმავე სამყაროში ხდება.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხედვარის სამყაროს რუკა

მიუხედავად იმისა, რომ საპკოვსკის „მხედვარის“ სამყაროსთვის რუკა არ შეუქმნია დღეისთვის მაინც არსებობს მკითხველების მიერ შექმნილი რუკები. საპკოვსკის განცხადებით მათი უმეტესება საკმაოდ კარგადაა რეალიზებული და ნაწარმოებზე მუშაობისას ჩეხი მთარგმნელის, სტანისლავ კომარეკის ვერსიას ეყრდნობა.[2] ასევე CD Projekt RED-მა ვიდეო თამაშ „მხედვარზე“ მუშაობისას ანჯეი საპკოვსკისთან ერთად სამყაროს რუკის საკუთარი ვერსია შექმნა.

შესაძლებელია გამოგონილი კონტინენტის ოთხ რეგიონად დაყოფა: ჩრდილოეთის სამეფოები (სწორედ აქ მიმდინარეობს ნაწარმოების უდიდესი ნაწილი): აედირნი, სიდარისი, ცინტრა, კაედვენი, კერაკი, კოვირი და პოვისი, ლირია და რივია, რედანია, ტემერეა, ვერდენი და რამდენიმე საჰერცოგო და სამთავრო როგორებიცაა ბრემერვურდი და ელანდერი. ნილფგაარდის იმპერიას სამხრეთის უდიდესი ნაწილი უკავია. კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილი, როგორიცაა კორათის უდაბნო, ჰაკლენდი და ცეცხლოვანი მთები, უცნობია.

სახელმწიფოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხედვარის სამყაროში უამრავი სახელმწიფოა წარმოდგენილი, მათგან (1275 წლისათვის) შესაძლებელია გამოვყოთ:

ნილფგაარდის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nilfgaard COA.svg

ნილფგაარდის იმპერია საპკოვსკის მიერ გამოგონილ სამყაროში უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენს. იმპერია გადაჭიმულია ასობით კილომეტრზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. აღმოსავლეთიდან იმპერიას ესაზღვრება კორათის უდაბნო, სადაც ნაწარმოების უიშვიათესი ქმნილებები, ცხენ-მარტორქები ცხოვრობენ.

იმპერიის ტექნოლოგიები და პოლიტიკური სისტემა ბევრად უსწრებს ჩრდილოეთისას (რომ არა იმპერატორი ემგირ ვარ ემრეისი, იმპერიაში კონსტიტუციური მონარქია დამყარდებოდა). ნილფგაარდი აქტიურ დაპყრობით პოლიტიკას ეწევა, ორჯერ მოეწყო საომარი კამპანია ჩრდილოეთში, მაგრამ მათმა გაერთიანებულმა არმიამ ორჯერვე დაამარცხა იმპერია (ცნობილია ბრენის ბრძოლა). დაპყრობილ სახელმწიფოებში ემგირ ვარ ემრეისმა მარიონეტული რეჟიმი ჩამოაყალიბა.

იმპერიის სავარაუდო შემქმნელი თორესი იყო. შემდგომში სისხლიანი გადატრიალებების მეშვეობით რამდენიმე დინასტია შეიცვალა. მართალია იმპერატორი ემგირ ვარ ემრეისი უძველეს საგვარეულოს მიეკუთვნება, მაგრამ ტახტი მანაც სახელმწიფო გადატრიალების ხარჯზე დაიკავა.

ასწლეულების განმავლობაში იმპერიას ემრეისების საგვარეულო მართავდა, მაგრამ მათი ბოლო წარმომადგენელი კონსტიტუციურ მონარქიაზე მეოცნებე არისტოკრატიამ ჩამოაგდო სამეფო ტახტიდან. მას შემდეგ კი რაც ტახტი ემგირ ვარ ემრეისმა ჯადოქარი ვილგეფორცის დახმარებით დაიბრუნა დიდებულებს კონსტიტუციური მონარქიის იდეის სრულად დავიწყება მოუწიათ. იმპერატორის პირდაპირ მემკვიდრედ ცირილა („ლომის ბოკვერი ცინტრიდან“) გამოცხადდა.

