შინაარსზე გადასვლა

მოხუცი მეზღვაურის სიმღერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოხუცი მეზღვაურის სიმღერა — ინგლისელი პოეტის, სემუელ ტეილორ კოლრიჯის, პოემა, დაიწერა 1797-98 წლებში და გამოქვეყნდა 1798 წელს „ლირიკული ბალადების“ პირველ გამოცემაში. ითვლება ბრიტანული რომანტიკული პოეზიის დასაწყისად.[1]

ქართულ ენაზე პოემა თარგმნა მედეა ზაალიშვილმა. [2]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
უილიამ სტრენგის ფრონტისპისი პოემის 1903 წლის გამოცემიდან. მასზე გამოსახულია, თუ როგორ კიდებენ მოხუც მეზღაურს კისერზე მკვდარ ალბატროსს

მოხუცი მეზღვაური „გრძელ, თეთრი წვერით, ელვარე თვალით“ აჩერებს ქორწილისაკენ მიმავალ სტუმარს და იწყებს ამბის თხრობას, დიდი ხნის წინ ზღვაზე მოგზაურობისას რომ გადახდა თავს. საქორწინო ცერემონია სადაცაა დაიწყება და მოუთმენლობა იპყრობს სტუმარს, თუმცა მეზვაურის ელვარე მზერა ატყვევებს და მალევე იგი ქვაზე ჩამომჯდარი გულდასმით უსმენს მოხუცის ნაამბობს, „რომ არ უსმინოს, არ შესწევს ნება“.

მეზღვაურის ამბავი მისი გემის ზღვაში გასვლით იწყება. მოგზაურობა წარმატებით დაიწყო, თუმცა მალევე თავს დაატყდათ გრიგალი, რომელმაც გემი სამხრეთისკენ, ანტარქტიდის ყინულოვანი წყლებისკენ დაძრა. „ყინული მარჯვნივ, ყინული მარცხნივ, ყინულის ზღუდე ყველგან და ირგვლივ.“ ამ დროს ხომალდის თავზე ალბატროსი იწყებს ფრენას, „მას მივეგებეთ, ვით სულს ქრისტიანს, ჩვენთან მოვლენილს უფლის სახელით“, მისი გამოჩენის შემდეგ, გემი თავს აღწევს ყინულის ზღუდეს და სამშვიდობოს გადის. ეკიპაჟის წევრები მას კვებავდნენ და შეჰხაროდნენ, მიუხედავად ამისა, მოხუცი მეზღავური კლავს ალბატროსს.

ალბათ ეშმაკის მაცდუნა ძალამ! -
ანდა თუ მეცა ბოროტი თვალი?
უცებ მოვზიდე ჩემი ისარი
და ალბატროსი დაეცა მკვდარი.

ეკიპაჟი მოხუცზე ბრაზობს, რადგან მათი რწმენით, სწორედ ალბატროსმა მოუვლინა მათ მხსნელად თბილი სამხრეთის ქარი და ფრინველის სიკვდილი ავი ბედის მომტანი იქნება. ისინი აზრს იცვლიან და მოხუცის საქციელს ამართლებენ, როცა იდარებს, ქარი ცხრება, ნისლი იფანტება და თანდათან უფრო და უფრო თბება.

მეზღვაურები თავიანთ შეცდომას აცნობიერებენ, როცა სამხრეთის ქარი, რომელმაც ისინი ყინულოვანი წყლებისგან დაიხსნა, მათ ეკვატორის მიმდებარე უცნობ წყლებში მოახვედრებს, სადაც გემი ვეღარ იძვრის.

დღითი დღე ასე, დღითი დღე ასე,
უმოძრაობა და სიცხე გვნთქავდა,
წყალზე დახატულს ჰგავდა ხომალდი
და ოკეანეც დახატულს ჰგავდა.

მხოლოდ წყლის სივრცე, სივრცე უსაზღვრო
გამოიფიტა ფიცარი ყველა,
მხოლოდ წყლის სივრცე, სივრცე უსაზღვრო,
თუმც ერთი წვეთიც არ გვაქვს სასმელად.

ეკიპაჟი თავის უბედობაში მოხუც მეზღვაურს ადანაშაულებს. ბრაზის ნიშნად, ისინი მეზღვაურს ჩადენილი დანაშაულის მოსაგონრად კისერზე მკვდარ ალბატროსს ჰკიდებენ.

აჰ! ის მწარე დღე! ჭაბუკიც, ბერიც
ბოროტად მიმზერს თვალით მსახვრელით!
და თან იმავდროს, მკერდზე ალბატროსს
ჯვრის ნაცვლად მკიდებს უხეში ხელი.

