მუშკეტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალტბაუს რაზმის მუშკეტერი, შვედეთი, 1624—1650. რეკონსტრუქცია.

მუშკეტერი (ფრანგ. Mousquetaire) — XVI—XVII საუკუნეებში სამხედრო შენაერთის სახეობა დასავლეთ ევროპაში. სახელწოდება მომდინარეობს საბრძოლო იარაღი — „მუშკეტიდან“, რომლითაც იყვნენ შეიარაღებულნი სამხედრო მოსამსახურეები. უმრავლესობისთვის მუშკეტერები ცნობილია ალექსანდრ დიუმას რომანიდან „სამი მუშკეტერი“, რომელმაც მხოლოდ განაახლა ხსოვნა მამაცი და გამბედავი მეომრების შესახებ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგი მეფეების მცველების ისტორია იწყება ე. წ. მეფის სამხედრო სახლიდან (ფრანგ. La maison du roi), რომელიც, თავის მხრივ, ფრანგ მეფეთა პირადი დაცვიდან იღებს სათავეს. „მეფის სამხედრო სახლი“ ოფიციალურად ეწოდებოდა ქვეითი და ცხენოსანი სამხედროების მთელ შტატს, რომლებიც პირადად მონარქს ემსახურებოდნენ. „სახლი“ ითავსებდა სამეფო დინასტიის პირადი დაცვისა და გვარდიის, ანუ პრივილეგირებული სამხედრო ნაწილის ფუნქციებს.

მეფის მცველები ორ ნაწილად იყოფოდნენ. ლუვრის შიდა დაცვა მეფის რეზიდენციას იცავდა, ხოლო ლუვრის გარე დაცვა მეფეს უსაფრთხოებას სამხედრო ლაშქრობისა და მოგზაურობის დროს დარაჯობდა. პირველ შენაერთში შედიოდა პირადი დაცვის კორპუსი (შედგებოდა ერთი შოტლანდიური და სამი ფრანგული ასეულისგან, რომლებიც 1440-1515 წლებში შეიქმნა) და საუკეთესო ქვეითი შვეიცარიული ასეული („ასი შვეიცარიელი“).

მეორე ნაწილი — ლუვრის გარე დაცვა, შედგებოდა მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი გვარდიელი ჟანდარმებისგან (1609 წ.), მსუბუქი კავალერისტების ასეულისგან (1593 წ.), თვით სამეფო მუშკეტერებისგან (უფრო სწორად, შენაერთისგან, რომელიც მოგვიანებით მუშკეტერთა ასეული გახდა) და გვარდიელთა ორი პოლკისგან: ფრანგული გვარდიისგან (1563 წ.) და შვეიცარიული გვარდიისგან (1616 წ.). მუშკეტერების ასეული დაარსდა 1600 წელს, ანრი IV ბურბონის მიერ. ასეული შეიარაღებული იყო მსუბუქი თოფებით, საიდანაც სროლა უნაგირიდან ადვილი იყო. 1622 წელს, ლუი XII-მ, ანრი IV-ის შვილმა, ასეულს მუშკეტები გადასცა და სწორედ ამ მომენტიდან მიეცა დასაბამი მუშკეტერთა სამხედრო შენაერთს.

რა თქმა უნდა, მუშკეტერების ძირითადი მოვალეობა იყო მეფის დაცვა, როცა იგი პარიზში იმყოფებოდა, აგრეთვე მეფისა და მისი კარის დაცვა იმ დღეებში, როცა იგი თავის სასახლეებს ტოვებდა. მაგრამ ამასთან ერთად, მუშკეტერები ომებშიც მონაწილეობდნენ. თუ მეფე ბრძოლის ველზე იყო, მუშკეტერთა ასეული მას სრული შემადგენლობით იცავდა, აგრეთვე, მეფის თანხმობით, შენაერთის ნაწილი ბრძოლაშიც მონაწილეობდა. მუშკეტერები ქვეით ნაწილებშიც იბრძოდნენ და ასევე დაცვის ფუნქციებს ასრულებდნენ ცხენოსანთა რიგებში.