ემგირი უდავოდ გამორჩეული პიროვნება და მხედვარის ეპოქის უდიდესი მონარქია. მან შეძლო საუკეთესო არმიისა და გენერალური შტაბის შექმნა, დააწინაურა ღირსეული ადამიანები მათი წარმომავლობის მიუხედავად. ჩრდილოელებთან განცდილი მარცხების შემდეგაც კი არამხოლოდ შეინარჩუნა იმპერიის საზღვრები, არამედ ზოგან მათი გაზრდაც კი შეძლო.

ნილფგაარდის ჯადოქრები იმპერატორს ემორჩილებიან (სხვა გამოსავალი არც აქვთ). დრუიდები, რომლებიც დამოუკიდებლობის შენარჩუნებას შეეცადნენ იმპერიის უსაფრთხოების სამსახურმა ძირფესვიანად გაანადგურა, ეს კი კარგი მაგალითი აღმოჩნდა დანარჩენებისთვის.

იმპერიის ელიტა ადამიანებისა და ელფების სისხლის აღრევით ჩამოყალიბდა. დიდებულები ელფურ სახელებსა და ტიტულებს ატარებენ, აქტიურად იყენებენ უმაღლეს ენას. მიუხედავად იმისა რომ ნილფგაარდელები პატივს სცემენ თავიანთ ელფ წინაპრებს, ეს სრულებით არ მიაჩნიათ ელფების უფლებების დასაცავად ომის წამოწყების მიზეზად.

ტემერიის სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Temeria COA.svg

ტემერიის სამეფო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოა ჩრდილოეთის სამეფოებს შორის. ჩრდილოელების მთელი ისტორიის განმავლობაში ტემერია არამხოლოდ კარგ მოკავშირეს, არამედ კულტურის განვითარების უდიდეს კერას წარმოადგენდა (მაგალითად ტემერიაში მთელი ჩრდილოეთის მასშტაბით საუკეთესო ლუდს ხარშავენ). ტემერია აქტიურად იბრძოდა ჩრდილოეთის ნილფგაარდის ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მას ყოველთვის მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს მეზობელ სახელმწიფოებთან, მაგალითად პონტარის ველის გამო ტემერია საუკუნეების განმავლობაში მტრობს კაედვენს, რედანიასა და აედირნს. ტემერიის დაცვის ქვეშ უამრავი სახელმწიფოა მოქცეული. ვასალური სამეფოების რაოდენობით კი მხოლოდ ნილფგაარდის იმპერიას ჩამორჩება. ტემერიას ეკუთვნის კუნძული ტანედი, სადაც ყველასთვის ცნობილი ჯადოქრების ბუნტი მოეწყო (სწორედ ამ დროს დაიკარგა ცირი, გერალტი კი ძლიერ დაშავდა). თავდაპირველად, მეფე მადელეს მმართველობისას, ყველა რასა: ადამიანები, ელფები, ჯუჯები, კრასნოლუდები (ჯუჯების სახეობა პოლონურ მითოლოგიაში), ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდა. სამბუკ ტემერიელის (ყველასთვის ცნობილი მეფე ფოლტესტის პაპა) გამეფების შემდეგ კი ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა. ადამიანებისა და არაადამიანური რასების დაპირისპირებამ პიკს მეფე ფოლტესტის მმართველობისას ვიზიმის შტურმის დროს მიაღწია, ცეცხლოვანი ვარდის რაინდებისა და ელფების ბრძოლის შემდეგ.

