მუგუდის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუგუდის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგუდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 0,4 კილომეტრზე, ტყიან გორაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის წმინდა გიორგის ეკლესია, კოშკი, ნაგებობის ნაშთი და გალავანი. ეკლესია დარბაზულია (8 x 3,5 მეტრი), დგას გალავნით შემოფარგლულ ეზოს (ფართობი დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი) შუაში, სამხრეთიდან ეკვრის სწორკუთხა, ეკლესიაზე თითქმის ორჯერ უფრო მოკლე მინაშენი. ეკლესია ნაგებია ქვის ნატეხი ქვით, დუღაბზე. კონტრასტულ ნაწილებში გამოყენებულია შირიმი. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარა და კედლების ზემოთა ნაწილები, თითქმის მთლიანადაა დანგრეული მინაშენი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. აღმოსავლეთით მცირედ შეღრმავებული აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო, გეგმით ნახევარწრიული და თაღოვანი ნიშია. ერთი სარკმელია სამხრეთ კედელში. ინტერიერი შელესილია. აფსიდის სამხრეთ გვერდში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. კოშკი ზურგიანი ნაგებია კლდის ნატეხი ქვით. ჩრთულია გალავნის დასავლეთ ნაწილში. შემორჩენილია მისი ორი სართული. ჩამოშლილია სართულშუა გადახურვა. პირველი სართულის კედლები ყრუა, სწორკუთხა შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა (სწორ კედელში), მეორე სართულის დონეზე. გალავანი გეგმით მრუდხაზოვანია, მის ჩრდილოეთ ნაწილში ვიწრო შესასვლელია მოწყობილი, რომელიც საისრეებითაა აღჭურვილი. გალავნის ჩრდილო კედელზე, შიგნით, მიშენებული იყო მცირე ზომის (8 x 4 მეტრი) სწორკუთხა ნაგებობა, რომლისგანაც მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]