მოტეხილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოტეხილი და აღდგენილი მაჯა

მოტეხილობა ნიშნავს ძვლის მთლიანობის დარღვევას, რასაც მასზე მოქმედი ძალა იწვევს. ამ დროს ზიანდება არა მარტო ძვალი, არამედ მის ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილებით: კუნთები, ფასცია, მყესი, სისხლძარღვები, ნერვები და სხვა.

არსებობს დაავადება არასრულყოფილი ოსტეოგენეზი. ამ დროს ძვლებს თანდაყოლილი მსხვრევადობა ახასიათებს და შესაძლოა, მოტეხილობა უბრალო მოძრაობამაც კი გამოიწვიოს. ეს დაავადება უმთავრესად ბავშვთა ასაკში გვხვდება. ასეთ ბავშვებს "შუშისას" უწოდებენ. გარდა ამისა, არსებობს ძვლის დაავადებები, რომლებიც პათოლოგიურ მოტეხილობას იწვევს: ტუბერკულოზი, სიმსივნე და სხვა.

ქალებს ხანდაზმულ ასაკში ადვილად სტყდებათ ბარძაყის ძვლის ყელი. ბარძაყის ძვლის ყელს, სხვა ძვლებისაგან განსხვავებით, არ გააჩნია ძვლისაზრდელა და ამიტომ სიმტკიცეც ნაკლები აქვს. თუ ამას დაერთო დემინერალიზაციაც (რომელიც მენოპაუზის შემდეგ ვითარდება და ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვლებს უკავშირდება), ისე კიდევ უფრო სუსტდება, ამიტომ მოსატეხად სოგჯერ უმნიშვნელო ტრავმაც კი კმარა. მეტიც: არის შემთხვევები, როდესაც ფეხზე მდგომ ადამიანს თავისთავად სტყდება ბარძაყის ყელი - ის იმდენად არის დასუსტებული, სხეულის სიმძიმეს ვერ უძლებს.

დემინერალიზაცია არ არის პათოლოგია, ეს ფიზიოლოგიური პროცესია და მის თავიდან ასაცილებლად 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა საკვები დანამატების სახით უნდა მიიღონ მინერალები, რომლებიც ძვლებისთვის აუცილებელია: კალციუმი და მაგნიუმი, ასევე - ვიტამინები.

ასევე ხშირია სხივის ძვლის მოტეხილობა მაჯის სახსართან ახლოს. აქაც ანალოგიურ მიზეზებთან გვაქვს საქმე. განსხვავება ის არის, რომმ ბარძაყის ყელის მოტეხილობა ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს, სხივის ძვლის მოტეხილობა კი კონსერვატიულს ემორჩილება.

მოტეხილობის კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანის დაზიანების მიხედვით მოტეხილობა ორგვარია: ღია და დახურული.

ღია მოტეხილობის დრო სდაზიანებულ ადგილას ჩნდება ჭრილობა და ძვალს გარემოსთან აქვს კონტაქტი, ამიტომ იქმნება მოტეხილობის არეში მიკრობების შეჭრის, ამის კვალობაე კი ადგილობრივი და/ან ზოგადი გართულებების განვითარების საფრთხე. ღია მოტეხილობის დროს, წესისამებრ, რბილი ქსოვილები ძლიერ არის დაზიანებული, რაც ძვლების შეზრდას ართულებს.

დახურული მოტეხილობის დროს, კანის მთლიანობა დარღვეული არ არის და ინფექციის შეჭრაც გამორიცხულია.

ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:

  • სახსარშიდა მოტეხილობას;
  • სახსართან ახლოს მდებარე მოტეხილობას;
  • სახსრიდან მოშორებულ მოტეხილობას.

მოტეხილობის სახის მიხედვით კი:

  • განივ მოტეხილობას — მოტეხილობის ხაზი ძვლის გასწვრივ ღერძს მიუყვება;
  • ირიბ მოტეხილობას — მოტეხილობის ხაზი ძვლის გასწვრივ ღერთან კუთხეს ქმნის;
  • სპირალურ მოტეხილობას — მოტეხილობის ხაზი სპირალურად მიემართება;
  • მსხვრეულ მოტეხილობას — მოტეხილობის ადგილას მრავლობითი ფრაგმენტია.