რედანიის სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Redania COA.svg

რედანია ჩრდილოეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოა. ჩრდილოეთიდან ჰენგფორსის ლიგის სახელმწიფოები (კოვირი და პოვისი) ესაზღვრება, სამხრეთიდან — ტემერია, აღმოსავლეთიდან კი - კაედვენი. ძლიერების ზენიტს რედანიამ რადავიდ V მრისხანის (მის სიძლიერეს ნილფგაარდის იმპერიაც კი დიდ ანგარიშს უწევდა) მეფობისას მიაღწია. რედანიის დედაქალაქია ტრეტოგორი. რედანიის ქალაქებიდან გამოირჩევიან: ტრეტოგორი, ოქსენფურტი თავისი უნივერსიტეტით და ნოვიგრადი, ჩრდილოეთის უდიდესი სავაჭრო ქალაქი. კოვირის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რედანიის ეკონომიკა შეირყა, მაგრამ მაინც პირველ პოზიციას ინარჩუნებს ჩრდილოეთის სამეფოებს შორის. რადავიდ V-ს მამის, მეფე ვეზემირის მკვლელობის შემდეგ სამეფოში დროებით ორთა ფარული მმართველობა დამყარდა, რომელსაც სათავეში რედანიის დაზვერვის უფროსი, სიგიზმუნდ დიიქსტრა და ჯადოქარი ფილიპა ეილჰარტი, გრძნეულთა ორდენის მეთაური, ედგნენ. დიიქსტრას ზერიკანიაში გაქცევის შემდეგ სამეფოს მხოლოდ ფილიპა მართავდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა რადავიდმა ფილიპა ეილჰარტი ვეზემირის მკვლელობაში დაადანაშაულა და დააბრმავა.

სწორედ რედანიის არმიამ მოახერხა ბრენის ბრძოლაში ნილფგაარდელების უკუქცევა. რედანიამ რამდენიმეჯერ სცადა კოვირის ხელმეორე დამორჩილება, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ იძულებული გახდა ეცნო მისი დამოუკიდებლობა.

კაედვენის სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kaedwen COA.svg

კაედვენი, მეფე ჰენსელტით სათავეში, ჩრდილოეთის ყველაზე აგრესიულ სამეფოდ ითვლება. ჰენსელტის დაპყრობითი ლაშქრობები მხოლოდ კაინგორნის საჰერცოგოს (სწორედ აქ მდებარეობს მხედვრების ციხე-სიმაგრე, კაერ-მორჰენი) შეერთებით დასრულდა. რედანიასთან ერთად კაედვენი კოვირის დასასჯელ კამპანიაში მონაწილეობდა, მაგრამ ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა. კაედვენის მონარქი ყველა მეზობელს უყურებს როგორც სახელმწიფოს ტერიტორიების გაზრდის საშუალებას. მაგრამ მისი ყველა ჩანაფიქრი ცუდი საბრძოლო ტაქტიკისა და მოწინააღმდეგეების გმირული თავდადების გამო იმსხვრევა. ჩრდილოეთის ყველა სამეფოსადმი სიძულვილის მიუხედავად, საერთო საშიშროების დროს ბრენასთან ბრძოლაში ჰენსელტიც დაუპირისპირდა ნილფგაარდს.

მალეორის სამეფო და კაინგორნის საგრაფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Caingorn COA.svg

რა შეიძლება აერთიანებდეს, ერთი შეხედვით, ორ ასეთ განსხვავებულ სახელმწიფოს? კაინგორნი დაფარულია უზარმაზარი მთებით რომელთა შორისაც პატარა მდინარე ბრაა მიედინება, ხოლო მალეორი კი ტყეების, მდინარეებისა და მინდვრების სიხშირით გამოირჩევა. პასუხი ადვილია - ამ სახელმწიფოებს ერთი მმართველი ჰყავთ. დრაკონზე წარმატებული ნადირობის შემდეგ (რომელიც, როგორც ცნობილია, არც თუ ისე წარმატებული იყო), კაინგორნის ახალგაზრდა მეფე ნედამირმა მალეორის მმართველზე იქორწინა და ამ ორი სახელმწიფოს გაერთიანება სცადა. ამან ჰენგფორსის ლიგის სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვია.

