შინაარსზე გადასვლა

მუსუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მუსუსი“
ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1925
გვერდი 30

მუსუსიმიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1925 წელს. ნაწარმოების მიხედვით მერაბ კოკოჩაშვილმა 1965 წელს გადაიღო ფილმი „მიხა“.

სირბილაანთ მიხა, რომელსაც მეტსახელად მუსუსს ეძახიან, სამხედრო ბეგარის მოხდის შემდეგ მშობლიურ სოფელში ბრუნდება. იგი შეიტყობს, რომ მის შეყვარებულ ფეფელოს მდიდარ სიკოზე გათხოვებას უპირებენ. იმ დღიდან მუსუსი თავის სტრატეგიას შეიმუშავებს: ყველანაირად ცდილობს ფეფელოს მამას, პეტრეს თავი მოაწონოს სასიძოდ, მაგრამ ის ჯიუტად უარზეა. მალე პეტრე მიხას ფეფელოს ნახვასაც აუკრძალავს, შემდეგ კი გამოიჭერს და ქურდობას დასწამებს. ქალი სახლში ჰყავთ გამოკეტილი და დარაჯად ქვრივი მამიდა სოფიო უდგას. ფეფელოს ბიძაშვილი თეკლე მიხას ჩუმად გააგებინებს, რომ მეორე დღეს პეტრე ფეფელოს სიკოზე ათხოვებს. სასოწარკვეთილი მიხა და მისი მეგობრები ქალის მოტაცებას გადაწყვეტენ და მოახერხებენ კიდეც ამას, თუმცა სოფიო განგაშს ასტეხს. შეყვარებულები შორს გაქცევას ვერ მოასწრებენ და საბძელში ჩაიკეტებიან. საბძელს ხალხი შემოეხვევა, პეტრესაგან წაქეზებული სიკო და მისი ნათესავები კარის შენგრევას ცდილობენ. მიხას სხვა გზა აღარ დარჩება და საბოლოოდ, ფეფელო საბძელშივე გახდება მისი მეუღლე. გაწბილებული სიკო უკანმოუხედავად გარბის, პეტრეს აღშფოთებას საზღვარი არ აქვს. ის ქალიშვილს და ნაძალადევ სასიძოს თავიდან იცილებს და მზითევზეც უარს ეუბნება, თუმცა, მას უკვე აღარავინ უყურებს. ახალგაზრდები მაყრულის ძახილით ზეიმით მიაცილებენ შეყვარებულებს.

  • მიხა — მთავარი პერსონაჟი (მუსუსი).
  • ფეფელო — მუსუსის შეყვარებული.
  • პეტრე ჯიღაური — ფეფელოს მამა.
  • ტასო — პეტრეს ცოლი.
  • სოფიო — პეტრეს და, ფეფელოს მამიდა.
  • თეკლე — ფეფელოს ბიძაშვილი.
  • თავდიდაანთ სიკო — პეტრესაგან ფეფელოსათვის შერჩეული სასიძო
  • მართა — მიხას დედა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]