მუშათა თეატრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუშათა თეატრები საქართველოში:

  • თბილისის მუშათა თეატრი (თმთ), დაარსდა1926 წლის სექტემბერში პროლეტკულტის წითელი თეატრის ბაზაზე. დასი შეივსო პროფესიული მსახიობებით (ხელმძღვანელი მიხეილ ქორელი, რეჟისორი ვახტანგ გარიკი). იმავე წელს დეკემბერში, სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ რეჟისორად დაინიშნა მიხეილ ჭიაურელი. თეატრში მუშაობდნენ რეჟისორები — შოთა აღსაბაძე, გრიგოლ სულიაშვილი, გ. ჯავაშვილი, ვახტანგ აბაშიძე; მხატვრები — სიმონ ვირსალაძე, პეტრე ოცხელი, ვ. სიდამონ-ერისთავი. მუსიკალური ნაწილის გამგე იყო თამარ ვახვახიშვილი. თმთ-ში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: ვ. ანჯაფარიძე, თ. კიკნაძე, ე. ციმაკურიძე, ა. ქიქოძე, მ. დავითაშვილი, ს. ვაჩნაძე, ნ. მაჭავარიანი, პ. იმედაშვილი, ბ. გამრეკელი, ი. რომანიშვილი, ა. ყიასაშვილი, დ. ძნელაძე, შ. გომელაური, ანდრია მურუსიძე, ა. კვანტალიანი, შ. ჩხეიძე, მ.სულთანიშვილი და სხვები. დაიდგა სპექტაკლები: გ. ერისთავის „გაყრა“, ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, ა. ლუნაჩარსკის „ამფეთქებელნი“, პროკოფიევის „პარიზი“ და „სისხლიანი დღესასწაული“, მოლიერის „დონ ჟუანი“ და სხვა. თეატრმა იარსება 1928 წლამდე.
  • თბილისის მუშათა თეატრთან მუშაობდა თბილისის რუსული მუშათა თეატრი, სამხატვრო ნაწილი გამგე რეჟისორი ა. შვეიცერი (პესიმისტი), რეჟისორი ვ. ლიუბოში. დასში შედიოდნენ: ბ. ბელეცკაია, ე. გალაქტიონოვა, ა. ჩარსკი და სხვები. დადგეს ვ. ივანოვის „ჯავშანი“, ა. ოსტროვსკის „უმზითვო“, ნ. გოგოლის „რევიზორი“ და სხვა.
  • პროფკავშირის მუშათა თეატრ-სტუდია 1928 წლის დეკემბერს დააარსა რეჟისორმა გ. ჯავაშვილმა. მისი მიზანი იყო მუშათა თეატრისათვის კადრების აღზრდა. სპექტკლებს დგამდა მუშათა რაიონებში. 1929 წლის 20 თებერვალს წარმოადგინა პირველი სპექტაკლი — ბესარიონ ჟღენტისა და ნიკოლოზ ჩაჩავას „გზები“. 1931 წლის მაისში პროფესიულ თეატრად გადაკეთდა და პროფსაბჭოს სახელი ეწოდა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: კონსტანტინე დაუშვილი, ვ. მურღულია, ა. კუპრაძე, შ. გერმესაშვილი, ა. რამიშვილი და სხვები. დადგეს სპექტაკლები: კურდიუმოვის „რკალში“, ს. შანშიაშვილის „მიწა გვეძახის“, ლავრენიევის „მტრები“, გ. ბუხნიკაშვილის „ხანძარი“, ჰაშეკის „შვეიკი“ და სხვა. თეატრმა 1934 წლამდე იარსება.
  • ქუთაისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრი, ეს იყო მუშა-ახალგაზრდობის მეორე თეატრი სსრკ-ში (პირველი შეიქმნა ლენინგრადში), დაარსდა 1928 წელს ს. ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით. 1930 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობდა ა. მიქელაძე, შემდეგ კი— შ. მანაგაძე და ვ. მურღულია. დასში ირიცხებოდნენ: დ. წულაძე, ნ. დევდარიანი, შ. კირკიტაძე, ვ. ინწკირველი, მ. კვიჟინაძე და სხვები. დაიდგა კორნეჩუკის „ესკადრის დაღუპვა“, მიკიტენკოს „ჩვენი ქვეყნის ქალიშვილები“ და სხვა. იარსება 1936 წლამდე.
  • თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრი, დაარსდა 1929 წელს. დასში შედიოდნენ: გ. ურუშაძე, დ. ბაქრაძე, დ. ცხკაია, ბ. კრავეიშვილი, პ. ბალანჩივაძე და სხვები. თეატრის ხელმძრვანელი იყო გ. შავგულიძე, დადგეს შ. მანაგაძისა და ს. ჩიქოვანის „641“, ფ. კნორის „განგაში“ და სხვა სპექტაკლები. იარსება 1933 წლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]