მეფე ნედამირის გარდაცვალების შემდეგ მალეორმა კაინგორნისგან გამოყოფის შესახებ გამოაცხადა, საგრაფო კი ორ ბანაკად გაიყო. დიდებულების ერთი ნაწილის აზრით მეფე ნედამირის ვაჟი, მერვინ II უნდა გამხდარიყო (მათ ყველასათვის ცნობილი საბრინა გლევისიგი მეთაურობდა), მეორე ნაწილს კი მიაჩნდა, რომ სამეფო ტახტი ეკუთვნოდა ნედამირის ქალიშვილს დეიდრას (რომელიც კაერ-მორჰენში იმალებოდა). მხედვრების ჩარევის შემდეგ ტახტი დეიდრამ დაიკავა. ამან ჰენგფორსის ლიგის ქვეყნებისა (საიდანაც კაინგორნი უმალ გარიცხეს) და კაედვენის მეფის ჰენსელტის უკმაყოფილება გამოიწვია. მთავარი ისაა, რომ საგრაფოში მშვიდობა დამყარდა, რომელიც ჩრდილოეთში ნილფგაარდის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმაც კი ვერ დაარღვია.

ჰენგფორსის ლიგის სამეფოები (ნაროკი, ტალგარი, ველგადი და ჰენგფორსი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kovir&Poviss COA.svg

ჰენგფორსის ლიგა ეწოდება ჩრდილოეთის პატარა სახელმწიფოებს შორის იურუდიულად დამტკიცებულ კავშირს, რომელიც ქალაქ ჰენგფორსში დაიდო. მთავარი როლი ლიგაში უკავია კოვირს — „ვაჭრობის ღმერთს ჩრდილოეთში“, მაგრამ ლიგაში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად მეთაურად სხვა წევრ ქვეყანას ირჩევენ. კოვირის ისტორია საკმაოდ უჩვეულოა. დიდი ხნის განმაფლობაში ეს სახელმწიფო რედანიის ერთ-ერთ საგრაფოს წარმოადგენდა. ყველა სავაჭრო რესურსი რედანიაში კოვირის გავლით ხვდებოდა, საგრაფოს ბირჟები მდიდრდებოდა, ვალუტა ძვირდებოდა, ინფრასტრუქტურა კი ვითარდებოდა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ კოვირი რედანიას გამოეყო. ასეთი მდგომარეობით უკმაყოფილო რადავიდ III -მ რამდენიმე სადამსჯელო ექსპედიცია გაგზავნა კოვირში, მაგრამ მაღალ საფასურად დაქირავებულმა ჯარებმა შეძლეს კოვირის დაცვა. საბოლოოდ რედანია იძულებული გახდა ეღიარებინა კოვირის დამოუკიდებლობა. არსებობს ლეგენდები კოვირის მეფის ესტერად ტისენისა და მისი მეუღლის დედოფალი ზულეიკას სიყვარულის შესახებ. მეფე ესტერადი დაქირავებული მკვლელისგან დედოფალის დაცვისას დაიღუპა.

მეფის სიკვდილის შემდეგ კოვირს სათავეში დედოფალი ზულეიკა ჩაუდგა, სახელმწიფოს მართვაში მას ჯადოქარი შეალა დე ტანსერვილი ეხმარებოდა, რომელიც შემდგომში კოვირისა და მთელი ჰენგფორსის ლიგის დაუძინებელი მტრის, კაედვენის მხარეზე გადავიდა.

სხვა სამეფოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Aedirn COA.svg
    აედირნი

ჩრდილოეთის სამეფოებს შორის ყველაზე უბედური ისტორიით აედირნი გამოირჩევა. მის ტერიტორიებზე გაბატონებით დაინტერესებულია, როგორც ნილფგაარდის იმპერია, ასევე თითქოსდა მოკავშირე ტემერია და კაედვენი. აედირნის მეფე, დემავენდი ყველაზე სუსტ მონარქად ითვლება ჩრდილოეთში.

