მწითურების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მწითურების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მწითურების სამხრეთ-აღმოსავლეთით, 200 მ-ზე. მდინარე აბანოსხევის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარ ქერიანთკარის ტერიტორიაზე. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები აკრავს. ნაგებია რიყის ქვით, წყობაში აქა-იქ გამოყენებულია შირიმიც. ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიის კედლები დახეთქილია, დეფორმირებულია და გარედან თითქმის მთლიანად მიწითაა დაფარული. დანგრეულია ეკლესიის სამხრეთ კედელი და სამხრეთ მინაშენი ჩრდილოეთ მინაშენს კამარისა და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილი აქვს. ეკლესიისა და ჩრდილოეთ მინაშენის ინტერიერის 1-1,5 მეტრი სიმაღლეზე მიწითა და ნანგრევებითაა ამოვსებული. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნალისებრ აფსიდში ორი მცირე ზომის ნიშია.

აფსიდის შუა ნაწილი განგრეულია და სარკმლის კვალი აღარ ჩანს. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო ფართო და მაღალი ყრუ თაღია. ჩრდილოეთ თაღისა და აფსიდს შორის ვიწრო თაღოვანი კარია, იგი ეკლესიას ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებს. ჩრდილოეთ მინაშენი განივი კედლით გაყოფილია ორ, თითქმის თანაბარი ფართობის სათავსად, რომლებიც ვიწრო და მაღალი კარით უკავშირდება ერთმანეთს. შემორჩენილია კარის ჩრდილოეთ წირთხლი და თარაზული გადახურვის ნაწილი. აღმოსავლეთ სათავსის აღმოსავლეთ კედელში ბრტყლად გადახურული ვიწრო სარკმელია. მინაშენის კამარა ცილინდრული ფორმისაა.

მისი სამხრეთის ქუსლი დაყრდნობილი იყო ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე მიშენებულ ორ თაღზე. თაღებს შორის პილასტრია. პილასტრი და თაღების უმეტესი ნაწილი გვიანდელია. სამხრეთ მინაშენიდან დასავლეთ კედლის ნაწილია შემორჩენილი, რომელსაც მინაშენის კამაროვანი გადახურვის კვალი შემორჩა.ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადის წინ მიწით ამოვსებული კამაროვანი აკლდამაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]