მოსტარის უნივერსიტეტი
მოსტარის უნივერსიტეტი | |
---|---|
Sveučilište u Mostaru | |
ლათ. Universitas Studiorum Mostariensis | |
დაფუძნდა | 11 თებერვალი 1977 |
ტიპი | უნივერსიტეტი |
რექტორი | ლერკა ოსტოიჩი |
სტუდენტი | 16 000 |
ქალაქი | მოსტარი |
ქვეყანა | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
კამპუსი | საქალაქო |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია |
აფილაცია | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია |
https://www.sum.ba/ |
მოსტარის უნივერსიტეტი (ხორ. Sveučilište u Mostaru; ლათ. Universitas Studiorum Mostariensis) — ბოსნია და ჰერცეგოვინის სიდიდით მეორე საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 1977 წელს დაარსდა ქალაქ მოსტარში. თავდაპირველად იგი ჯემალ ბიედიჩის სახელობის უნივერსიტეტის სახელით იტო ცნობილი, მაგრამ ბოსნიის ომის დროს, 1992 წელს სახელი შეუცვალეს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსტარში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო ფრანცისკანელთა თეოლოგიური სკოლა, რომელიც 1895 წელს დაარსდა. 1950 წელს პედაგოგთა მოსამზადებელი სკოლა გაიხსნა მოსტარში, 1959 წელს კი ტექნიკუმი, რასაც მოჰყვა 1960 წელს აგრონომიული ტექნიკუმის, ასევე იურიდიული და ეკონომიური ფაკულტეტების განყოფილებების გახსნა.
ჯემალ ბიედიჩის სახელობის უნივერსიტეტი 1977 წელს დაარსდა და შეიერთა ფაკულტეტები და ტექნიკუმები. უნივერსიტეტის კამპუსი დასავლეთ მოსტარში მდებარეობდა, რომელიც ბოსნიის ომის დროს ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს კონტროლქვეშ იყო. ხორვატებმა განდევნეს ბოსნიური პროფესურა და უნივერსიტეტს სახელი გადაარქვეს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ენად კი ხორვატული გამოაცხადეს. ბოსნიელმა პროფესორებმა ბოსნიის არმიის კონტროლირებად აღმოსავლეთ მოსტარში, ყოფილ საარმიო ყაზარმებში გახსნეს ახალი კამპუსი, რომელსაც ძველი სახელი, ჯემალ ბიედიჩის სახელობის უნივერსიტეტი უწოდეს. ეს ორივე უნივერსიტეტი დღემდე არსებობს.
ორგანიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტში არსებობს აგრონომიული, ეკონომიური, საინჟინრო, სამედიცინო, ჯანდაცვითი მეცნიერებების, ფარმაცევტული, ფილოსოფიის, საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებათა, იურიდიული, მექანიკური და ინფორმატიკის, ასევე მაღალ ხელოვნებათა ფაკულტეტები. უნივერსიტეტს ასევე გააჩნია ეკონომიის, საინჟინრო, ხორვატული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის, რომანიზაციის, მექანიკის, იურიდიული, სოციოლოგიური და კვლევითი ინსტიტუტები.
სტუდენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსტარის უნივერსიტეტს ჰყავს 16 ათასამდე სტუდენტი, რაც მას ბოსნია და ჰერცეგოვინაში სიდიდით მეორე უნივერსიტეტს ხდის სარაევოს უნივერსიტეტის შემდეგ.[1] 2006-07 სასწავლო წელს უნივერსიტეტს 6256 სტუდენტი ჰყავდა,[2] ხოლო 2014-15 წლისთვის უკვე 16 ათასამდე. მათ შორის მნიშვნელოვანი წილი უკავიათ სტუდენტებს ხორვატიიდან. 2008-09 წელს 292 ხორვატიის მოქალაქე სტუდენტი ირიცხებოდა უნივერსიტეტში, 2014-15 კი მათმა რიცხვმა სტუდენტების საერთო რიცხვის 17% მიაღწია.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Gudelj, Jurica (4 August 2014). „Nova akademska godina: U Mostaru više od 21.000 studenata“. Oslobođenje.
- ↑ „Na Sveučilištu u Mostaru broj studenata se povećava iz godine u godinu!“. Portal Herceg-Bosna. 5 March 2010.