გუსტავ დორეს გრავიურა 1876 წლის გამოცემიდან სახელწოდებით „ალბატროსი“. მასზე გამოსახულია ხის გემბანზე მყოფი 17 მეზღვაური ალბატროსის პირისპირ

თვით ფსკერმაც იწყო ლპობა, ო, ქრისტევ!
ნუთუ ოდესმე ყოფილა ასე!
შლამმორეული უცხო სულდგმულნი
ზლაზვნით ცოცავენ შლამიან ზღვაზე.

ჰორიზონტზე მათი მიმართულებით მომავალი ხომალდი გამოჩნდა. მის ბორტზე ორი არსებაა: სიკვდილი და სიცოცხლე სიკვდილში, ეს უკანასკნელი ოქროსფერთმიანი და ფერმკრთალი ქალია. ეს ორი არსება ეკიპაჟის წევრების სულების მოსაპოვებლად კამათლებს აჯენს. თამაშის შედეგად სიცოცხლე სიკვდილში იმარჯვებს და მოხუცი მეზღვაურის სულს იღებს, ეკიპაჟის დანარჩენი წევრები კი სიკვდილს რჩება. ქალის სახელი მოხუცი მეზღვაურის სამომავლო ბედზე მეტყველებს: ალბატროსის მოკვლის გამო სასჯელის სახით, მას, ცოცხლად დარჩენილს, სიკვდილზე უფრო მძიმე ტანჯვა დაატყდება თავს. ეკიპაჟის წევრების სულები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ მათ სხეულებს, მათი უკანასკნელი გამომეტყველება მოხუცი მეზღვაურისადმი სიძულვილს გამოხატავს, მარტოდ დარჩენილი მეზღვაური შვიდი დღე და შვიდი ღამე უმზერს ცხედართ თვალებში ჩამდგარ წყევლას.

და ახლა ოთხჯერ ორმოცდაათი
ცოცხალი კაცი (არც ხმა, არც სიტყვა)
დაეცა მძიმედ, ისე ვით ლოდი
ყველა უკლებრივ ერთმანეთს მიჰყვა.

სულმა სხეული ფრენით დატოვა,
ხსნად თუ გვემისთვის გაფრინდა სული!
ყველა მათგანმა მე ჩამიქროლა
ჩემი შვილს-ილრის მსგავსი შხუილით!

მოხუცი იწყებს ზღვის ქვეწარმავლების და სხვა ქმნილებების დაკვირვებას, მათი მრავალფრად მორთულ-მოკაზმული კანის ცქერას. თუ იგი აქამდე მათ ზიზღით შლამისებურ ქმნილებებად მოიხსენიებდა, ახლა ამ არსებების მშვენიერებით მონუსხულია და გული სიყვარულით ევსება. „სულდგმულთ სვიანთა მშვენიერება უძლურია რომ ამოსთქვას ენამ.“ მეზღვაური იწყებს მათზე ლოცვას, ამ დროს მას კისრიდან წყდება ალბატროსი, რაც მისი ცოდვის შენდობას მოასწავებს.

ხომალდი სვლას იწყებს. შუადღეს იგი მოულოდნელად შედგება, მეზღვაური კი გონებას კარგავს. გონს მოსულს მას ესმის ორი სულის ხმა, რომლებიც მის ცოდვასა და მონანიებაზე მსჯელობენ. მათი საუბრიდან იგი იგებს, რომ ხომალდი ზებუნებრივი ძალით იმართება.

ხომალდი ხმელეთს უახლოვდება. მას მიადგება ნავი, მენავით, მისი დამხარე ბიჭითა და ტყეში მცხოვრები კეთილი მწირით. ხომალდი მორევში დაინთქმება, მოხუცი მეზღვაურის წყალზე ამოტივტივებული სხეული კი ნავში აღმოჩნდება. თავდაპირველად იგი გარდაცვლილი ჰგონიათ და როცა ტუჩებს გაამოძრავებს, მენავე შიშისაგან გონებას კარგავს, მწირი კი ლოცვას იწყებს. მეზღვაური ნიჩნების მოსმას შეუდგება, რაც დამხმარე ბიჭს აფიქრებინებს, რომ იგი ავი სულია. „ახლა კი ვხედავ, რომ ნიჩბის მოსმა ეშმამაც იცის.“ სამშვიდობოს გასული მეზღვაური თავის ამბავს მწირს მოუთხრობს.

უილიამ სტრენგის გრავიურა, გამოქვეყნებული 1896 წელს

უმალვე მთელი ჩემი სხეული
მოიცვა ტანჯვამ და ვგრძნობდი სურვილს,
მომეთხრო მისთვის ჩემი ამბავი,
დავიწყე თხრობა, თანდათან თითქოს
დამშვიდდა ჩემი სნეული სული.

