მოღრისის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მოღრისის ბრძოლა — ბრძოლა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის ჯარსა და მის წინააღმდეგ განწყობილ აზნაურთა რაზმს შორის.

პოლიტიკური ვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს გაერთიანების პროცესში ბაგრატ III-ს არაერთი ბრძოლა გადახდა ტახტის შესანარჩუნებლად. 975 წელს იგი ქართლში გააერისთავეს, თუმცა აშკარა იყო, რომ მსხვილი ფეოდალები ბაგრატის წინააღმდეგ იყვნენ განწობილი. ამ დროს აფხაზეთის სამეფოს უსინათლო თეოდოსი მართავდა. ბუნებრივია, მისი მეფობის დროს გაძლიერდა ფეოდალების გავლენა, რომლებმაც ხელიდან გამოაცალეს თეოდოსს ფაქტობრივი ძალაუფლება. ამის გათვალისწინებით ბაგრატმა დააჩქარა აფხაზეთის შემოერთება. 978 წელს იგი დასავლეთ საქართველოში შევიდა და აფხაზეთის მეფედ ეკურთხა. დასავლეთ საქართველოში ყოფნის პერიოდში ბაგრატმა ქართლი სამმართველოდ დაუტოვა დედამისს, გურანდუხტს. ამ დროს ქართლის მიწა-წყალს დაეპატრონნენ დიდაზნაურები: ტბელები, ძამელები, ფავნელები, კორინთლები, ფხვნელები და სხვები. მათ მეფის წინააღმდეგ შექმნეს კოალიცია, რომელსაც სათავეში ქავთარ ტბელი ჩაუდგა. სავარაუდოდ, ბაგრატს უნდა ცოდნოდა აზნაურთა ამ გაერთიანების შესახებ. როდესაც იგი დასავლეთიდან ქართლში ბრუნდებოდა, ისინი მას უფლისციხისკენ მიმავალ გზაზე დაუხვდნენ. ბრძოლა გაიმართა სოფელ მოღრისთან. ბაგრატმა დაამარცხა აზნაურები, რის შემდეგაც დედისგან უფლისციხე გადაიბარა. [1]

თარიღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლის სავარაუდო თარიღია 980 წელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]