მსუსხავნი
მსუსხავნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() საათის ისრის მიმართულებით: 1) მედუზა Chrysaora melanaster; 2) გორგონარია/ზღვის მარაო Annella mollis; 3) ზღვის ანემონა Nemanthus annamensis; 4) მარჯანი Acropora cervicornis | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cnidaria (Hatschek, 1888) | ||||||||||||
|
მსუსხავნი,[1] კნიდარიები (ლათ. Cnidaria) — წყლის უხერხემლო ცხოველების ტიპი ნაწლავღრუიანების ჯგუფისა.
ცნობილია გვიანი პროტეროზოული დროიდან (ე.წ. ვენდი); მრავალრიცხოვანნი იყვნენ ორდოვიციულ პერიოდში. ზომები მერყეობს 1 მმ-ზე ნაკლებიდან 2 მ-მდე (არქტიკული მედუზას Cyanea capillata ქოლგის დიამეტრი) და მეტიც (სიფონოფორები). სხეული რადიალურ-სიმეტრიულია, ორშრიანი: გარე შრე (ექტოდერმა) შიდა შრისგან (ენტოდერმა) გამოყოფილია ჟელატინისებრი შუაშრით (მეზოგლეა). ზოგიერთ მსუსხავს აქვს ჩონჩხისებრი ელემენტები, რომლებიც შედგება ქიტინის ან კალციუმის კარბონატისგან. დამახასიათებელია ექტოდერმაში კნიდოციტების — მსუსხავი უჯრედების არსებობა (აქედან სახელწოდება), რომელთა ორგანელებს (ნემატოცისტები) შეუძლია ეკლიანი, წებოვანი ან მოსაჭიდებელი ძაფის გასროლა, რასაც ხშირად თან ახლავს ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფა. კნიდოციტებს იყენებენ თავის დასაცავად და მსხვერპლის (ძირითადად პლანქტონური ცხოველების) დასაჭერად. საკვების მონელება ხდება გასტროვასკულარულ სისტემაში. საკვები პირში ხვდება მის გარშემო არსებული საცეცების დახმარებით, მისი მეშვეობითვე გამოიდევნება მოუნელებელი ნარჩენები. ნერვული სისტემა დიფუზური ტიპისაა.[2]
ცნობილია დაახლოებით 12 000 ამჟამად არსებული[3] და 20 ათასი გადაშენებული სახეობა (იხ. § კლასიფიკაცია). გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ძირითადად ზღვებში; ცალკეული სახეობები ბინადრობენ მტკნარ წყალსატევებში (მაგალითად, ჰიდრები).[2]
Medusozoa-ის წარმომადგენლებისათვის დამახასიათებელია მეტაგენეზი: სასიცოცხლო ციკლში შეინიშნება უსქესო (პოლიპები) და სქესობრივი (მედუზები) თაობის ინდივიდების მონაცვლეობა. პოლიპების დაუსრულებელი დაკვირტვის შედეგად კნიდარიების უმეტესი სახეობები ქმნიან კოლონიებს. იშვიათად პოლიპები მრავლდებიან სქესობრივი გზით (მარჯნის პოლიპები). განაყოფიერება უფრო ხშირად გარეგანია; ყველა კნიდარიის ლარვა (პლანულა) დაფარულია წამწამებით. ზოგიერთი სახეობა საშიშია ადამიანისთვის.[2]
-
მარჯანი Acropora muricata (Hexacorallia)
-
ზღვის მარაო Gorgonia ventalina (Octocorallia)
-
კუბომედუზა Carybdea branchi (Cubozoa)
-
სიფონოფორა Physalia physalis (Hydrozoa)
-
მედუზა Phyllorhiza punctata (Scyphozoa)
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსუსხავნი (Cnidaria)
- მარჯნის პოლიპები (Anthozoa) — მარჯნები და ზღვის ანემონები
- რვასხივიანი მარჯნის პოლიპები (Hexacorallia)
- ექვსსხივიანი მარჯნის პოლიპები (Octocorallia)
- Ceriantharia
- Endocnidozoa
- Myxozoa
- Malacosporea
- მიქსოსპორიდიები (Myxosporea)
- Polypodiozoa (ზოგიერთი წყაროთი შედის Medusozoa-ში)
- Myxozoa
- Medusozoa — მედუზები და ჰიდროიდულნი
- კუბომედუზები (Cubozoa)
- ჰიდროიდულნი (Hydrozoa)
- სციფოიდურნი (Scyphozoa)
- Staurozoa
- მარჯნის პოლიპები (Anthozoa) — მარჯნები და ზღვის ანემონები
კლადოგრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Cnidaria |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cnidaria — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Чесунов А. В. Книдарии // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 336.
- ↑ World Register of Marine Species. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2025