ბრძოლის ველზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობდნენ მუშკეტერები, როგორც სამხედრო ნაწილის წარმომადგენლები, იყო კუნძულ რეზე (ლა-როშელთან ახლოს) გადმოსხმული ინგლისური დესანტის განადგურება (1627-1629 წლების ინგლის-საფრანგეთის ომის ერთ-ერთი ეპიზოდი). ამის შემდეგ მუშკეტერები იბრძოდნენ თითქმის ყველა სამხედრო კონფლიქტში, რომელშიც მონაწილეობდა საფრანგეთი, გარდა ოცდაათწლიანი ომის (1618-1648) ბოლო კამპანიებისა, როცა ისინი პარიზში ახალგაზრდა ლუი XIV-ის დასაცავად დარჩნენ. აგრეთვე არ მონაწილეობდნენ ისინი საფრანგეთის ისტორიაში ცნობილ ბრძოლაში როკრუასთან, სადაც 1643 წლის 19 მაისს ფრანგულმა არმიამ ესპანური ჯარი პირწმინდად გაანადგურა (ოცდაათწლიანი ომი).

საერთო ჯამში, მუშკეტერები მონაწილეობდნენ XVII საუკუნის საფრანგეთის კონფლიქტებში, თუმცა მეფის მცველთა სამხედრო ისტორია დროთა განმავლობაში აღარ იყო უწინდებურად დიდებული. მუშკეტერთა ასეულში მსახურობდნენ უფრო მეფის მცველების სტატუსის გამო. ოფიცრები XVII საუკუნის დასაწყისიდანვე პროტექციით ინიშნებოდნენ, მაგრამ მაინც ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ თავისი მემკვიდრეებისგან. ლუი XIV-ის შვილთაშვილის, ლუი XV მეფობისას, 1757 წლის 5 ნოემბერს გაიმართა ბრძოლა როსბახთან (შვიდწლიანი ომი), სადაც ავსტრიულ-ფრანგული 54-ათასკაციანი არმია პრუსიელთა 22-ათასიანმა არმიამ გაანადგურა. პრუსიელებმა მხოლოდ 550 კაცი დაკარგეს, ხოლო ფრანგებმა — 3 ათასი. 5 ათასი ტყვედ ჩავარდა. ბევრი ფრანგი ოფიცერი წინააღმდეგობის გარეშე ნებდებოდა. უკანასკნელი ბრძოლა, რომელშიც მუშკეტერები მონაწილეობდნენ, გაიმართა ფონტენუასთან 1745 წელს 11 მაისს (ომი ავსტრიული მემკვიდრეობისთვის), სადაც ფრანგულმა არმიამ ინგლის-ჰოლანდია-ჰანოვერელების გაერთიანებული არმია გაანადგურა.

იმდროინდელი სამხედრო დოქტრინების შესაბამისად, მუშკეტერთა ასეული მოქმედებდა, როგორც ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნებისმიერი შენაერთი: ბრძოლის ველზე გამოდიოდა ცეცხლის გახსნის მანძილზე და სროლას იწყებდა. ძირითადად უმიზნებდნენ მტრის ოფიცრებს, მედროშეებსა და ქვემეხების მსახურებს. ამის შემდეგ ბრძოლაში ერთვებოდნენ ქვეითი შუბოსნები (5-6 მეტრიანი შუბებით) და ცხენოსნები.

1775 წლის 15 დეკემბერს დაწყებული სამხედრო რეფორმის შედეგად მუშკეტერთა ასეული დაიშალა, თუმცა ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სამხედრო მიღწევებით ცნობილი და გმირებით მდიდარი შენაერთი საბოლოოდ ბარდებოდა წარსულს. მუშკეტერთა შენაერთის ხელახლა შექმნა ორჯერ სცადეს. პირველად 1789 წელს, თუმცა მონარქიის დამხობის შემდეგ 1792 წელს კვლავ გაუქმდა, მეორედ — ბურბონთა რესტავრაციის ეპოქაში, 1814 წელს. მაგრამ ჯარში, რომელიც მთლიანად ნაპოლეონის ვეტერანებისგან შედგებოდა, ახალი მუშკეტერები ისეთი ძლიერი ზიზღის ობიექტად იქცნენ, რომ 1816 წლის 1-ელ იანვარს მათი შენაერთი საბოლოოდ დაიშალა.

XVIII საუკუნეში მუშკეტერები უფრო წარმომადგენლობით როლს ასრულებდნენ და სხვა გვარდიული ნაწილებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. გარდა ამისა, რამდენიმე წლის განმავლობაში ნაწილი გაუქმებული იყო, როგორც სამხედრო შენაერთი — ასეთი ბრძანება გასცა კარდინალ რიშელიეს მემკვიდრემ, კარდინალმა მაზარინიმ, ხაზინის სახსრების ეკონომიის მიზნით. ეს 1646 წელს მოხდა, როცა მუშკეტერთა ასეულის მეთაური იყო ყველასთვის ცნობილი პერსონა, გრაფი დე ტრევილი (მუშკეტერთა მეთაური 1634 წლიდან).