  • Cintra COA.svg ცინტრა

ეს პატარა სახელმწიფო ნილფგაარდის პროვინცია ნაზაირს ესაზღვრებოდა და სტრატეგიული მდებარეობით გამოირჩეოდა. ნილფგაარდის პირველი ომისას ცინტრას დედაქალაქი გადაწვეს, მისი დიდებულების დიდი ნაწილი კი, დედოფალ კალანტესთან, ერთად ბრძოლაში დაიღუპა. როდესაც ცინტრა ნილფგაარდის პროვინციად გამოცხადდა მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერდენში, ბრუგეში, ტემერიასა და სკელიგეზე გადასახლდა. ნილფგაარდის მეორე ომისას ტემერიის შეტევებმა ცინტრაზე ემგირი იძულებული გახადა ორ ფრონტზე ებრძოლა. ზავის დადების შემდეგ ოფიციალურად ცინტრის ტახტი ცირილა ფიონა ელენ რიანონმა დაიკავა („სწორედ ის იყო ლომის ბოკვერი ცინტრიდან“, წინასწარმეტყველებაში ნახსენები ბავშვი).

  • Lyria&Rivia COA.svg ლირიისა და რივიის სამეფო

მახაკამის მთებს იქით, ტემერიის სამეფოს აღმოსავლეთით, მდებარეობს მისი უძველესი მოკავშირე, რივია. მხედვარი გერალტის სამშობლო. რივიის მეფისა და ლირიის მმართველის, მევიას, ქორწინების შემდეგ ეს ორი სახელმწიფო გაერთიანდა. საგის დასაწყისისთვის მევიას მეუღლე უკვე აღარ იყო ცოცხალი ამიტომ ის მართავდა ორივე სახელმწიფოს. რივია და ლირია ნილფგაარდის აგრესიის პირველი მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, ისინი სწრაფად და წინააღმდეგობის გარეშე დაიპყრეს. რივია დამპყრობელს თავიდანვე დანებდა, ლირია კი დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდა პარტიზანულ ომს მევიას მეთაურობით.

  • Verden COA.svg ვერდენის სამეფო

ჩრდილოეთის ომში ვერდენმა უდიდესი როლი ითამაშა. თავდაპირველად ვერდენის მეფე ერვილი ნილფგაარდის ვასალი გახდა, რადგანაც ფოლტესტ ტემერიელის აგრესსის ეშინოდა. მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მეფე ერვილმა ტახტი შვილის, კისტრინის, სასარგებლოდ დათმო, რომელიც ჩრდილოეთის კოალიციის მხარეს გადავიდა. ამის შემდეგ ვერდენელები მედგრად ებრძოდნენ იმპერიას, არ აძლევდნენ მათი ქვეყნის დაპყრობისა და ტემერიის ტერიტორიაზე გადასვლის საშუალებას.

  • Brugge COA.svg ბრუგეს სამეფო

ბრუგეს მეფე ვენზლავი აქტიურად ავიწროვებდა არაადამიანურ რასებს, რის გამოც სახელმწიფოში ხშირად ეწყობოდა აჯანყებები. ნილფგაარდიის აგრესიისადმი შიშის გამო ვენზლავმა ბრუგე ტემერიის ვასალად გამოაცხადა.

