მუხამბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუხამბაზი, მუხამასი (არაბ. მუხამას — ხუთეული) — სპარსულ პოეტიკაში მუსამათის (ძაფზე აცმული მარგალიტი) ტიპის სტროფული სალექსო ფორმის სახეობა. ყოველი სტროფი შედგება 5 სტრიქონისაგან. პირველი სტროფის ერთიანი რითმა მეორდება მომდევნო სტროფების მეხუთე სტრიქონში (aaaaa, bbbba, cccca და ა. შ.). სტროფების რაოდენობა განსაზღვრული არაა, გვხვდება აგრეთვე რომელიმე პოეტის ღაზალზე დაწერილი მუხამასი (ყოველ სტრიფში ჩართულია ღაზალის ერთი ბაითი).

განსაკუთრებით გავრცელდა XIV—XVII საუკუნეებში. ქართულ პოეზიაში შემოვიდა მუხამბაზის სახელწოდებით (ბესიკი, საიათნოვა), ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სტროფების რაოდენობაც ხუთით შემოიფარგლა, მოგვიანებით დაკარგა კონკრეტული მნიშვნელობა და საერთო თემატიკით განსაზღვრულ (სამიჯნურო, ანაკრეონტული) ლექსს ეწოდა (მაგ., ალექსანდრე ჭავჭავაძის „მუხამბაზი ლათაიური“).

მუხამბაზმა როგორც აშუღური პოეზიისა და სიმღერის ნიმუშმა, საქართველოში მტკიცედ მოიკიდა ფეხი XVIII—XIX საუკუნეებში. განსაკუთრებით გავრცელდა თბილისელ ყარაჩოხელთა წრეში. იგი ცალფა-სოლო სიმღერაა. სრულდებოდა საზისა და თარის თანხლებით (საიათნოვა, ევანგულან აბდულბაღია, სათარა), ხოლო საზანდართა მწყობრში — მედაირის მიერ (აშუღი ჰაზირა). ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, აკაკი წერეთლისა და ყარაჩოხული პოეზიის ნიჭიერი წარმომადგენლების — სკანდაროვას, გივიშვილის, იეთიმ გურჯის და სხვების მიერ „მუხამბაზის ხმაზე“ თქმულმა ლექსებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. ზოგიერთი მათგანი პროფესიულ მუსიკაშიც დამკვიდრდა (ზ. ფალიაშვილის „თავო ჩემო“, ა. კერესელიძის მიერ დამუშავებული „გინდ მეძინოს“, მელიტონ ბალანჩივაძის რომანსი „აღმართ-აღმართ“ და სხვა). აღსანიშნავია, რომ მუხამბაზის ბრწყინვალე შესრულებისათვის ბესიკმა ირანის შაჰისაგან ბრილიანტებით მოჭედილი თარი მიიღო, ხოლო ერეკლე II-მ საიათნოვას „მუხამბაზის“ ქართულად შესრულებისათვის ხალათი უბოძა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრიშაშვილი ი., თხზ. კრ. ხუთ ტომად, ტ. 3 — საიათნოვა. ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, თბ., 1963;
  • კობიძე დ., ქართული და სპარსული პოეტიკის ისტორიიდან, მის წგნ.: ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, თბ., 1969;
  • ლეონიძე გ., ბესიკი და მისი დრო (მონოგრაფია), კრ.: ლიტერატურის მატიანე, წგნ., 3—4, თბ., 1942;
  • მშველიძე ა., ქართული ქალაქური ხალხური სიმღერები, გრ. ჩხიკვაძის რედ., თბ., 1970
  • გვახარია ა., ჩხიკვაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 228, თბ., 1984