მსუბუქი ფორვარდი

მსუბუქი ფორვარდი (Small Forward) - აგრეთვე ცნობილი როგორც მესამე ნომერი — კალათბურთის მოთამაშეებში ხუთიდან ერთ-ერთი პოზიცია. როგორც წესი, მსუბუქი ფორვარდი მძიმე ფორვარდთან და ცენტრთან შედარებით უფრო დაბალი, სწრაფი და მოქნილია, თუმცა გაბარიტებით აღემატება გამთამაშებელს და მსროლელს. მსუბუქი ფორვარდის პოზიცია ხუთიდან ყველაზე უნივერსალურად მიიჩნევა.[1] NBA-ში მსუბუქი ფორვარდების სიმაღლე ძირითადად 1.98-2.08 მ შუალედში მერყეობს ხოლო WNBA-ში მათი სიმაღლე 1.80-1.88მ-ია.
მსუბუქ ფორვარდს მოქმედების ყველაზე ფართო დიაპაზონი აქვს და ევალება პრაქტიკულად ყველაფერი. ამ პოზიციაზე მოთამაშეებს იდეალურ შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ როგორც მაღალი, ასევე დაბალი კალათბურთელებისთვის დამახასიათებელი უნარები - ქულების მოპოვების გარდა მათ ევალებათ როგორც ფარქვეშ, ასევე გარე სივრცეში მოქმედება. ფარიდან ასხლეტილი ბურთების მოპოვებაში აზღვევენ გაბარიტულ ცენტრებს და მძიმე ფორვარდებს და ასევე პერიმეტრზე ეხმარებიან გამთამაშებლებს და მსროლელებს. ზოგიერთი მათგანი, იშვიათ შემთხვევაში ითავსებს გამთამაშებლის (ქრესტომათიულად ყველაზე მომცრო მოთამაშე) ფუნქციებს და შეტევისას ანაწილებს პასებს. პროფესიონალურ კალათბურთში ხშირად გუნდის მთავარი მექულეები სწორედ მსუბუქი ფორვარდები ან მსროლელები არიან.[2]
მსუბუქი ფორვარდების ქულების მოსაპოვებელი თამაშის სტილი მრავალფეროვანია. ზოგიერთი მათგანი მეტწილად საშუალო და შორი სროლით აგროვებს ქულებს. საკმაოდ დიდია მათი რიცხვიც, რომლებსაც დრიბლინგის უნარი აქვთ მეტად განვითარებული. პარალელურად მათ უნდა შეეძლოთ მძიმეწონიან მოთამაშეებთან ფარქვეშ მეტოქეობა და ახლო მანძილიდან შეტევა, რაც ფიზიკურ ძალას მოითხოვს.
NBA-ს მოქმედ მოთამაშეებში უნივერსალური თვისებების მქონე მსუბუქ ფორვარდად ჩაითვლება ლებრონ ჯეიმსი, ხოლო წარსულში სკოტი პიპენი. მათ თითქმის თანაბარი წარმატებით შეეძლოთ პრაქტიკულად ხუთივე პოზიციის კალათბურთელებთან კონკურირება და ხშირად დომინირებაც როგორც შეტევაში ასევე დაცვისას. მათ მხარდამხარ NBA-ს გამორჩეული მსუბუქი ფორვარდების სიაში შედიან ყოფილი მოთამაშეები - ლარი ბერდი, ჯულიუს ირვინგი, ელჯინ ბეილორი, დომინიკ უილკინსი, ჯეიმს უორთი, რიკ ბერი, ჯონ ჰავლიჩეკი, პოლ პირსი, ვინს კარტერი, ალექს ინგლიში, გრანტ ჰილი, კრის მალინი... მოქმედი კალათბურთელებიდან ლებრონ ჯეიმსის გარდა - კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ჯიმ ბატლერი, ჯეისონ ტეიტუმი, პოლ ჯორჯი... WNBA-ში ტამიკა ქეჩინგსი, ჩერილ მილერი, შერილ სვუპერსი...
თანამედროვე ქართულ კალათბურთში კლასიკური მსუბუქი ფორვარდი იყო ვიქტორ სანიკიძე. მოქმედი ქართველი კალათბურთელებიდან მსუბუქი ფორვარდის პოზიციას ხშირად ფარავს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, თუმცა იგი ნომინალურად მძიმე ფორვარდად ითვლება.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Recruiting Nation (November 28, 2006). „Versatility is key for small forwards“. ESPN.
- ↑ https://jr.nba.com/basketball-positions/.