  • სიდარისის სამეფო. მისი მმართველია მეფე ეტაინი.
  • სოდენის სამეფო. იმართება ვიზიმიდან(ტემერიის დაცვის ქვეშ).
  • თავისუფალი ელფების სახელმწიფო დოლ ბლატანა. ნილფგაარდის მიერ შექმნილი მარიონეტული სამეფო. მისი მმართველია ფრანჩესკა ფინდაბაირი.
  • ტუსენტის საგრაფო. მისი მმართველია ანა ჰენრიეტა (ნილფგაარდის დაცვის ქვეშ).
  • ზერიკანია - იდუმალი სახელმწიფო სამხრეთში, ნილფგაარდის აღმოსავლეთით.
  • სკელიგეს კუნძულების სახელმწიფო - დამოუკიდებელი სახელმწიფო ცინტრის სანაპიროსთან ახლოს. მხარს უჭერდა ჩრდილოეთს ნილფგაარდთან ომის დროს. სკელიგეს მმართველია კრახ ან კრაიტი.
  • ჰაკლანდი - იდუმალი სახელმწიფო არმოსავლეთში, ზერიკანიის შემდეგ.
  • ოფირი და ზანგვებარი - ორი უცნობი სახელმწიფო ზღვის იქით.

ნაწარმოების განსაკუთრებული ასპექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერია „მხედვარი“ „პოსტმოდერნულ“ ფენტეზის მიეკუთვნება — მიმართულებას, რომელიც უხვევს „ეპიკური ფენტეზის“ კანონებისგან და უფრო მკაცრ რეალობას გვიჩვენებს. ავტორი ფენტეზის ტრადიციულ დეკორაციებს ინარჩუნებს შუა საუკუნეების ევროპის სტილით. მაგრამ პერსონაჟების აზრები, მათი ფსიქოლოგია, მოტივაცია ხშირად განგებ ეწინააღმდეგება იმ გარემოებას, რომელშიც ისინი ავტორის ჩანაფიქრით არიან მოთავსებულნი, და უფრო ჩვენს თანამედროვეებს შეესაბამებიან. იგივე ეხება ნაწარმოებში წამოჭრილ კითხვებსა და პრობლემებს. ისინი ძლიერ აქტუალურია თანამედროვე მკითხველისთვის: პროგრესი და მისი საფასური, ცივილიზაციებს შორის ბრძოლა, რასიზმი, გენოციდი.

ნაწარმოების სამყარო ძლიერ ჰგავს ამერიკას ევროპული კოლონიზაციის პირველი ტალღის შემდეგ. ტერიტორიების დიდი ნაწილი ადამიანების მიერაა დასახლებული. ადგილობრივი მოსახლეობა („არაადამიანები“) იძულებულია განიცადოს ასიმილაცია, შეეგუოს რეზერვაციებს და გეტოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში განიდევნებიან მთებსა და საცხოვრებლად უვარგის ადგილებზე.

„მხედვარის“ სამყაროში მრავალი ფრაქცია მოქმედებს: ხალხები, რასები, სახელმწიფოები, ორგანიზაციები, საიდუმლო საზოგადოებები, რომლებიც ხშირად საკუთარი ანგარებიანი ინტერესებისთვის იბრძვიან. მათი ურთიერთობა ნაწარმოების გმირებთან არასტაბილურობით გამოირჩევა, ყოფილი მოკავშირეები ადვილად ხდებიან დაუძინებელი მტრები, და პირიქით. მთავარი გმირები გამუდმებით ხვდებიან ორ ცეცხლს შორის, როდესაც უწევთ არჩევნის გაკეთება ისეთ სიტუაციაში, სადაც სწორი გზა საერთოდ არ არსებობს.

ავტორი უარს აცხადებს ნაწარმოების მეკვეთრად, შავ და თეთრ ფერებად დაყოფაზე, ის ყველაფერს რუხის განსხვავებულ ელფერებში წარმოგვიჩენს. ამასთან ერთად, არც თუ იშვიათად გვიჩვენებს ადამიანების „ბნელ მხარეს“, დაუნდობლობას, ძალადობას, ქსენოფობიას. სერიის ბოლო წიგნებში მკვეთრად ჩანს ანტისაომარი რიტორიკა, მაგრამ ამ ყველაფერს პაციფიზმამდე არ მივყავართ.

