მურთუზა მუხთაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მურთუზა მუხთარ-ოღლუ მუხთაროვი (აზერ. Murtuza Muxtar oğlu Muxtarov) (დ. 1855 — გ. 1920) — ბაქოელი ნავთობის მსხვილი მეწარმე და ქველმოქმედი.[1]

მურთუზა მუხთაროვი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მურთუზა მუხთაროვი დაიბადა 1855 წელს ამირაჯანში. მან თავიდან დაიწყო ხელოსნის მოსწავლედ (დღეში იღებდა 10 კაპიკს), შემდეგ მუშაობდა ოსტატად, ბურღვის მემანქანედ. 1870 წელს, ურემის გაყიდვის შემდეგ, მუშად მოეწყო ბალახანის დასახლების სიახლოვეს — ზაბრატში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ხელით იღებდა ნავთობს მცირე ჭაბურღილებიდან. იგი ხასიათდებოდა როგორც ძლიერი, გამძლე და მამაცი ადამიანი. ჭაბურღილები უკვე ბურღვის მექანიკურ მეთოდზე იყო გადასული და ის მაინც ზაბრატიდან ამირაჯანში მიმავალ ტალახიან გზას ტკეპნიდა უმცროს ძმასთან, ბალ-აჰმედთან ერთად. ასრულებდა ამ სფეროში ყველაზე რთულ და ბინძურ სამუშაოს. ნიჭიერი, შრომისმოყვარე ახალგაზრდა კაცი შეამჩნია წარმოების მფლობელმა, მარტოვმა. მალე მუხთაროვი ოსტატი გახდა და მის დაქვემდებარებაში შევიდა წარმოების მექანიკური სახელოსნოები. მურთუზმა გააუმჯობესა ნახევრად მექანიზებული ჩაქუჩის ჩარხი, რითაც მანქანა ბევრად უფრო გამძლე გახდა და მალე მუხთაროვს, როგორც ჭაბურღილების შეკეთებისა და პრობლემების აღმოსაფხვრელად შეუცვლელ ოსტატს, გასაქანს აღარ აძლევდნენ საწარმოების მფლობელები.

1895 წელს მან შექმნა მოდერნიზებული საბურღი მანქანა, რისთვისაც მიიღო სახელმწიფო პატენტი. მან ამ გამოგონებას „ბაქოს საბურღი სისტემა“ უწოდა. მუხთაროვის ჩარხები ბევრად უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე მანამდე ვინმესთვის ცნობილი. მას ასევე ჰქონდა არაერთი სხვა გამოგონება.

XIX საუკუნის ბოლოს, მუხთაროვმა შეუკვეთა ბურღვის აღჭურვილობის მთელი ქარხანა ბიბი-ჰეიბატში. ეს იყო პირველი სამრეწველო საწარმო რუსეთში ნავთობის აღჭურვილობის წარმოებისთვის. ქარხნიდან არც თუ ისე შორს, მან ააგო სამსართულიანი შენობა მუშებისა და თანამშრომლებისთვის. ამით მან მიიზიდა საუკეთესო სამუშაო ძალა და შემოუვიდა დამატებითი მოგება. მუხთაროვის ქარხანაში წარმოებული ჩარხები და აღჭურვილობა იყიდებოდა რუსეთის ბაზარზე და გაჰქონდათ ექსპორტზე საზღვარგარეთ. ის თავადაც ხშირად ყიდულობდა მანქანებს და იარაღებს საზღვარგარეთ, განსაკუთრებით ამერიკაში. რევოლუციის შემდეგაც კი მოდიოდა კონტეინერები აღჭურვილობით მურთუზა მუხთაროვის სახელზე.

1910 წელს, იოზეფ პლოჟკოს პროექტით, ბაქოში აშენდა მუხთაროვის კუთვნილი სახლი, იტალიური რენესანსის სტილში. შენობის პირველ სართულზე იყო მაღაზიები და ოფისები, ხოლო მეორეზე — საცხოვრებელი ბინები.

1908 წელს მუხთაროვის სახსრებით, ვლადიკავკაზში, მდინარე თერგის სანაპიროზე, აშენდა უჩვეულო არქიტექტურითა და სილამაზით გამორჩეული სუნიტური მეჩეთი, რომელიც მუხთაროვის მეჩეთის სახელით არის ცნობილი.

მუხთაროვის სახსრებით აშენებული ობიექტები
მუხთაროვის მეჩეთი ვლადიკავკაზში მუხთაროვის მეჩეთი ამირჯანში მუხთაროვის სასახლე ბაქოში (ახლანდელი საქორწინო სასახლე)
მურთუზა მუხთაროვის საფლავი ამირჯანის მეჩეთში

1920 წლის აპრილში აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება აღდგა, ქალაქი დაიკავეს წითელი არმიის დანაყოფებმა. შექმნილი ვითარების გამო მურთუზა მუხთაროვმა თავი მოიკლა. მისი საფლავი მუხთაროვის მეჩეთის ეზოშია, მის მშობლიურ ამირჯანში.

მურთუზა მუხთაროვი დაქორწინებული იყო ოს დიდგვაროვან ელიზავეტა ტუგანოვაზე, პოლკოვნიკ ასლან-ბეკ ტუგანოვის ქალიშვილზე.

მურთუზა მუხთაროვის ხსოვნის პატივსაცემად მარდაკიანის დენდრარიუმში (რომლის ტერიტორია 1895–1920 წლებში მუხთაროვის კერძო აგარაკს წარმოადგენდა) დაიდგა მისი ბიუსტი, მის სახელს ატარებს ქუჩა ბაქოში და რკინიგზის სადგური საბუნჩის მახლობლად. სადგურის ახლოს მდებარე სოფელს ხალხში მუხთაროვას ეძახიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]