მოხისის ბრძოლა (1785)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მოხისის ბრძოლა — რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქრის ბრძოლა თურქებისა და ლეკების მოთარეშე რაზმების წინააღმდეგ. ახალციხის ფაშა სულეიმანი მტრულად იყო განწყობილი ერეკლე მეორესადმი და ადანაშაულებდა მას იმაში, რომ იგი იჭრებოდა თურქულ სამფლობელოებში, გაჰყავდა მოსახლეობა ქართლში და ამ გზით რამდენი ასეული გლეხი თავის სამეფოში გადაასახლა. ამის გამო სულეიმან-ფაშა ახალციხეში თავშესაფარს აძლევდა ლეკებს და პერიოდულად მოუწოდებდა მათ საქართველოზე გასალაშქრად. 1785 წლის აპრილში ოთხი ათასამდე ლეკი და თურქი მეომარი ბორჯომის ხეობიდან ქართლ-კახეთის სამეფოში შეიჭრა. ისინი სასტიკად ეპყრობოდნენ მოსახლეობას, გაანადგურეს სამი ქართული სოფელი და 600 ადამიანი ტყვედ აიყვანეს. ერეკლე მეორემ დახმარებისთვის მიმართა სურამში მყოფ მაიორ სენებერგს, რომელიც 200 ეგერთან და ბელარუსიის პოლკის ნაწილთან საბრძოლველად გაემგზავრა. ყველაზე დიდი შეტაკება მოწინააღმდეგებს შორის გაიმართა 16 აპრილს მოხისის და ხაშურის მახლობლად, სურამიდან შვიდი ვერსის დაშორებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და რუს-ქართველთა შენაერთების გამარჯვებით დამთავრდა. 1300 ლეკი ბრძოლის ველზე დაიღუპა, ასობით გვამი მტკვარმა თბილისში ჩაიტანა. 200 თურქი ტყვედ ჩავარდა მეტოქეს. შემდეგ თვეს ლეკებმა კვლავ მოაწყვეს მარბიელ ლაშქრობა საქართველოში, თუმცა 28 მაისში მტკვრის სანაპიროზე რუს-ქართველთა ჯარმა კვლავ დაამარცხა მტერი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]