შინაარსზე გადასვლა

მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალება და დაკრძალვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუსტაფა ქემალ ათათურქის დაკრძალვა

მუსტაფა ქემალ ათათურქის დაკრძალვა
თარიღი 21 ნოემბერი, 1938; 87 წლის წინ (1938-11-21)
ადგილი ანკარის ეთნოგრაფიული მუზეუმი
შედეგი ათათურქის გარდაცვალება

თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, მუსტაფა ქემალ ათათურქი, გარდაიცვალა 1938 წლის 10 ნოემბერს დოლმაბაჰჩეს სასახლეში, მის ოფიციალურ რეზიდენციაში სტამბოლში. მისი სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონია დედაქალაქ ანკარაში, 21 ნოემბერს გაიმართა და მას 17 ერის წარმომადგენელი ესწრებოდა. 1953 წლის 10 ნოემბრამდე მისი ცხედარი ანკარის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დარჩა. გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ, მისი ნეშტი ანითქაბირში, დღევანდელი განსვენების ადგილას გადაასვენეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წელს ათათურქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 1938 წელს, იალოვაში მოგზაურობისას, იგი მძიმედ დაავადდა. იალოვაში ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აშკარა გაუმჯობესება შეინიშნებოდა, თუმცა, ჯერ ანკარაში, შემდეგ მერსინსა და ადანაში მოგზაურობის შემდეგ, მისი მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. მაისში ანკარაში დაბრუნების შემდეგ, მას ურჩიეს სტამბოლში სამკურნალოდ გადასვლა, სადაც ღვიძლის ციროზის დიაგნოზი დაუსვეს.

სტამბოლში ყოფნის დროს, მან სცადა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეენარჩუნებინა თავისი ჩვეულებრივი ცხოვრების სტილი, ხელმძღვანელობდა მინისტრთა საბჭოს სხდომებს, მუშაობდა ჰათაის საკითხზე და მასპინძლობდა ივნისის ვიზიტის დროს რუმინეთის მეფე კაროლ II-ს. ივლისის ბოლომდე დარჩა თავის ახლად ჩამოსულ იახტაზე — სავარონაზე, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობა კვლავ გაუარესდა და შემდეგ უკვე გადავიდა დოლმაბაჰჩეს სასახლეში, მისთვის სპეციალურად მოწყობილ ოთახში.

ათათურქის გარდაცვალების მოწმობაში, რომელსაც ხელს აწერს მედიცინის ცხრა პროფესორი, ოფიციალურად წერია, რომ იგი გარდაიცვალა 1938 წლის 10 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:05 საათზე, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლის სახელმწიფო რეზიდენციაში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.[1]

10 ნოემბერს ათათურქის სახელმწიფო დაკრძალვისთვის მზადება დაიწყო, რომელიც წამყვანი თანამდებობის პირების მიერ იყო ორგანიზებული. თუმცა, საბოლოო განსასვენებლის ადგილის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ იყო მიღებული.[2] მეორე დღეს, 11 ნოემბერს, ანკარაში პარლამენტი შეიკრიბა და ისმეთ ინენიუ ახალ პრეზიდენტად აირჩიეს.[3]

რელიგიური მსახურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩაიბაშის ფუადიეს სოფელში გამართული მევლუდის ცერემონიის შემდეგ

თავდაპირველად, რელიგიური პანაშვიდი არ იყო გათვალისწინებული. თუმცა, მისმა დამ, მაკბულე ათადანმა, რომელიც სასახლეში რამდენიმე დღე დარჩა, დაჟინებით მოითხოვა, რომ მეჩეთში რელიგიური პანაშვიდი ჩატარებულიყო, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, სანამ მისი ძმის ცხედარს ანკარაში გადაასვენებდნენ. შემდგომში რელიგიურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა რიფათ ბიორექჩიმ დაარწმუნა ის, რომ ისლამური პანაშვიდი მეჩეთის გარეთაც შეიძლებოდა ჩატარებულიყო.

პანაშვიდი 19 ნოემბერს, დილით, ადგილობრივი დროით 08:10 საათზე, ისლამური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, მეჰმეთ შერეფეთინ იალთქაიამ აღავლინა. რელიგიური ცერემონიის დროს ფოტოგადაღება აკრძალული იყო. პანაშვიდს ესწრებოდნენ მხოლოდ მასთან დაახლოებული პირები, რამდენიმე გენერალი, რელიგიური თანამდებობის პირი, სასახლის მსახურები და ჰაფიზი იაშარ ოქური, რომელიც ათათურქთან თხუთმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა.

