მშვილდოსნის პატარა ვარსკვლავური ღრუბელი
| ღია ვარსკვლავთგროვა | |
|---|---|
| მშვილდოსნის პატარა ვარსკვლავური ღრუბელი | |
| ინგლ. Small Sagittarius Star Cloud | |
|
მშვილდოსნის პატარა ვარსკვლავური ღრუბელი (მესიე 24); ზედა მარცხენა მხარეს ჩანს ღია ვარსკვლავთგროვა NGC 6603. | |
| დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000.0) | |
| თანავარსკვლავედი | მშვილდოსნის თანავარსკვლავედი |
| პირდაპირი აღვლენა (α) |
18სთ 17წთ |
| დახრილობა (δ) | −18° 29′ |
| მანძილი მზის სისტემიდან |
~10 ათ. სინ. წელი (3.07 კპს) |
| ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე (m) |
2.5[1][2] |
| კუთხური სიდიდე | 2° x 1°[1] |
| ფიზიკური მახასიათებლები | |
| რადიუსი | ~300 სინ. წელი |
| აღმოჩენის ისტორია | |
| აღმომჩენ(ებ)ი | შარლ მესიე |
| აღმოჩენის წელი | 1764 |
| სხვა აღნიშვნები | მესიე 24, M24, IC 4715 |
| მშვილდოსნის პატარა ვარსკვლავური ღრუბელი ვარსკვლავიერ ცაზე | |
მშვილდოსნის პატარა ვარსკვლავური ღრუბელი | |
მშვილდოსნის პატარა ვარსკვლავური ღრუბელი (ინგლ. Small Sagittarius Star Cloud; ასევე ცნობილი, როგორც მესიე 24 ან M24 და IC 4715) — ვარსკვლავური ღრუბელი მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. იგი გადაჭიმულია დაახლოებით 600 სინათლის წლის სიგანეზე, რომელიც შარლ მესიემ 1764 წელს აღწერა. არ უნდა აგვერიოს მასთან ახლოს, სამხრეთით დაახლოებით 10°-ით დაშორებულ მშვილდოსნის დიდ ვარსკვლავურ ღრუბელში.[3]
მესიემ ეს ღრუბელი აღწერა, როგორც „დიდი ნისლოვანება (ბუნდოვანი წარმონაქმნი), რომელიც შეიცავს სხვადასხვა ვარსკვლავიერი სიდიდის მქონე მრავალ ვარსკვლავს“ და მისი ზომები დაახლოებით 1.5°-ად განსაზღვრა. ზოგიერთი წყარო არასწორად აიგივებს M24-ს მცირე ღია ვარსკვლავთგროვა NGC 6603-თან.[4] მშვილდოსნის პატარა ვარსკვლავური ღრუბელი მდებარეობს ომეგას ნისლეულის (ცნობილია როგორც M17) და ღია ვარსკვლავთგროვა მესიე 18-ის სიახლოვეს; ორივე მათგანი M24-ის ჩრდილოეთით მდებარეობს.
მესიე 24 არ წარმოადგენს ცალკეულ ღრმა კოსმოსურ ობიექტს; ის უფრო „ფანჯარაა“, რომელიც „დიდი ნაპრალის“ (Great Rift) გავლით იხსნება ირმის ნახტომის გალაქტიკის უფრო ღრმა რეგიონებისკენ.[5] ის იკავებს მნიშვნელოვანი მოცულობის სივრცეს 10 000-დან 15 000 სინათლის წლამდე სიღრმეზე და მოიცავს ვარსკვლავებს ფარი-კენტავრის მკლავიდან — მთავარი სპირალური მკლავიდან, რომელიც დედამიწასა და გალაქტიკის ცენტრს შორის მდებარეობს.[2] ეს ვარსკვლავური ღრუბელი წარმოადგენს ცალკეული ვარსკვლავების ყველაზე მკვრივ თავმოყრას, რომელიც ბინოკლით ჩანს; მხედველობის ერთ არეში დაახლოებით 1 000 ვარსკვლავის დანახვაა შესაძლებელი.[6] ტელესკოპში ის საუკეთესოდ ჩანს მცირე გადიდებისას, როდესაც მხედველობის არე სულ მცირე 2 გრადუსს შეადგენს.[7] M24, რომელსაც „ვარსკვლავური ძვირფასეულობის ხალიჩას“ უწოდებენ, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს იმ პირობებში, როდესაც თავად ირმის ნახტომი ჩანს.[1]
M24-ის სინათლე დიდ ფართობზეა გადანაწილებული, რაც ართულებს მისი სიკაშკაშის შეფასებას. ძველ წყაროებში ვარსკვლავური ღრუბლის ვარსკვლავიერი სიდიდე 4.6-ადაა მითითებული, თუმცა უფრო ახალი შეფასებები მასზე ორი საფეხურით უფრო კაშკაშა მაჩვენებელს — 2.5-ს უთითებს.[1][2]
