მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის ინსტიტუტი — საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ქალაქ თბილისში. დაარსდა 1970 წელს საკავშირო ელექტრომანქანათმშენებლობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის (შეიქმნა 1962 წელს) ბაზაზე.[1] ეწოდებოდა „მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო-საკონსტრუქტორო საკავშირო ინსტიტუტი“ (მეტსაკსი, ВНИИТМЭ).[2] 1970 წლიდან ინსტიტუტის დირექტორი იყო გივი მინდელი.[1]

2000 წელს მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა სსიპ „მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“.[3]

ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო გამოკვლევების ბაზაზე ახალი ტექნოლოგიებისა და სპეციალური ტექნოლოგიური მოწყობილობების (ავტომატური და ნახევრად ავტომატური დანადგარები, ავტომატიზებული და კომპლექსურ-მექანიზებული ხაზები) შექმნა მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების წარმოების სპეციფიკური პროცესებისათვის. ინსტიტუტში 3 ძირითადი განყოფილება იყო. 1988 წლამდე ინსტიტუტი გამოსცემდა შრომებს — „მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგია“. ჰქონდა ბიბლიოთეკა, რომელშიც 100 000 საბიბლიოთეკო ერთეული შედიოდა.[1]

გაუქმდა 2007 წელს.[4] მოგვიანებით ინსტიტუტის შენობა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიას — „ერთსულოვნებას“ გადაეცა.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 698, ISBN 99928-20-32-2.
  2. Всесоюзный научно-исследовательский проектно-конструкторский институт технологии электрических машин малой мощности (ВНИИТМЭ). — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1981.
  3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №484. საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2023
  4. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №650. საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2023
  5. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება ( ყოფილი вниитмэ-ს ვნიიტმე შენობა ) - თბილისი ka. wikimapia.org. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2023