გარდა ამისა, განასხვავებენ მოტეხილობას ძვლის ფრაგმენტების შეცილების გარეშე და ძვლის ფრაგმენტების შეცილებით. ძვლის მოტეხილობის დროს მასზე მიმაგრებული კუნთების შეკუმშვის გამო ძვლის ნატეხები ხშირად შეცილებას განიცდის. შეცილება სხვადასხვანაირია: კუთხივი (მოტეხილი ძვლების ბოლოები ერთმანეთთან კუთხეს ქმნის), გვერდითი (მოტეხილი ძვლების ბოლოები განივი ღერძის გასწვრივ საპირისპირო მიმართულებით გადაინაცვლებს), სიგრძივი (მოტეხილი ძვლის ბოლოები გასწვრივ ღერძზე გადაინაცვლებს და ამ გადანაცვლების მიხედვით შეიძლება დამოკლდეს ან დაგრძელდეს ძვალი), როტაციული (ძვლის ერთი ბოლო ღერძის ირგვლივ შემოტრიალდება). როდესაც მოტეხილობა შეცილების გარეშეა, ძვლების შეხორცებისთვის უკეთესი პირობებია, შეცილებული მოტეხილობა კი უფრო რთულად ითვლება.

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოტეხილობის დროს ტრავმირებულ არეში აღნიშნება ტკივილი, შეშუპება, დეფორმაცია და არაბუნებრივ ადგილას მოძრაობა.

ტკივილი ძვლის მოტეხვისთანავე იწყება. იგი ძიერია, თუ მოტეხილობას თან სდევს ნერვის დაზიანება, მასზე ზეწოლა ან მოტეხილი ძვალი ბასრი ბოლოთი აწვება რბილ ქსოვილებს. ტკივილი ძლიერდება ნებისმიერი მოძრაობის დროს, მოსვენებისას კი მცირდება. მაგრამ ტკივილი მოტეხილობის სპეციფიკური ნიშანი არ არის - ის დაჟეჟილობასა და დაჭიმულობას ახასიათებს.

კუნთების შეკუმშვის, სისხლჩაქცევებისა და მოტეხილი ძვლის ფრაგმენტების შეცილების გამო მოტეხილობის არე დეფორმირდება.

ნებისმიერი მოტეხილობის დროს მეტ-ნაკლებად არის გამოხატული დაზიანებული კიდურის ფუნქციის მოშლა.

არაბუნებრივ ადგილას (სახსრის გარეშე) ძვლის მოძრაობა მოტეხილობის უტყუარი, მაგრამ არა სავალდებულო ნიშანია. მაგალითად, ჩაჭედილი მოტეხილობის დროს ასეთი რამ არ გვხვდება.

მოტეხილობის ასევე უტყუარი, თუმცა არა სავალდებულო ნიშანია კიდურის დამოკლება, რაც ძვლების შეცილების შედეგია.

მოტეხილობის უტყუარი ნიშანია კრეპიტაციაც - მოძრაობისას ძვლის ნატეხების ხმიანობა. კრეპიტაცია არ აღინიშნება, თუ ძვლის ფრაგმენტები ერთმანეთს ძლიერ არის დაშორებული ან მათ შორის რბილი ქსოვილია მოქცეული.

გართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოტეხილობის ადრეული გართულებაა თრომბოემბოლია, თუ მოტეხილობა ღიაა - ჭრილობის ინფიცირება და დაჩრქება. გვიანი გართულებაა მოტეხილობის შეუხორცებლობა ანუ ყალბი სახსრისჩამოყალიბება ან არასწორი შეხორცება, რაც გამოიწვევს კიდურის დამოკლებას, დეფორმაციას და ა.შ.

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოტეხილობის ხასიათსა და სახეობას რენტგენოგრაფიული კვლევით ადგენენ. სახსარშიგა მოტეხილობის დროს ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად და ოპერაციის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით მიმართავენ კომპიუტეროლ ტომოგრაფიას.