HD 167356 არის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მშვილდოსნის პატარა ვარსკვლავურ ღრუბელში; ეს არის თეთრი სუპერგიგანტი, რომლის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე 6,05-ს შეადგენს. ეს ვარსკვლავი „Alpha-2 Canum Venaticorum“-ის ტიპის ცვალებადი ვარსკვლავია, რომელიც ბრუნვისას სიკაშკაშის მცირე ცვლილებებს ავლენს. M24-ში ასევე არის სამი სხვა ვარსკვლავი, რომელთა ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდე 6.5-სა და 7.0-ს შორისაა.[7]
ვარსკვლავურ ღრუბელში ორი გამორჩეული ბნელი ნისლეულია — მკვრივი და სინათლის დამფარავი ვარსკვლავთშორისი მტვრისგან შემდგარი უზარმაზარი ღრუბლები. ეს მტვერი ბლოკავს უფრო შორეული ვარსკვლავების სინათლეს, რის გამოც მათი დანახვა დედამიწიდან შეუძლებელია. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ბარნარდ 92 — მათ შორის უფრო მუქი ნისლეული. ვარსკვლავურ ველზე ეს ნისლეული ვარსკვლავებისგან თავისუფალ, უზარმაზარ მრგვალ ხვრელს ჰგავს. ეს ბნელი ნისლეული 1913 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ედუარდ ემერსონ ბარნარდმა აღმოაჩინა.[7] ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს ბარნარდ 93; ის ზომით ბარნარდ 92-ის ტოლია, თუმცა ნაკლებად შესამჩნევი. M24-ში სხვა ბნელი ნებულებიც გვხვდება, მათ შორის — ბარნარდ 304 და ბარნარდ 307.[2][7]
მშვილდოსნის პატარა ვარსკვლავური ღრუბელი ასევე შეიცავს ორ პლანეტურ ნისლოვანებას: M 1-43-სა და NGC 6567-ს. M24 გარკვეულ მსგავსებას ავლენს NGC 206-თან — ანდრომედეს გალაქტიკაში მდებარე დიდ და კაშკაშა ვარსკვლავურ ღრუბელთან.[7]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Finder Chart for Messier 24
- Messier 24, SEDS Messier pages
- Merrifield, Michael. M24 – Sagittarius Star Cloud. Deep Sky Videos. Brady Haran.
- The Sagittarius Star Cloud on WikiSky: DSS2, SDSS, GALEX, IRAS, Hydrogen α, X-Ray, Astrophoto, Sky Map, Articles and images
- Messier 24 on WikiSky: DSS2, SDSS, GALEX, IRAS, Hydrogen α, X-Ray, Astrophoto, Sky Map, Articles and images
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 O'Meara, Stephen (2014). The Messier Objects, Second, Cambridge University Press, გვ. 117. ISBN 978-1107018372.
- 1 2 3 4 French, Sue (July 2015). „Small Sagittarius star cloud: the Sagittarius Milky Way is host to dark nebulae and open clusters“. Sky & Telescope (English): 56.
- ↑ Crossen, Craig; Rhemann, Gerald (2004) Sky Vistas: Astronomy for Binoculars and Richest-Field Telescopes. Springer, გვ. 137. ISBN 3211008519.
- ↑ Messier 24. ციტირების თარიღი: 21 July 2024
- ↑ Harrington, Phil (Jan 2022). „The Small Sagittarius Star Cloud“. Astronomy (English): 31.
- ↑ Messier 24 – the Sagittarius Star Cloud en-US (3 October 2016). ციტირების თარიღი: 2020-10-07
- 1 2 3 4 5 Messier 24: Sagittarius Star Cloud | Messier Objects en-US (17 April 2015). ციტირების თარიღი: 2018-03-21
| ||||||||||