საწოლი დოლბაჰჩეში, სადაც ათათურქი გარდაიცვალა და მისი ცხედარი

ათათურქის გარდაცვალების მოწმობის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, პროფესორმა მეჰმეთ ქიამილ ბერქმა, ათათურქის ყბა აბრეშუმის ცხვირსახოცით შეუკრა, ხოლო ფეხის თითები - სახვევით, ისლამური წესების შესაბამისად. რადგან დაკრძალვა გადაიდო, მისი ცხედარი პათოლოგის, პროფესორ ლიუთფი აქსუს მიერ იყო ბალზამირებული, რომელიც ამ მიზნით ანკარის გიულჰანეს სამხედრო სამედიცინო აკადემიიდან ჩამოვიდა. შემდგომ მისი ცხედარი სასახლეში იმყოფებოდა, ხოლო მისი და, მაკბულე ათადანი, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები და ოფიცრები და სხვა გავლენიანი პირები მივიდნენ პატივის მისაგებად.

ათათურქის ცხედარი, თუთიით მოპირკეთებულ წითელი კაკლის ხის კუბოში გადაასვენეს. თურქეთის დროშით დაფარული კუბო 16 ნოემბერს[4] სასახლის მისაღებ დარბაზში, კატაფალკზე დაასვენეს. მას ორივე მხარეს სამი მაღალი ჩირაღდანი ამშვენებდა, რაც ქემალისტური იდეოლოგიის ექვს სვეტს განასახიერებდა და სახელმწიფო ცერემონიისთვის განკუთვნილი გვირგვინებით იყო დამშვენებული.[2][5]

სამი დღის განმავლობაში ათასობით მგლოვიარე ადამიანმა პატივი მიაგო სასახლეში, სადაც ოფიცრების საპატიო ყარაული იწავდა მის ცხედარს.[2]

გადასვენება ანკარაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანაშვიდის შემდეგ, ათათურქის კუბო დოლმაბაჰჩეს სასახლიდან გამოიტანეს და ცხენებით შებმულ კესონზე დადეს და კორტეჟით გიულჰანეს პარკში გადაიტანეს. სარაიბურნუდან კატარღამ ის საბრძოლო კრეისერ TCG Yavuz-ზე გადაიტანა. თურქეთის საზღვაო ძალების და უცხოურმა გემებმა კრეისერი ბიუიუქადამდე გააცილეს. შემდეგ კრეისერმა ათათურქის ცხედარი იზმითში ჩაიტანა.[4][6]

შემდეგ, ათათურქის კუბო იზმითში მატარებელში გადაასვენეს, რომელიც მეორე დღეს, 20 ნოემბერს, ის ანკარაში ჩაიტანა. ანკარის ცენტრალურ სადგურზე მატარებელს პრეზიდენტი ისმეთ ინენიუ, პარლამენტის თავმჯდომარე აბდიულჰალიქ რენდა, პრემიერ-მინისტრი ჯელალ ბაიარი, მთავრობის წევრები, გენერალური შტაბის უფროსი, მარშალი ფევზი ჩაქმაქი, მაღალი რანგის ოფიცრები და პარლამენტის წევრები.[4][7][8]

სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონია

ათათურქის კუბო კეისონზე გადაასვენეს და გადაიტანეს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ულუსის რაიონში მდებარე შენობაში, სადაც ის კატაფალკზე გადაასვენეს და საჯარო პროცესია დაიწყო. ანკარის ათასობით მცხოვრებმა მას პატივი მიაგო.[4][9]

უცხო ქვეყნის ოფიციალური პირები დაკრძალვაზე

მეორე დღეს, 21 ნოემბერს, გაიმართა გრანდიოზული დაკრძალვის ცერემონია, რომელსაც 17 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ. დაკრძალვის ასევე ესწრებოდა ერთა ლიგის დელეგაცია.[10] კორტეჟი, რომელსაც ათათურქის დროშებით დაფარული კუბო ცხენებით შებმულ კეისონზე ჰქონდა, ანკარის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადავიდა, რომელსაც ასევე უცხო ქვეყნების ცხრა შეიარაღებული რაზმი აცილებდა, მათ შორის ბრიტანული,[11] ირანული[12] და იუგოსლავიის[13] საპატიო გვარდიის წევრებიც.