პირველი დახმარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოტეხილობის დროს პირველი დახმარება გულისხმობს ტრავმირებული კიდურის უძრავად დაფიქსირებას, რადგან მოტეხილი არის მოძრაობა ტკივილს აძლიერებს, ძვლის ფრაგმენტებს ერთმანეთს აცილებს და რბილ ქსოვილებს აზიანებს. ფიქსაციისთვის გამოიყენება არტაშანი. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სამედიცინო არტაშნები აქვთ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს კი არტაშნებად შეუძლიათ ფიცრის ან მყარი მუყაოს ნაჭრები გამოიყენონ. თუ ხელთ არც ეს აღმოაჩნდათ, მაშინ ზედა კიდური ტანს უნდა მიეკრას, ხოლო ქვედა კიდური - ჯანმრთელ კიდურს. გარდა ამისა, დაშავებულს უნდა მიეცეს ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ამის შემდეგ კი მოხდეს მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში.

როდესაც მოტეხილობა ღიაა, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ჭრილობა სუფთა ნაჭრით უნდა დაიფაროს.

დაუშვებელია მოტეხილობის დროს არაპროფესიონალის მიერ დეფორმატიის ძალით ჩასწორება, მაგალითად, კიდურის დაჭიმვით ან მასზე ზეწოლით. ჯერ ერთი, ეს გააძლიერებს ტკივილს და შესაძლოა, შოკიც კი გამოიწვიოს, მეორე - გამოიწვევს მოტეხილი ძვლების ცდომას, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოტეხილობის მკურნალობის პრინციპი ასეთია: თუ ძვლები შეცილეულია, უნდა ჩასწორდეს, ამის შემდეგ კი კიდური სრულ შეხორცებამდე უძრავად დაფიქსირდეს. ამის მოხერხება შეიძლება როგორც კონსერვატიული მეთოდებით, ისე ოპერაციით. ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას ტრავმატოლოგი ადგენს.

კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს დაჭიმვას (ხალხში გირების დაკიდებას რომ უწოდებენ) ან ჩასწორებას და შემდგომ თაბაშირის დადებას. თაბაშირის დადებისას აუცილებელია, თაბაშირში სამი სეგმენტი მაინც იყოს მოქცეული - მხოლოდ ასე მოხერხდება ტრავმირებული კიდურის უძრაობის შენარჩუნება. მაგალითად, თუ სახსარია დაზიანებული, თაბაშირი უნდა დაედოს ამ სახსარსა და მეზობელ ორ ძვალს, თუ ძვალი - ამ ძვალსა და მის მიმდებარე ორ სახსარს. თუ ეს პრინციპი არ იქნა დაცული, საიმობილიზაციო საშუალების გამოყენებას აზრი ეკარგება, რადგან უძრაობას ვერ შეინარჩუნებს, მხოლოდ ზედმეტ ტვირთად დააწვება ავადმყოფს.

ოპერაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მოტეხილი ძვლის კონსერვატიულად ჩასწორება ვერ ხერხდება ან ფიქსაციის დროს მოსალოდნელია ძვლის ფრაგმენტების მეორეული შეცილება - ხელახალი ცდომა თაბაშირის ნახვევში.

ოპერაციული მკურნალობის დროს მოტეხილ ძვლებს ამაგრებენ სპეციალური მეტალის ფიქსატორებით, რომლებიც იმდენად სრულყოფილია, რომ გარეგანი საიმობილიზაციო საშუალებების დამატება აღარ სჭირდება. ასეთი ფიქსაცია იძლევა საშუალებას, პაციენტმა მალევე დაიწყოს მოძრაობა და თავიდან აიცილოს სახსრის ჩაკეტვა, კუნთების ატროფია და სხვა.

სასურველია, შეხორცების შემდეგ ფიქსატორი ამოღებულ იქნეს, რათა უკვე გამოჯანმრთელებული ძვალი სრულყოფილად დაიტვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ატროფირდება.

კუნთების ატროფიის თავიდან ასაცილებლად პაციენტს ოპერაციის მეორე დღესვე ურჩევენ, კუნთები ავარჯიშოს - პერიოდულად (საათშ 1-2 წუთის განმავლობაში) დაჭიმოს და მოადუნოს. მოგვიანებით, როდესაც ჭრილობა ბოლომდე მოშუშდება, შეიძლება მასაჟის დაწყებაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედიცინის დიდი საოჯახო ენციკლოპედია; გვ. 278

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: