მუხრანის კარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუხრანის კარი, მეიდნის კარი — ფეოდალური ხანის თბილისის გალავნის ჩრდილოეთ კედელში მოქცეული კარიბჭე, დღევანდელი ბარათაშვილისა და ჩახრუხაძის ქუჩების გადაკვეთაზე. დღეს ეს ადგილი მინიშნებულია ნახევრად ამოყვანილი თაღებით.

ვახუშტი „მეიდნის კარის“ სახელწოდებით იხსენიებს. აქედან ხიდზე გავლით გზა მიდიოდა მოედანზე, სადაც ასპარეზი მდებარეობდა (დღევანდელი გ. ლეონიძის ბაღის ტერიტორია). შემდგომში, როდესაც კარიბჭის სიახლოვეს მუხრანბატონის სასახლე აშენდა, ქალაქის კარს მუხრანის სახელი შეარქვეს.

მუხრანის კარის ღერძზე ავანანთხევზე მცირე ხიდი იყო გადებული (აქედან ვახუშტის „მუხრანის კარი ხიდით“). აქედან დაწყებული გაზა გადიოდა ვანქის უბანში სომხურ სასაფლაოზე (ახლანდ. ორბელიანის მოედნის ტერიტორია) და „მეიდანზე“, სადაც ასპარეზი (ყაბახი) იყო, უერთდებოდა დიღმის კართან დაწყებულ გზას, რომელიც საბოლოოდ ჩრდილოეთისკენ (დიღომსა და მცხეთისკენ) მიმავალ გზას ერწყმოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 59, 67. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985