მოხისის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოხისის კოშკიარქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, წმ. გიორგის ეკლესიასთან. თარიღდება XVII საუკუნით.

კოშკის პირველი სართული მოგვიანებით ეკლესიად გამოუყენებიათ, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მას ღვთისმშობლის კოშკს უწოდებს. კოშკი ნაგებია რიყის ქვით; დაზიანებულია, შემორჩენილია 2 სართული. მოგვიანებით დამატებულ და შეკეთებულ ნაწილებში გამოყენებულია აგური, კოშკს გარედან მთელ სიმაღლეზე წაკვეთილი აქვს. ინტერიერი სწორკუთხოვანია. ორივე სართული ნახევარწრიული კამარებითაა გადახურული. კოშკის პირველი სართული შელესილი და შეთეთრებულია. არქიტრავული შესასვლელი დასავლეთ კედლის ღერძზეა, ჩრდილოეთის კედელში ორი, ხოლო სამხრეთ კედელში ერთი შეწყვილებული სათოფურია. ორი სწორკუთხა სარკმელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლების ღერძებზეა გაჭრილი. აღმოსავლეთ სარკმელი მოგვიანებით მოურთავთ. დასავლეთ სარკმლის ძირი საფეხუროვანია და შიგნიდან გარეთ მაღლდება. აღმოსავლეთ სარკმლის ქვეშ და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში თითო სწორკუთხა ნიშია. ამავე სართულის აღმოსავლეთ ნაწილში აგურის კანკელი დგას. კამარის შუაგულში ამოჭრილი სწორკუთხა ღიობი. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდეში თაღოვანი კარია, კიბის ზედა ნაწილში სწორკუთხა სარკმელი და სათოფურია. მეორე სართული მთლიანად გადაკეთებულია: გაჭრილია ორი კარი და სამი ფართო სწორკუთხა სარკმელი. თავდაპირველი სამხრეთის ორი სარკმელი ამოქოლილია. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში ფართო თაღოვანი ნიშია შუაში სათოფურით, ხოლო აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდეში კიბის უჯრედის თაღოვანი შესასვლელი. ამ კიბით ადიოდნენ კოშკის ზედა სართულზე. ზედა სართულის კედლები მთლიანად დანგრეულია. კოშკს ხის ნივნივებზე გამართული კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]