გადასვენება ანითქაბირში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროებითი დაკრძალვის ადგილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანკარის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაკრძალვის შემდეგ, ათათურქის კუბო სპეციალურად აშენებულ თეთრ მარმარილოს სარკოფაგში მოათავსეს, რომელსაც თურქეთის დროშას ფარავდა.

ოფიციალურმა პირებმა, ანკარის უმაღლეს ბორცვზე, რასათეფეზე, ათათურქისთვის მონუმენტური მავზოლეუმი აგება დაგეგმეს. მავზოლეუმის მშენებლობისთვის საჭირო 15 წლის განმავლობაში, ანკარის ეთნოგრაფიული მუზეუმი ათათურქის დროებით განსასვენებელ ადგილად იქცა.[16]

ანითქაბირი
გაზეთ „Kurun“ 1938 წლის 10 ნოემბრის გამოცემა, რომელიც გვამცნობს პრეზიდენტ მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალებას.

1953 წელს ანითქაბირის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მისი სარკოფაგი გაიხსნა და კუბო ამწეს დახმარებით ამოიღეს, მისი დის, მაკბულე ათადანის, პრეზიდენტ ჯელალ ბაიარის, პარლამენტის თავმჯდომარის, რეფიქ ქორალთანის, პრემიერ-მინისტრ ადნან მენდერესის, გენერალური შტაბის უფროსის, ნური იამუთის, აბდიულჰალიქ რენდას და სხვა მაღალი თანამდებობის პირების თანდასწრებით. კუბო კატაფალკზე მოათავსეს. ანკარის გუბერნატორმა, ქემალ აიგიუნმა, პათოლოგ ქამილე შევქი მუთლუს დაავალა კუბოს გახსნა, ნეშტის დათვალიერება და შემდგომი დაკრძალვისთვის მომზადება, რაც ტრადიციული წეს-ჩვევით უნდა ყოფილიყო. 9 ნოემბერს, ამ ოპერაციაში მას დაეხმარნენ მისი კოლეგები, დოქტორი ჯაჰით იოზენი და დოქტორი შერეფ იაზგანი, ასევე ტექნიკური პროფესიული საშუალო სკოლის ათი მასწავლებელი, რა დროსაც ამ ოპერაციას ასევე მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.[4]

კუბოს გახსნის შემდეგ, გამოჩნდა ყავისფერი პლასტმასის ტომარა, რომელშიც მისი ნეშტი იყო მოთავსებული. პლასტმასის ტომრისა და სუდარაში შეფუთული მისი სხეულის ამოღების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ათათურქის ცხედარი ხელუხლებელი და დაუზიანებელი დარჩა, რაც 1951 წელს გარდაცვლილი პროფესორი, ლიუთფი აქსუს მიერ ჩატარებული სრულყოფილი ბალზამირების შედეგი იყო. კუბოში იპოვეს ბოთლში მოთავსებული ბალზამირებისთვის გამოყენებული ქიმიური ნივთიერების ნიმუში, რაზეც ქიმიური ნივთიერების აღწერა იყო მითითებული.[4]

პროცესის დამსწრე მაღალი თანამდებობის პირები ერთმანეთის მიყოლებით ავიდნენ კატაფალკზე და ათათურქის სახე ნახეს. მუთლუს რჩევის შემდეგ, ნეშტის სპეციალური ფიქსატორით დამუშავებისა და სუდარაში ხელახლა შეფუთვის შემდეგ, კუბო კვლავ დაიხურა.[4]

1953 წლის 10 ნოემბერს, ათათურქის გარდაცვალებიდან 15 წლისთავზე, მისი დროშებით დაფარული კუბო ეთნოგრაფიის მუზეუმიდან გაიტანეს და თორმეტი ჯარისკაცის მხარზე, კესონზე გადაიტანეს. 3 კილომეტრიან მსვლელობაში მონაწილეობდა 138 ოფიცერი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის ყველა წევრი, ყველა პროვინციის გუბერნატორი და უცხოელი დიპლომატები, ამავდროულად, 21 მილიონი თურქი მთელი ქვეყნის მასშტაბით, პატივისცემის ნიშნად, ხუთი წუთის განმავლობაში ჩუმად და უმოძრაოდ იდგა.[17] ერთი ადმირალი იცავდა ბალიშს, რაზეც ათათურქის დამოუკიდებლობის მედალი იდო, რაც ერთადერთი ჯილდო, სხვა მრავალ ჯილდოს შორის, რომლის ტარებაც ათათურქს მოსწონდა. „თურქების მამა“ საბოლოოდ თავის მავზოლეუმში, ანითქაბირში გადაასვენეს. ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა აღნიშნა:

