მსხლის ფსილა,[1]მსხლის ფოთოლრწყილი (ლათ.Psylla pyri) — მავნე მწერიფოთოლრწყილისებრთა ოჯახისა. მოზამთრე ინდივიდები ფერად მუქი-მურაა, შუა ზურგის ზოლი მონაცრისფრო-ბრინჯაოსფერია. წინა ფრთები გამჭირვალეა, აქვს შავი ძარღვები. ზაფხულის თაობისა უფრო ღია ფერისაა. მკერდი ნარინჯისფერ-ყვითელია, მუცელი — მომწვანო ყვითელი. სხეული წაგრძელებულია, მუცელი მოიისფერო ან მომწვანო ლურჯი, ასეთივე ფერისაა ზურგის გასწვრივი ზოლი. კვერცხი მოგრძოა, მოკლე წანაზარდით, რძისებრ-თეთრი ან ღია-ყვითელი ფერისაა. ფსილა როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ზიანს იწვევს. მწერის მიერ დაზიანების შემთხვევაში ყლორტები არ იზრდება, ნაყოფი არ სრულდება და მურა ლაქებით იფარება, რის გამოც იგი შეუხედავია. მსხლის ფსილის მთავარი მკვებავი მცენარეა მსხალი (როგორც კულტურული, ისე ტყის), იშვიათად ვაშლი. იმავე ქერქის ქვეშ, მის ნაპირებში, ჩამოცვენილ ფოთლებქვეშ და სხვა თავშესაფრებში იზამთრებს. მარტის ბოლოს ან აპრილში გამოზამთრებული ფსილები დამატებითი კვების შემდეგ კვერცხის დებას იწყებენ ყლორტებზე და კვირტის ფუძესთან. მატლები მცენარის წვენს წუწნიან კოკრებიდან, ახალგაზრდა ფოთლებიდან, მწვანე ყლორტებიდან, ყვავილის და ნაყოფის ყუნწიდან. გამოჩეკიდან ზრდის დასრულებამდე 30–40 დღე სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ჭარბი ტენიანობა ამა თუ იმ ხარისხით ამუხრუჭებს მწერის განვითარებასა და გამრავლებას, რაც დასტურდება დასავლეთ საქართველოსთან შედარებით, აღმოსავლეთ საქართველოში მისი ინტენსიური გამრავლებით.[2]