შინაარსზე გადასვლა

მუკაგალი მაკატაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუკაგალი მაკატაევი
ყაზახ. Мұқағали Мақатаев
დაბადების თარიღი 9 თებერვალი, 1931(1931-02-09)
დაბადების ადგილი ყარასაზი
გარდაცვალების თარიღი 27 მარტი, 1976(1976-03-27) (45 წლის)
გარდაცვალების ადგილი ალმათი
საქმიანობა პოეტი, მწერალი და მთარგმნელი
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი ალ-ფარაბის სახელობის ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტი
ჯილდოები State Prize of the Republic of Kazakhstan

მუკაგალი მაკატაევი (ყაზახ. Мұқағали Сүлейменұлы Мақатаев, დ. 9 თებერვალი, 1931, სოფელი ყარასაზი, ნარინქოლის რაიონი, ალმათის ოლქი — გ. 27 მარტი, 1976, ალმა-ათა, ყაზახეთის სსრ, სსრკ) — ყაზახი საბჭოთა პოეტი, მწერალი და მთარგმნელი.

დაიბადა ალმა-ათის ოლქის სოფელ ყარასაზში, ხან-თენგრის მწვერვალის ძირში. საშუალო სკოლის დაამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. მუშაობდა აულსაბჭოს მდივნად, „წითელი ქოხის“ გამგედ, „კომსომოლის ორგანოების“ და რაიონული გაზეთის ლიტერატურულ თანამშრომლად. არის ალბანთა ტომის წარმომადგენელი.[1]

1954-1962 წლებში მუშაობდა ყაზახური რადიოს დიქტორად, მასწავლებლად. 1962-1972 წლებში ასევე მუშაობდა სხვადსხვა გაზეთის და ჟურნალის განყოფილების გამგედ. 1972-1973 წლებში ასევე მუშაობდა ყაზახეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად.[2]

მუკაგალის პირველი ლექსები თვრამეტი წლის ასაკში, 1948 წელს გაზეთ „საბჭოთა საზღვარი“-ში დაიბეჭდა, რადგან იგი ნარინკოლის სასაზღვრო რეგიონიდან იყო. მის ლექსებში მუდამ ჩანს ამ მხარის მოტივები, ხოლო მომაკვდავმა პოეტმა ითხოვა, რომ ის სამშობლოში, მშობლიურ აულში წაეყვანათ, იმ იმედით, რომ მხოლოდ მშობლიურ მიწას შეეძლო მისი გადარჩენას.

მკითხველებმა პოეტი გაზეთებისა და ჟურნალების პუბლიკაციებით, აგრეთვე 1951 წელს გამოცემულ კოლექტიურ კრებულში „ჟასტარ ჟირი“ („ახალგაზრდობის სიმღერები“) გაიცნეს და იგრძნეს. 1962 წელს გაზეთმა „სოციალისტიკ ყაზაყსტანმა“ გამოაქვეყნა პოემა „აპასიონატა“, რამაც მას პოპულარობა მოუტანა და მისი სახელი ყაზახეთის საუკეთესო პოეტების რიგებს შეუერთდა.

იგი არის წიგნების „ცხოვრება-ლეგენდა“, „ცხოვრება-მდინარე“, „მოცარტის რექვიემი“ და „რჩეული ნაწარმოებების“ ავტორი. მისი ლექსების მიხედვით შექმნილი სიმღერა „სარჟაილაუ“ ხალხური შემოქმედების ნაწილი გახდა. მუკაგალიმ ყაზახურ ენაზე თარგმნა რუსული კლასიკა და უცხოური ლიტერატურა, მათ შორის უოლტ უიტმენის ნაწარმოებები და დანტეს „ღვთიური კომედია“. მისი სახელი აბაის, მუხთარ აუეზოვის და ყაზახური ლიტერატურის სხვა კლასიკოსების გვერდითაა დაყენებული. მისმა კოლეგამ, ორინბაი ჟანაიდაროვმა, დანტე ალიგიერის „ღვთიური კომედიის“ თარგმანზე დაწერა: „მუკაგალმა, დანტეს თარგმნისას, „ღვთიური კომედიის“ ყოველ სტრიქონს ორი მარცვალი დაამატა, ხოლო ცნობილი ტერცინები გადმოსცა გაერთიანებული რითმით და არა გადაკვეთილი რითმის სქემით. მუკაგალის ტერცინებში – სამსტრიქონიანებში, რომლებიც პოემას ქმნიან, სამივე ხაზი რითმულად ჟღერს! შედეგად მივიღეთ ყაზახური ჭედური ლექსი! ლექსი, რომელიც თავისი სტრუქტურით და მარცვლოვნებით განსაცვიფრებელია“ (ჟურნალი „პროსტორი“, 2012, №2).

ცხოვრების ბოლო ათი წელი (მოსკოვში, ლიტერატურის ინსტიტუტში სწავლის ორი წლის გამოკლებით) ალმა-ათაში განვლო.