ომი და ბუღალტერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუშკეტერები შეიარაღებული იყვნენ, რა თქმა უნდა, მუშკეტით, აგრეთვე დაშნით, ორ-ორი პისტოლეტით, სხვადასხვა სახეობის ხანჯლით. ძირითადად ეს იყო ე.წ. დაგა, ანუ ხანჯალი მარცხენა ხელისთვის, გამოიყენებოდა ბრძოლის დროს დაშნასთან ერთად. მუშკეტის გარდა, რომელიც ხაზინის ხარჯზე გაიცემოდა, დანარჩენი იარაღისა და საკმაოდ ძვირი ფორმის, ცხენების ხარჯი და ბინის ქირა (მუშკეტერები ყაზარმებში არ ცხოვრობდნენ), მუშკეტერს საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაეხადა.

რიგითი მუშკეტერის ხელფასი შეადგენდა 300 ლივრს წელიწადში, კაპრალისა - 500 ლივრს, სერჟანტის - 700 ლივრს. კაპიტან-ლეიტენანტი 600 ლივრს მეფისგან (ის ასეულის საპატიო კაპიტანი იყო) იღებდა, კიდევ 600 მას პენსიის სახით ერგებოდა. პორუჩიკის წლიური შემოსავალი 1.500 ლივრი იყო, პრაპორშჩიკისა და კორნეტისა - 1000 ლივრი. შედარებისთვის, მეეტლე იღებდა 30 ლივრს თვეში, მწყემსი - 28 ლივრს, მსახური - 12,5 ლივრს. აქ უნდა გავითვალისწინოთ დაშნის, ხანჯლების, ცხენის, ლამაზი ფორმის, პარიზში ბინის დაქირავების ხარჯები. დაშნა ხარისხიანი ფხით 25-დან 60 ლივრამდე ღირდა, კარგი ცხენი - რამდენიმე ასეული ლივრი. როგორც კარგ გვარიშვილს, მუშკეტერს თავისი მსახურიც უნდა ჰყოლოდა, რომელსაც 15-20 ლივრს უხდიდა. რა თქმა უნდა, 300 ლივრი ამ ყველაფერს ვერ გაწვდებოდა და ფაქტობრივად, მუშკეტერები თვითონ ინახავდნენ საკუთარ თავს. დიდგაროვანთა ასეულების არსებობის აზრიც ეს იყო, რომ ისინი მეფეს თითქმის არაფერი უჯდებოდა.

რიგითი მუშკეტერი ცხოვრობდა 39 სუზე დღეში (სუ არის ძველი ფრანგული ეკონომიკური სისტემის დაბალი ერთეული, თეთრის ანალოგი. 1 ლივრი 20 სუს უდრიდა). ყოველი მუშკეტერი აზნაური იყო და მათი მსახურებიც არ იყვნენ ჩვეულებრივი მსახურები, რომლებიც პატრონებს ღვინოს უსხამდნენ ან თეთრეულს ურეცხავდნენ. ესენი იყვნენ ე.წ. სამხედრო მსახურების ვიწრო წრის წარმომადგენლები, რომელთა ძირითადი და უმნიშნელოვანესი მოვალეობა იყო მუშკეტერის იარაღის, ცხენისა და აღჭურვილობის შესაფერის მდგომარეობაში შენახვა. გარდა ამისა, მუშკეტერს მსახური ყოველთვის დაჰყვებოდა ბრძოლის ველზე, მზად იყო, მიეწოდებინა მისთვის სათადარიგო იარაღი და ყოველთვის იცავდა მას ზურგიდან, რაც ორმაგად ზრდიდა ბრძოლის ველზე მუშკეტერთა ასეულს.

გასაკვირი არის, რომ რიგითი მუშკეტერები ვალებში ვარდებოდნენ. ისინი იღებდნენ ვალს მშობლებისგან, მეგობრებისგან, ერთმანეთისგან და, რა თქმა უნდა, მევახშეებისგან, რაც საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. თუმცა ამგვარი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1661 წლის დეკემბერში ლუი XIV-ს მუშკეტერებს უბრძანა, სახსრების ეკონომიისთვის ორ-ორად დასახლებულიყვნენ სენ-ჟერმენის გარეუბანში, რათა ცოტათი მაინც შემსუბუქებულიყო მათი ფინანსური მდგომარეობა.