ნაწარმოებში წარმოდგენილი რასები : ელფები, ჯუჯები, გარეგნულად ფენტეზის ყველა კანონს ემორჩილებიან, მაგრამ მათი სახეები შევსებულია ჟანრისთვის არადამახასიათებელი ელემენტებით. მაგალითად, ელფები ფენტეზიში ტრადიციულად წარმოჩენილნი არიან როგორც ბრძენნი და კეთილისმყოფელნი, მაგრამ საპკოვსკი წარმოგვიდგენს მათ — უძველეს, პრაქტიკულად გამრავლების შესაძლებლობადაკარგულ და ამის გამო გადაშენების პირას მყოფ, ამპარტავან და საკუთარ თავზე შეყვარებულ რასად. ისინი სიძულვილითა და სისასტიკით ადამიანებს არაფრით ჩამოუვარდებიან.

ნაწარმოებში მკვეთრადაა გამოკვეთილი სასიყვარულო-რომანტიკული ისტორია. ასევე აღსანიშნავია თავისებური იუმორი, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში თანამედროვეობაში არსებული პრობლემების სატირაში გადადის. ავტორი ხშირად იყენებს მითოლოგიურ და ზღაპრების სიუჟეტებს, მაგრამ თითქმის მთლიანად ცვლის მათ კონცეფციას.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოების სერიისთვის საპკოვსკიმ შექმნა უმაღლესი ენა,[3][4] რომელიც ემყარება ინგლისურს, ფრანგულს, უელსურს, ირლანდიურსა და ლათინურს. კუნძულ სკელიგეზე კი უმაღლესი ენის განსხვავებულ დიალექტზე საუბრობენ.

კალენდარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელფების კალენდარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელფების კალენდარი მზის ფაზების მიხედვითაა შექმნილი. გააჩნია რვა პერიოდი - Savaed:

  • საოვინე (Saovine)
  • იულე (Yule)
  • იმბაელკ (Imbaelk)
  • ბირკე (Birke)
  • ბლატჰე (Blathe)
  • ფეაინ (Feainn)
  • ლამას (Lammas)
  • ველენ (Velen)

ახალი წელი საოვინის პირველ რიცხვში იწყება (ნოემბრის დასაწყისი).

არსებობს რვა მნიშვნელოვანი დღესასწაული : ორი ნაბუნიობა და ორი ბუნიობა, კიდევ ოთხი დღესასწაული რომლებიც ჯადოქრობას უკავშირდება.

ადამიანების კალენდარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანების კალენდარი მთვარის ფაზების მიხედვითაა შექმნილი. წელიწადი დაყოფილია 12 თვედ. ახალი თვე ახალი მთვარის დროს იწყება. ადამიანებმა ასევე გადმოიღეს ელფების რვავე დღესასწაული და საკუთარ კალენდარს შეუთავსეს.

ქარიშხლების სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 27 სექტემბერს მწერლების პროფესიონალურ სემინარზე საპკოვსკიმ დაადასტურა, რომ მუშაობდა მხედვარის გაგრძელებაზე: „ დარწმუნებული ვიყავი, რომ დავხურე ეს თემა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამიჩნდა ახალი იდეები, ასე რომ შესაძლებელია იყოს გაგრძელება“[5].

2013 წლის შემოდგომას პოლონეთში გამოვიდა ახალი რომანი მხედვარზე „ ქარიშხლების სეზონი“. რომანში მიმდინარე ზოგიერთ მოვლენაზე საუბარია მოთხრობაში „რაღაც უფრო მეტი“.

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მხედვარი“ ითარგმნა: ქართულ, ჩეხურ, პორტუგალიურ, გერმანულ, რუსულ, ლიტვურ, ესტონურ, ფინურ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, ბულგარულ, უკრაინულ, სერბულ, შვედურ, უნგრულ, ნიდერლანდურ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე.