დროდადრო, ისევ მოულოდნელად
განვიცდი ხოლმე გადავლილ ტკივილს,
ვუყვები ვინმეს ჩემს საზარ ამბავს
და გულში მძაფრი ტკივილი მივლის.

ბნელ ღამესავით დავდივარ ყველგან
უცნაურ ძალით საუბარს ვაბამ,
იმავ წუთს, როცა კაცს დავინახავ,
ვხვდები, რომ ნდობა არ დამიკარგავს
და მას ვუყვები ჩემს საზარ ამბავს.

ალბატროსის მოკვლის გამო დანაშაულის გრძნობით გაწამებულ მეზღვაურს, შენდობისა და მონანიებისთვის სიკვდილამდე ასე ხეტიალი უწერია, რათა უამბოს ხალხს თავისი ამბავი და ასწავლოს მათ, რომ ადამიანს ღმერთის ხელიდან გამოსული ყველა ქმნილების სიყვარული მართებს.

ის უკეთესად ლოცულობს, ვისაც
დიდიც, პატარაც, უყვარს ერთიან
რადგან ის ღმერთი, რომელმაც შეგვქმნა,
თვით სიყვარულის შემოქმედია!

მეზღვაურის ამბის მოსმენის შემდეგ სტუმარი დღეობის ნაცვლად სახლში მიდის, მოსმენილმა მასში სულიერი ცვლილება გამოიწვია.

ის გზას გაუყვა მონუსხულივით,
თითქოს სამყაროს დაკარგა აღქმა:
მეორე დღეს კი გამოიღვიძა,
უფრო მწუხარემ და ბრძენმა კაცმა.

ზედაპირულ დონეზე პოემა იკვლევს ბუნებაზე ძალადობას და მისგან გამოწვეულ ფსიქოლოგიურ შედეგებს მოხუც მეზღვაურსა და მის მსმენელებზე. ჯერომ მაკგანის მიხედვით, პოემა ხსნის ამბავს წარმოადგენს. პოემის სტრუქტურა მრავალშრიანი ტექსტია, რომელიც დაფუძნებულია კოლრიჯის ინტერესზე ისტორიული კრიტიკის მიმართ. „როგორც ილიადა და დაკარგული სამოთხე ან ნებისმიერი დიდი ისტორიული ნაწარმოები, მოხუცი მეზღვაურის სიმღერა უფრო მეტად ტრანსისტორიული ნაწარმოებია, ვიდრე ეგრეთ წოდებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის. როგორც ღვთაებრივი კომედია ან ნებისმიერი სხვა პოემა, სიმღერა არ გამოიყენება ყველა დროს და ყველა ადგილას ერთნაირად და ერთი და იმავე მიზნებით.”

ვეილის (1947)[3] აზრით, მოხუცი მეზღვაური კოლრიჯის ავტობიოგრაფიულ პორტრეტს წარმოადგენს, იგი მეზღვაურის მარტოობას პოეტის წერილებსა და დღიურებში გამოხატულ მარტოობის განცდებს ადარებს.[3]

კამილ პაგლია (1990) წერს, რომ ნეფე, ქორწილის სტუმარი და მეზღვაური, სამივე კოლრიჯის სხვადასხვა ასპექტს განასახიერებს: „ნეფე მასკულინური პერსონაა“, რომელსაც „დამკვიდრებული აქვს თავი საზოგადოებაში“, ქორწილის სტუმარი ახალგაზრდა ყმაწვილია, რომელიც ისწრაფვის „სექსუალური სრულყოფისა და კოლექტიური სიხარულისადმი“, სტუმარი უნდა შეერწყას ნეფეს, თუმცა ამას ვერ ახერხებს აჩრდილის მსგავსი კაცის გამოჩენის გამო, რომელიც „პასიურ ტანჯვაში პოვებს სიამოვნებას“.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
  1. The characteristics of romanticism found in The Rime of the Ancient Mariner. ციტირების თარიღი: 2019-10-01
  2. მოხუცი მეზღვაურის სიმღერა.
  3. 3.0 3.1 Whalley, George (July 1947). „The mariner and the albatross“. University of Toronto Quarterly. 16 (4): 381–398. doi:10.3138/utq.16.4.381.
    Reprinted in
    (1967) Coleridge: A collection of critical essays. Prentice-Hall. 
  4. Paglia, Camille (1990). Sexual Personae: Art and Decadence from Nefertiti to Emily Dickinson. Yale University Press, გვ. 323.