სადაც არ უნდა ემუშავა მთავარი მისთვის იყო ის, თუ როგორ გაეზიარებინა მკითხველისთვის ის, რაც მას აღელვებდა და სიმშვიდეს არ აძლევდა. მან თავისი ცხოვრების მანძილზე დაწერილის ნახევარიც კი ვერ გამოსცა. ეს პოეტისთვის ნამდვილი დრამა იყო — თვითონ კარგად ესმოდა საკუთარი შემოქმედებითი ძალისა და ყაზახურ პოეზიაში თავისი ადგილის მნიშვნელობა. მაკატაევის გული მარცხდებოდა...

„როცა გედებს სძინავთ“, „გამარჯობათ, მეგობრებო!“, „ჩემო ნაზო მერცხალო“, „მგალობელი სული“, „ცხოვრების მდინარე“, „შოლპანი“, „გულის ტვირთით“, ლექსებისა და პოემების ორტომეული „გულის ცემა“ — ყველა ეს წიგნი პოეტის მშობლიურ ყაზახურ ენაზე დაიბეჭდა. მოხდა ისე, რომ პოეტის პირველი ლექსების წიგნი რუსულ ენაზე მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გამოქვეყნდა. 1981 წელს დაიბეჭდა კრებული „სულის ძახილი“.

დიდება მუკაგალი მაკატაევს სიკვდილის შემდეგ ეწვია. უნიკალურ მოვლენად იქცა მისი თარგმანი ილუსტრირებული გამოცემის — დანტეს „ღვთაებრივი კომედია“. მისი პოეტური კრებულები შევიდა ყაზახური პოეზიის ოქროს ფონდში. ნაზი პოეტური სტროფები მუსიკად იქცა და სიმღერებად გაჟღერდა. ამავე წლებში გამოჩნდა მისი ლექსების რუსულენოვანი თარგმანებიც, რომლებიც შესრულებულია ო. ჟანაიდაროვის, მ. კურგანცევის, უ. ალექსანდროვისა და ლ. შაშკოვას მიერ.

მუკაგალი მაკატაევმა თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა 1948 წელს დაიწყო, როცა პირველად გამოქვეყნდა მისი ლექსები. ცნობილი გახდა 1962 წელს, პოემის „აპასიონატას“ გამოქვეყნების შემდეგ. პოემები „ილიჩი“ (1964) და „მავრი“ (1970) მიუძღვნა ვლადიმერ ლენინის და კარლ მარქსს. პოეტური კრებულები „სალამი, მეგობრებო“ (1966), „ჩემი მერცხალი“ (1968), „გულო ჩემო“ (1972), „გედებს არ სძინავთ“ (1974), „ცხოვრების სითბო“ (1975), „ცხოვრების პოემა“ (1976), „ცხოვრების მდინარე“ (1978), „გულის ძგერა“ (I–II ტომი, 1982), „შოლპანი“ (1984) და სხვა, შევიდა ყაზახური ეროვნული პოეზიის ოქროს ფონდში. პროზაული ნაწარმოებები შეტანილია კრებულში სახელწოდებით „ორი მერცხალი“ (1988). მის ლექსებზე შეიქმნა მუსიკა.[2]

მაკატაევმა ყაზახურად თარგმნა უილიამ შექსპირის სონეტები (1970), უოლტ უიტმენის ლექსები (1969), დანტეს პოემა „ღვთაებრივი კომედია“ (1971) და სხვა ნაწარმოებები.[2]

  • მამა — სულეიმანი, დედა — ნაგიმანი.[3][4]
  • ცოლი — ლაშინი.[3][4]
  • შვილები — მაიგული, ლაზზატი, ალმაგული, შოლპანი, აიბარი და ჟულდუზი.[4]
  • 1981 წელს ალმათში მისი სახელი მიენიჭა ერთ-ერთ ქუჩას, ხოლო სახლზე, სადაც იგი ცხოვრობდა, დამონტაჟდა მემორიალური დაფა.
  • 1985 წელს ყაზახეთის მწერალთა კავშირმა დააწესა მუკაგალი მაკატაევის სახელობის ლიტერატურული პრემია.[2]
  • 2000 წელს მუკაგალი მაკატაევს, პოეზიის კრებულისთვის „ამანათი“, ყაზახეთის მთავრობის მიერ მიენიჭა ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში (სიკვდილის შემდეგ).[5]
  • 2002 წელს მას სკვერში მაკატაევისა და ჟელტოქსანის ქუჩების კუთხეში დაუდგეს ბრინჯაოს ძეგლი.[6]
  1. ↑ М. Макатаев. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-15. ციტირების თარიღი: 2018-11-15
  2. 1 2 3 4 წიგნი:Казахская ССР: краткая энциклопедия|გვერდები=370|ტომი=4
  3. 1 2 Мукагали Макатаев: биография и творческое наследие поэта. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-22. ციტირების თარიღი: 2020-02-11
  4. 1 2 3 Портал «История Казахстана». Мукагали. Человек с душой ребенка.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-24. ციტირების თარიღი: 2020-09-07
  5. ↑ Постановление Правительства Республики Казахстан от 15 декабря 2000 года № 1856 «О присуждении Государственных премий Республики Казахстан 2000 года в области литературы, искусства и архитектуры»
  6. ↑ Памятник Мукагали Макатаеву. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-01. ციტირების თარიღი: 2022-07-13