ვიკიციტატა
„მისი სიკვდილის გამო ცხარე ცრემლები დავღვარე, რა დროსაც მის დაკრძალვაზე აქტიურ სამსახურში ვიყავი. დღეს მე არ ვარ მოწყენილი, რადგან 15 წელიწადმა მასწავლა, რომ ათათურქი არასდროს მოკვდება.[17]“

კორტეჟში იყვნენ ასევე თურქეთის სხვადასხვა რელიგიური თემის ლიდერები, მათ შორის სომეხთა პატრიარქი, მსოფლიო პატრიარქი, რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი და ებრაელთა მთავარი რაბინი.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „Image gallery: State funeral of Atatürk“. Milliyet (Turkish). ციტირების თარიღი: 17 April 2011.
  • İmage gallery: State funeral of Atatürk Turkish. veataturk.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 August 2018. ციტირების თარიღი: 23 April 2011.
  • Atatürk'ün Dolmabahçe Sarayı'ndan Anıtkabir'e Yolculuğu. 1938–1953 Turkish. Eğitim Yuvası. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 March 2012. ციტირების თარიღი: 24 April 2011.
  1. ↑ T.C. İstanbul Valiliği.
  2. 1 2 3 4 „Atatürk'ün cenaze namazı“. Hürriyet (Turkish). 10 November 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 July 2011. ციტირების თარიღი: 17 April 2011.
  3. ↑ Türkiye'nin 75 Yılı, Tempo Yayıncılık, 1998, İstanbul, p.79.
  4. 1 2 3 4 5 6 7 Atatürk'ün Öldüğü An Çekilen Fotoğrafı ve 15 Yıl Sonra Tabutununu Açıldığı O AN... Turkish. AzBuz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 August 2011. ციტირების თარიღი: 17 April 2011.
  5. ↑ Young, Mitchell (2007). Nationalism in a global era: the persistence of nations, გვ. 96. 
  6. ↑ Yavuz zırhlısının güvertesinde (19 Kasım 1938) Turkish. K-Atatürk. ციტირების თარიღი: 17 April 2011.
  7. ↑ İzmit'te trene verilirken (19 Kasım 1938) Turkish. K-Atatürk. ციტირების თარიღი: 17 April 2011.
  8. ↑ Ankara'ya varışı (20 Kasım 1938) Turkish. K-Atatürk. ციტირების თარიღი: 17 April 2011.
  9. ↑ Ankara'da Meclis önünde Katafalkta (20 Kasım 1938) Turkish. K-Atatürk. ციტირების თარიღი: 17 April 2011.
  10. ↑ Liebisch-Gümüş, Carolin (6 July 2020). Verflochtene Nationsbildung: Die Neue Türkei und der Völkerbund (de). Walter de Gruyter GmbH, გვ. 309. ISBN 978-3-11-064341-1. 
  11. ↑ İngiliz Kıt'ası tarafından selamlanırken (21 Kasım 1938) Turkish. K-Atatürk. ციტირების თარიღი: 17 April 2011.
  12. ↑ İran Kıt'ası tarafından selamlanırken (21 Kasım 1938) Turkish. K-Atatürk. ციტირების თარიღი: 17 April 2011.
  13. ↑ Yugoslav Kıt'ası tarafından selamlanırken (21 Kasım 1938) Turkish. K-Atatürk. ციტირების თარიღი: 17 April 2011.
  14. ↑ Mango, Andrew. (23 June 2011) Ataturk. John Murray Press.
  15. 1 2 3 4 5 6 7 8 35 STATES IN TRIBUTE AT ATATURK'S RITES; Body of Founder of Turkish Republic Rests in Museum (Published 1938) (22 November 1938).
  16. ↑ Navaro-Yashin, Yael (2002). Faces of the state: secularism and public life in Turkey, გვ. 191. 
  17. 1 2 „The Burial of Atatürk“. Time: 37–39. 23 November 1953. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 November 2006. ციტირების თარიღი: 7 August 2007.