მურტალა მუჰამედი
| მურტალა მუჰამედი | |
| ნიგერიის მე-4 სახელმწიფო მეთაური | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 29 ივლისი, 1975 – 13 თებერვალი, 1976 | |
| წინამორბედი | იაკუბუ გოვონი |
| მემკვიდრე | ოლუსეგუნ ობასანჯო |
| დაბადებული | 8 ნოემბერი, 1938 კანო, ნიგერია |
| ეროვნება | ნიგერიელი |
| მეუღლე | აჯოკე მუჰამედი; |
მურტალა მუჰამედი (ინგლ. Murtala Muhammed; დ. 8 ნოემბერი, 1938 — გ. 13 თებერვალი, 1976) — ნიგერიელი სამხედრო ოფიცერი და ნიგერიის სახელმწიფოს მეოთხე მეთაური. ხელმძღვანელობდა 1966 წლის სამხედრო გადატრიალებას, რომლის დროსაც დაამხეს ჯონსონ აგი-ირონსის სამხედრო რეჟიმი. მურტალა მუჰამედს თვალსაჩინო ადგილი ეკავა ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს, რის შემდეგაც მართავდა ნიგერიას 1975 წლის 29 ივლისიდან 1976 წლის 13 თებერვლამდე, მის მკვლელობამდე.
ნიგერიის ისტორიის ეს პერიოდი, ჩრდილოეთის სამხედრო გადატრიალებიდან მურტალას სიკვდილამდე, როგორც წესი ასოცირდება ნიგერიის პოლიტიკაში სამხედრო ძალების ინსტიტუციონალიზაციასთან.[1][2]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მურტალა მუჰამედი კანოში დაიბადა. მისი მამა მუჰამედი ჰაუსას ხალხის წარმომადგენელი იყო და ვეტერინარად მუშაობდა. მუჰამედის ოჯახს ისლამური იურისპრუდენციის დიდი გამოცდილება ქონდა, რადგან მისი მამის მხრიდან ბაბუა და დიდი ბაბუა მოსამართლეები იყვნენ.
დედა უვანი რაჰამატუ კანურის ხალხის წარმომადგენელი იყო. მისი მამა და მურტალა მუჰამედის ბაბუა იაკუბუ სოია პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი.
მურტალა მუჰამედი გიდან მაკამას დაწყებით სკოლაში სწავლობდა, 1949 წელს კანოს საშუალო სკოლაში (ახლანდელი რუმფას კოლეჯი) გადავიდა, ბოლოს კი ზარიას სამთავრობო კოლეჯში, რომელიც 1957 წელს დაამთავრა. ის იმავე წელს ჩაირიცხა ნიგერიის არმიაში.[3]
სამხედრო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მურტალა კადეტად სამეფო სამხედრო აკადემიაში მსახურობდა ინგლისის ქალაქ სენდჰერსტში. მოგვიანებით ის კონგოში გადაიყვანეს სამხედრო სამსახურში. 1971 წელს, 33 წლის ასაკში ბრიგადის გენერლის წოდება მოიპოვა და ნიგერიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გენერალი გახდა. სამი წლის შემდეგ მურტალა ლაგოსში კომუნიკაციების ფედერალური კომისრის თანამდებობაზე დანიშნეს. 1971-დან 1974 წლამდე მუჰამედი არმიის კავშირგაბმულობის დანაყოფის რუტინულ საქმიანობაში იყო ჩართული. თუმცა, ის ასევე არ ეთანხმებოდა იაკუბუ გოვონის მიერ გატარებულ ზოგიერთ პოლიტიკას.
როგორც კონსერვატორი და ფედერალისტი, მურტალა ნანობდა პირველი რესპუბლიკის 1966 წელს დამხობას. 1974 წლის 7 აგვისტოს სახელმწიფოს მეთაურმა, გენერალმა იაკუბუ გოვონმა, იგი კავშირგაბმულობის ახალ ფედერალურ კომისრად დანიშნა და ის ლაგოსის შტაბ-ბინაში გადავიდა. მომდევნო წელს მურტალა მუჰამედს დაევალა ნავთობის ეკონომიურად ეფექტური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ზედამხედველობა.
ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს ის მეთაურობდა მეორე ქვეით დივიზიას, რომელმაც ასაბის ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინა და პასუხისმგებელი იყო მრავალი მშვიდობიანი ადამიანის მკვლელობაზე.[4]
სახელმწიფო მეთაური 1975 - 1976
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]975 წლის 29 ივლისს, უგანდის დედაქალაქ კამპალაში აფრიკის ერთობის ორგანიზაციის (OAU) მე-12 სამიტზე დასწრებისას, გენერალი იაკუბუ გოვონი ჩამოაგდეს და სახელმწიფო მეთაური მურტალა მუჰამედი გახდა.
