მყივანი გედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მყივანა გედი)
მყივანი გედი


მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბატისნაირნი
ოჯახი:  იხვისებრნი
გვარი:  გედი
სახეობა:  მყივანი გედი
ლათინური სახელი
Cygnus cygnus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22679856
გავრცელება

  გამრავლება
  მთელი წლის განმავლობაში
  გამოზამთრება

მყივანი გედი,[1][2] ყვითელნისკარტა გედი[3] (ლათ. Cygnus cygnus) — წყალმცურავი ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 145–160 სმ, ფრთების შლილი 218–243 სმ,[3][4] მასა 8–11 კგ.[5] ზომებით სისინა გედს თითქმის არ ჩამორჩება, თუმცა, მისგან განსხვავებით, მყივანი გედის კისერი ცურვის დროს ხშირად გასწორებულია. აქვს გრძელი ყვითელი ნისკარტი, რომელსაც შავი წვერი აქვს. ახალგაზრდა ფრინველის ნისკარტის ფუძე მოვარდისფროა[3] და კონტრასტს ქმნის მუქ სახესთან, სხეული მურა-რუხია. კუდი შედარებით მოკლე და ქვემოთ მიმართულია.[4] არიან წყვილებად ან გუნდებად.[6] ხმა — ძლიერი „განგ“ ან „განგ-გო“.[6][7] ბუდობს სკანდინავიის ნახევარუნძულზე, რუსეთში (კამჩატკიდან დაწყებული დასავლეთ საზღვრებამდე), ყაზახეთში, მონღოლეთში. იზამთრებს დასავლეთ ევროპაში, შავი და კასპიის ზღვების სანაპიროებზე, აღმოსავლეთ ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში.[8] საქართველოში გვხვდება სხვადასხვა ტიპის წყალსატევზე გადაფრენისას და ზამთარში,[3][4] მცირე რაოდენობით ზამთრობს შავი ზღვის სანაპიროზე[6]აჭარაში, კოლხეთის დაბლობსა და აფხაზეთში.[9] ბინადრობს ისეთ წყალსატევებზე, რომელთა ნაპირები ხშირი მცენარეულობითაა დაფარული[9]ტბებზე, დიდ მდორე მდინარეებზე, ჭაობებსა და ზღვაზე, ზოგჯერ მინდვრებშიც;[3] ჩვეულებრივ — ტყის ზონასა და ტუნდრის სამხრეთ სანაპიროზე. მცირერიცხოვანია. მისი ადგილსამყოფელი განიცდის ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ზეგავლენას. რიცხოვნობის შემცირების მიზეზებია: ბრაკონიერობა, შემაწუხებელ ფაქტორთა ზრდა და საბინადრო ჰაბიტატის დაკარგვა. მავნებლებიდან რეგისტრირებულია ტრემატოდებისა და ცესტოდების 2–2 სახეობა. მონოგამური ფრინველია, ცხოვრობს განუყრელ წყვილებად.[9] სქესობრივ სიმწიფეს 4 წლის ასაკში აღწევს.[5] ბუდეს მიწაზე აკეთებს (წყალთან ახლოს) ან თავთხელში, ხავსით, ბალახითა და ლერწმით,[7] დებს 4—7 თეთრ ან მოყვითალო კვერცხს. ინკუბაცია 35–40 დღე-ღამე გრძელდება. კრუხობს მხოლოდ დედალი, მამალი ამ დროს შორიახლოს იმყოფება და მას იცავს. დეკორატიულია, ჰყავთ პარკებსა და ზოოპარკებში. შეტანილი იყო საქართველოს სსრ „წითელ წიგნში“.[9]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 32-33.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 51, 108, 196.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 32, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  4. 4.0 4.1 4.2 დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 16, თბ., 2002.
  5. 5.0 5.1 WHOOPER SWAN. animalia.bio. ციტირების თარიღი: 30 მაისი, 2020.
  6. 6.0 6.1 6.2 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
  7. 7.0 7.1 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 71. 432 с.
  8. BirdLife International (2012). Cygnus cygnus. IUCN Red List of Threatened Species. 2012. ციტირების თარიღი: 30 მაისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, მთ. რედ. ვ. კაჭარავა, გვ. 52, თბ.: გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1982.