ქართული თარგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნის სახელი გამოცემის დრო გამომცემლობა
„უკანასკნელი სურვილი“ 2015 გამომცემლობა წიგნები ბათუმში
„ბედისწერის მახვილი“ 2015 გამომცემლობა წიგნები ბათუმში
„ელფების სისხლი“ 2016 გამომცემლობა წიგნები ბათუმში
„ზიზღის საათი“ არ თარგმნილა
„ცეცხლით ნათლობა“ არ თარგმნილა
„მერცხლის კოშკი“ არ თარგმნილა
„ტბის მბრძანებელი“ არ თარგმნილა
„ქარიშხლების სეზონი“ არ თარგმნილა

ადაპტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლიდან 1995 წლის ჩათვლით ანჯეი საპკოვსკის ნაწარმოებების მიხედვით 6 კომიქსი გამოიცა.

  • „დაუბრუნებელი გზა“ (პოლ. Droga bez powrotu)
  • „გერალტი“ (პოლ. Geralt)
  • „ნაკლები ბოროტება“ (პოლ. Mniejsze zło)
  • „უკანასკნელი სურვილი“ (პოლ. Ostatnie życzenie)
  • „შესაძლებლობის ზღვარი“ (პოლ. Granica możliwości)
  • „ღალატი“ (პოლ. Zdrada)

2001 წელს გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი, 2002 წელს კი — სერიალი „მხედვარი“ მიხეილ შერბიცის სცენარის მიხედვით. გერალტის როლი მიხეილ ჟებროვსკიმ შეასრულა. ფილმი სერიალის შემოკლებულ ვერსიას წარმოადგენდა. საბოლოოდ ფილმმაც და სერიალმაც უარყოფითი გამოხმაურებები მიიღო, როგორც კრიტიკოსებისგან, ასევე მკითხველებისგან.

2001 წელს პოლონურმა გამომცემლობა MAG-მ ნაწარმოების სერიის მიხედვით შექმნა სამაგიდო თამაში „მხედვარი: წარმოსახვის თამაში“ (პოლ.Wiedźmin: Gra Wyobraźni).

2007 წელს პოლონურმა კომპანიამ CD Projekt RED-მა გამოუშვა კომპიუტერული თამაში „მხედვარი“, 2011 წელს გამოუშვეს გაგრძელება - „მეფეთა მკვლელები“, 2015 წელს კი — მესამე ნაწილი „ველური ნადირობა“.

2009 წელს როკ-ჯგუფმა „ESSE”-მ საგის მიხედვით დადგა როკ-ოპერა „დაუბრუნებელი გზა“.

2015 წელს გამოვიდა კომიქსი „მელიის შვილები“, რომელიც „ქარიშხლების სეზონის“ მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე თავებს ეფუძნება.

2019 წლის მიწურულს, მედია-გიგანტი „Netflix“ უშვებს „მხედვარის“ ტელეადაპტაციას, სადაც გერალტ რივიელის როლს ბრიტანელი მსახიობი ჰენრი კევილი შეასრულებს.[6][7][8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Witcher series has sold over 33 million copies worldwide. VideoGamer.com (22 მარტი, 2018). წაკითხვის თარიღი: 29 ივნისი, 2018.
  2. "Nie bądź, kurwa, taki Geralt" - interview on author's page Polish. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-12-15.
  3. Marek, Ruszkowski (2004). Wielojęzyczność w perspektywie stylistyki i poetyki. Wydawnictwo Akademii Swiętokrzyskiej, გვ. 98. ISBN 83-7133-232-7. 
  4. Projekt słownika Starszej Mowy. წაკითხვის თარიღი: 6 March 2013.
  5. Встреча с Анджеем Сапковским
  6. Henry Cavill on Instagram.
  7. Henry Cavill to Star in 'Witcher' Series at Netflix.
  8. Henry Cavill to Topline Netflix Drama Series 'The Witcher'.