ომისშემდგომ ნიგერიას ის ძალიან მკაცრი მეთოდებით მართავდა, თუმცა მოკლე დროში მურტალა მუჰამედის პოლიტიკამ მას ფართო სახალხო მხარდაჭერა მოუტანა და მისმა გადაწყვეტილებების მიღების უნარმა იგი სახალხო გმირის სტატუსამდე აამაღლა. მუჰამედმა მის შესახებ ქარიზმატული ლიდერის ავტორიტეტი და პიროვნების კულტი ჩამოაყალიბა. ცივი ომის დროს მან შეინარჩუნა ნიგერიის ნეიტრალიტეტი, თუმცა მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირს და ამ უკანასკნელის მცდელობებს ანგოლის სამოქალაქო ომში. ეს მხარდაჭერა უფრო ანგოლის კოლონიალიზმისგან განთავისუფლების მხარდაჭერა იყო, ვიდრე თავად საბჭოთა კავშირის.
ის კრიტიკის ობიექტი გახდა საჯარო მოხელეებში, რადგან მუდმივად არასტანდარტულ და მოულოდნელ განცხადებებს აკეთებდა, ასევე 10 000 საჯარო მოხელე უკომპესაციოდ დაითხოვა სამსახურებიდან. მიზეზად დასახელდა ასაკი, ჯანმრთელობა, არაკომპეტენტურობა ან სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა. ასეთი დიდი რაოდენობის საჯარო მოხელეების გათავისუფლებამ გავლენა მოახდინა საჯარო სამსახურზე, სასამართლო სისტემაზე, პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებზე, დიპლომატიურ სამსახურზე, საჯარო კორპორაციებსა და უნივერსიტეტის ჩინოვნიკებზე. საკმაოდ ბევრი თანამდებობის პირი გაასამართლეს კორუფციის ბრალდებით, ხოლო შტატის ყოფილი სამხედრო გუბერნატორი სიკვდილით დასაჯეს თანამდებობრივი დანაშაულისთვის.[5]
ამავდროულად მისი რეჟიმი ავტორიტარიზმიდან კონსენსუსის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებაზე გადავიდა, სადაც მურტალა სამხედრო ტრიუმვირატის ლიდერი იყო. ტრიუმვირატში შედიოდნენ გენერლები ოლუსეგუნ ობასანჯო და თეოფილუს დანჯუმა.
მურტალას დიქტატურა თანდათან შერბილდა და მან პოლიტიკის დემილიტარიზაციის გეგმები წარადგინა. 1976 წელს, მისი მმართველობის დაწყებიდან სულ რაღაც შვიდი თვის შემდეგ მურტალა მუჰამედი წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობისას მოკლეს, ხოლო ქვეყნის მმართველობა ოლუსეგუნ ობასანჯომ გადაიბარა. სწორედ მან გარდაქმნა სამხედრო მმართველობაზე დამყარებული რეჟიმი დემოკრატიული პრინციპებით მართულ სახელმწიფოდ.
მურტალას მემკვიდრეობა ნიგერიის ისტორიაში კვლავ საკამათოა, რადგან მისი მმართველობის ბუნება დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ის გარკვეული ხნის განმავლობაში ქვეყანას სასტიკი მეთოდებით მართავდა, ხოლო მოგვიანებით მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნა. ისტორიკოსთა აზრით მისი დიქტატორული სტილი ძალიან ადაპტირებადი აღმოჩნდა, რამაც ფართომასშტაბიანი სოციალური და ეკონომიკური რეფორმების გატარების საშუალება მისცა.[6]
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავტომანქანა, რომელშიც მურტალა მუჰამედი მოკლეს
- მურტალა მუჰამედი სამოქალაქო ტანსაცმელში, 1975
- მუჰამედი თავის შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ოლუსეგუნ ობასანჯოსთან ერთად (მარჯვნივ)
- მუჰამედი მის მეუღლე აჯოკესთან ერთად
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Dailytrust News, Sports and Business, Politics | Dailytrust en. ციტირების თარიღი: 2022-06-11
- ↑ Adewole, Segun. (2021-01-15) Pictorial: Key actors of Nigeria's Civil War (1966-1970) en-US. ციტირების თარიღი: 2025-06-12
- ↑ „After Yar'Adua“. Africa Confidential. Nigeria. 38 (25). 19 December 1997. ციტატა: „Nigeria's most popular leader to date is Murtala Mohammed a northern Muslim from Kano whose radical support of Southern African liberation movements in the 1970s gave the country an international stature it has not been able to regain since...“
- ↑ Bird, S. E., & Ottanelli, F. (2014). The Asaba massacre and the Nigerian civil war: reclaiming hidden history. Journal of Genocide Research, 16(2–3), 379–399. https://doi.org/10.1080/14623528.2014.936718
- ↑ Nigeria – Religious Beliefs and Practices. Federal Research Division, Library of Congress.
- ↑ Murtala Muhammed. ციტირების თარიღი: 13 February 2026