მუშკეტერთა აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა ფორმა და ცხენი. XVII-XVIII საუკუნეების გარიჟრაჟზე კარგი, ღონიერი მუშა ცხენი 80 ლივრი ღირდა. მაგრამ ისეთი ცხენი, რომლითაც მიწის დამუშავება შეიძლება, ბრძოლის ველზე არ გამოდგება. საკავალერიო ცხენი ღირდა 300 ლივრი და ომის დროს ეს ფასი, რა თქმა უნდა, იზრდებოდა. ამას ემატებოდა მოსართავები, ფურაჟის ხარჯები და ჯამში ცხენი საკმაოდ ძვირი ფუფუნება გამოდიოდა.

მუშკეტერთა ასეულში ცხენების შენახვითა და წვრთნით კაპიტან-ლეიტენანტი იყო დაკავებული. ხაზინიდან ის ცხენებისთვის ყოველწლიურად 800 ლივრს იღებდა, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო. ცხენის გარდა, მუშკეტერი ზრუნავდა თავის ფორმაზე, რაც ასევე აჩანაგებდა მის ფინანსებს. იმ დროს მუნდირები, როგორც ასეთი, არ არსებობდა და მუშკეტერთა ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი იყო ცისფერი მოკლე ლაბადა, ზურგსა და მკერდზე ვერცხლისფერი ჯვრებით. ამას თუ არ გავითვალისწინებთ, სამხედროები იმავე ტანსაცმელს ატარებდნენ, რასაც სამოქალაქო პირები. მაგრამ დროთა განმავლობაში მუშკეტერთა ფორმა იცვლებოდა და ხდებოდა უფრო და უფრო ძვირფასი და მდიდრული. ოქროსა და ვერცხლის ძაფებით ნაქარგი ფარჩა, ატლასი, ხავერდი, მაქმანები... ასევე აღსანიშნავია, რომ XVII საუკუნეში ფუფუნებისა და ძვირფასეულობის საგნად მიიჩნეოდა ღილები. არისტოკრატები ისევე იყენებდნენ ღილებს, როგორც სამკაულებს. იმ დროისთვის პოპულარული იყო მინის ღილები პატარა ფიგურებით, პეიზაჟებით, ასევე ბროლის ღილები და სხვ. ღილები იმდენად დიდ ფასეულობას წარმოადგენდა, რომ გაკოტრებული არისტოკრატები თავიანთ ღილებს ჰყიდნენ, როგორც ოჯახურ ძვირფასეულობას. აღსანიშნავია, რომ მუშკეტერის ლაბადას 150-მდე ძვირფასი ღილი ეკერა.

კორუცფია ძველფრანგულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის ფრანგულ არმიაში სამხედრო წოდებები იყიდებოდა. მაგალითად, არმიის კაპიტნის წოდება 40 ათასი ლივრი ღირდა, პოდპოლკოვნიკის წოდება ორჯერ ძვირად იყო შეფასებული. რა თქმა უნდა, მუშკეტერთა ასეულში ფასები ბევრად მაღალი იყო. მაგალითად, ასეულის ფაქტობრივი მეთაურის წოდების ფასი 200 ათასი ლივრი იყო. მუშკეტერთა კორნეტის წოდება ღირდა 35 ათასი, პორუჩიკის — 30 ათასი ლივრი. შესაბამისად, მდიდარ ფრანგ არისტოკრატს შეეძლო ეყიდა ნებისმიერი სამხედრო წოდება არმიაში, გვარდიასა და მუშკეტერთა ასეულში.

რა თქმა უნდა, მუშკეტერები, როგორც სამხედრო შენაერთი, არსებობდა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. ესპანეთში ცნობილი იყო ე.წ. ტერცია — არა სამხედრო შენაერთი, არამედ სამხედრო წყობა, რომელშიც მუშკეტერები და შუბოსნები ერთად მოქმედებდნენ. მუშკეტერები არსებობდნენ რუსეთშიც, სადაც ცნობილი იყვნენ სახელწოდებით „სტრელცი“. ისინი წარმოადგენდნენ რუსეთის ისტორიაში პირველ რეგულარულ ქვეით ჯარს, მაგრამ ძირითადი განსხვავება ამ მუშკეტერებსა და ფრანგ მუშკეტერებს შორის ის იყო, რომ სამეფო მუშკეტერები წარმოადგენდნენ პრივილეგირებულ სამხედრო კლასს და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო წარმომადგენლობითი როლი ენიჭებოდათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: