მურყნისძირა
| მურყნისძირა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Gyrodon lividus | |||||||||||||
| |||||||||||||
მურყნისძირა (ლათ. Gyrodon lividus) — მისი ქუდის დიამეტრი 3-დან 12 სანტიმეტრამდე მერყეობს და მოყვითალო-მოყავისფრო, ჩალისფერი შეფერილობა აქვს. თავდაპირველად ამობურცული ფორმისაა, თუმცა შემდეგ ფართოვდება და შუაში ოდნავ ჩაღრმავებულ იერს იძენს. მისი ზედაპირი ხორცოვანი და ხავერდოვანია, ხოლო ნესტიან ამინდში ლორწოვან-წებოვანი ხდება. ქუდის კიდეები თხელია – თავდაპირველად შეკეცილი, შემდეგ კი იშლება და უსწორმასწორო, ტალღოვანი ფორმა უყალიბდება.
ფეხი 3-დან 5 სანტიმეტრამდე სიგრძისა და 2.5 სანტიმეტრი სიგანისაა. იგი ქუდისფერი აქვს, თუმცა ძირისკენ მუქდება და მურა ლაქები უჩნდება. ცილინდრული ფორმისაა, ქუდისგან მკვეთრად გამოყოფილი არ არის და ქვემოთ ოდნავ ვიწროვდება. მისი ზედაპირი ბოჭკოვანია და მშრალი.
ჰიმენოფორი მილნაირია, ხოლო ფორები ლაბირინთისებურ სტრუქტურას ქმნის. ისინი შეზრდილია ფეხთან და ქვევით ეშვება. თავდაპირველად ყვითელი ფერისაა, თუმცა შეხებისას მომწვანო-მოლურჯო შეფერილობას იღებს, რომელიც თანდათან ხუნდება. ჰიმენიალური შრე თხელია და მისი სისქე დაახლოებით 5 მმ-ია.
სპორები მომრგვალო-ელიფსური ფორმისაა, გლუვი ზედაპირით. მათი ზომები 4-დან 6.5 მიკრომეტრამდე სიგრძით და 3-დან 5 მიკრომეტრამდე სიგანით მერყეობს. სპორების ანაბეჭდი მოყავისფრო ფერისაა.
რბილობი საკმაოდ მკვრივია და ხორცოვანი. ქუდში ღია მოყვითალო ფერს იღებს და არანაირი სუნი არ აქვს. გადატეხვისას ოდნავ ლურჯდება, თუმცა ფეხის რბილობი შედარებით მოყავისფროა და დაზიანების შემთხვევაში ფერს არ იცვლის.
ეს სოკო იზრდება ზაფხულსა და შემოდგომაზე, უპირატესად მურყანარებში. იგი მიკორიზას ქმნის მურყანთან და საკმაოდ იშვიათი სახეობაა. მისი გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას. მიუხედავად იმისა, რომ საკვებად ვარგისია, მისი იშვიათობის გამო შეგროვება რეკომენდებული არ არის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 208-209, ISBN 978-9941-8-4547-5