მყინვარული ნაპრალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაპრალი ალპებში
ნაპრალი ანტარქტიდაში

მყინვარული ნაპრალიმყინვარის მოძრაობის შედეგად ყინულის მასაში წარმოქმნილი ვერტიკალური ან ციცაბოდ დახრილი ნაპრალები. განასხვავებენ განივ, გასწვრივ და დიაგონალურ მყინვარულ ნაპრალებს. განივი მყინვარული ნაპრალი წარმოიქმნება მყინვარის მოძრაობის გზაზე არსებული მკვეთრი გარდატეხის ადგილზე, გასწვრივი — მყინვარის ენის გაფართოებით, ხოლო დიაგონალური მყინვარული ნაპრალი გლეტჩერის შუა და კიდურა ნაწილების უთანაბრო წინსვლით.[1]

მყინვარული ნაპრალი მუდამ წარმოიქმნება მყინვარის ერთსა და იმავე ადგილზე, მაგრამ ამ პროცესში ყოველ ჯერზე მონაწილეობენ ყინულის ახალი მასები, ხოლო ძველი ნაპრალი მათი წარმოქმნის ადგილიდან ყინულის გადაადგილებისას თანდათან შუშდება, ესე იგი ქრება ყინულის რეჟელაციის შედეგად. მყინვარული ნაპრალის სიღრმე ჩვეულებრივ 20–30 მ-ია და იშვიათად აჭარბებს 50 მ-ს. სიგრძე რამდენიმე ათეულიდან ასეულ მეტრამდეა, სიგანე ჩვეულებრივ, მეტრებით და იშვიათად, პირველი ათეული მეტრებით დაითვლება. ზამთარსა და გაზაფხულზე მრავალი მყინვარული ნაპრალი გადაფარებულია თოვლის ხიდით.[2]

მყინვარის ტერმინუსთან მრავალი მყინვარული ნაპრალი ერთმანეთთან გადაკვეთილია, რითაც წარმოიქმნება ყინულის დაკბილული პინაკლები, რომელსაც სერაკები ეწოდება. ნაპრალი შეიძლება გადაფარებული იყოს თოვლით და გახდეს უხილავი, ხოლო მყინვარის მოძრაობისას სულაც გადაიხუროს.[3] არსებობს ნაპრალის განსაკუთერბული ტიპი — ბერგშრუნდი, რომელიც წარმოიქმნება ფირნის ველის გათხელებული კიდის გასწვრივ, ცირკის ციცაბო ფერდობთან კონტაქტის ზოლში.[4]

მყინვარული ნაპრალი ზოგჯერ გადაჭიმულია მყინვარის პარალელურად, მიუყვება მის სიგრძეს ან კვეთს მას. ღრმა, ციცაბო და ვიწრო მყინვარული ნაპრალები მთამსვლელებისთვის სერიოზულ ხიფათს წარმოადგენს. თოვლის ხიდი შერწყმულია გარემომცველ ლანდშაფტთან, რითაც ფარავს ნაპრალს. საკუთრივ თოვლის ხიდი ადამიანის წონას ჩვეულებრივ, ვერ უძლებს.[5]

ნაპრალს უმეტესწილად გააჩნია ვერტიკალუირ კედლები. სიღრმე და სიგრძე დამოკიდებულია საკუთრივ მყინვარის ფიზიკურ პარამეტრებზე. არსებობს ღია და დახურული ტიპის ნაპრალი, რომელთაგან პირველი კარგად მოჩანს მყინვარის ზედაპირზე და ამიტომ ნაკლებად სახიფათოა მყინვარზე გადაადგილებისას, ხოლო მეორე, ვინაიდან უხილავია, შესაბამისად ხიფათის შემცველიცაა.[5]

წელიწადის დროის, ამინდისა და სხვა ფაქტორების შესაბამისად, ნაპრალი შესაძლოა თოვლით იყოს გადაფარებული. ასეთ შემთხვევაში ნაპრალი არ ჩანს და გადაადგილებისას არსებობს თოვლის ხიდთან ერთად მასში ჩავარდნის საშიშროება. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მყინვარზე როგორც წესი, გადაბმით ხორციელდება გადაადგილება.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ავტ. კოლექტივი. ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2014, გვ. 234.
  2. Гляциологический словарь / Под ред В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 212 с.
  3. Crevasse | BY The Editors of Encyclopaedia Britannica
  4. გეომორფოლოგიური ლექსიკონი, თბ., ნეკერი, 1996, გვ. 31–32
  5. 5.0 5.1 5.2 Crevasse by National Geographic | Encyclopedic entry