მოსე ბლაჰი
| მოსე ბლაჰი | |
|---|---|
| ინგლ. Moses Blah | |
![]() | |
| დაბადების თარიღი | 18 აპრილი, 1947 |
| დაბადების ადგილი | Nimba |
| გარდაცვალების თარიღი | 1 აპრილი, 2013[1] (65 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მონროვია |
| მოქალაქეობა |
|
მოსე ბლაჰი (დ. 18 აპრილი 1947 — გ. 1 აპრილი 2013) — ლიბერიელი პოლიტიკოსი. იგი იყო ლიბერიის 28-ე ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტ ჩარლზ ტეილორის დროს და გახდა ლიბერიის 23-ე პრეზიდენტი 2003 წლის 11 აგვისტოს, ტეილორის გადადგომის შემდეგ. იგი პრეზიდენტის პოსტს ორი თვის განმავლობაში იკავებდა, 2003 წლის 14 ოქტომბრამდე, როდესაც ჩამოყალიბდა გაეროს მიერ მხარდაჭერილი გარდამავალი მთავრობა გიუდ ბრაიანტის ხელმძღვანელობით.
ადრეული ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლაჰი დაიბადა თოუე თაუნში, ლიბერიაში, გიოს (Gio) ენაზე მოლაპარაკე პატარა სოფელში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიმბას ოლქში, სპილოს ძვლის ნაპირის (კოტ-დ’ივუარი) საზღვართან ახლოს. იგი ტეილორს შეუერთდა პრეზიდენტ სამუელ დოუსადმი საერთო სიძულვილის გამო, რომელმაც ეთნიკურ ნიადაგზე მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისას ასობით სხვა ადამიანთან ერთად ბლას ცოლიც მოკლა. მან ტეილორთან ერთად გაიარა წვრთნა ლიბიის პარტიზანულ ბანაკში და 1990-იანი წლების ლიბერიის სამოქალაქო ომის დროს მასთან ერთად მსახურობდა გენერლად. 1997 წელს ტეილორის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ბლას ეკავა ელჩის პოსტი ლიბიასა და ტუნისში. 2000 წლის ივლისში იგი დაინიშნა ვიცე-პრეზიდენტად ენოქ დოგოლეას გარდაცვალების შემდეგ (თავდაპირველად გავრცელდა ხმები, რომ დოგოლეა მოწამლეს).
ბლაჰი ცნობილი იყო, როგორც მშვიდი და მოკრძალებული ადამიანი, რომელიც ქალაქში საკუთარი ჯიპით გადაადგილდებოდა და არ სარგებლობდა კორტეჟითა და მძღოლით. მას ხშირად ხედავდნენ ტრადიციულ აფრიკულ სამოსში და არა ჩვეულებრივ კოსტიუმსა და ჰალსტუხში ან ზეთისხილისფერ სამხედრო ფორმაში. ასევე ცნობილი იყო, რომ ბლას მუდმივად აღიზიანებდა პირადი მცველების თანხლება.
2003 წლის ივნისში ტეილორმა ქვეყანა დატოვა განაში სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად; იქ ყოფნისას მას სიერა-ლეონეს ომის დანაშაულთა ტრიბუნალმა ბრალი წაუყენა. შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა ბლას, ტეილორის არყოფნისას ძალაუფლება ხელში ჩაეგდო, თუმცა მას ასეთი მცდელობა არ ჰქონია. ტეილორის დაბრუნების შემდეგ, ბლა ათი დღის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა შემდგომში ბრალდებები მოუხსნეს და ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აღადგინეს.
პრეზიდენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც იმავე წლის აგვისტოში ტეილორი გადადგა, ბლაჰი გახდა მისი მემკვიდრე პრეზიდენტის პოსტზე. ლიბერიის ამბოხებულმა ჯგუფებმა იგი დაგმეს ტეილორთან მჭიდრო კავშირის გამო, რადგან შიშობდნენ, რომ იგი უბრალოდ ტეილორის პრაქტიკას გააგრძელებდა. ბლამ ამბოხებულებს "ძმები" უწოდა და განაცხადა: "რაც იყო, იყო. თუ არსებობს ძალაუფლება, ჩვენ შეგვიძლია ის გავინაწილოთ". მან ამბოხებულები საკუთარ სახლში მოლაპარაკებებზე მიიწვია. 2003 წლის 14 ოქტომბერს იგი შეცვალა გიუდ ბრაიანტმა, რომელიც ლიბერიის გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარედ მსახურობდა. პრეზიდენტის პოსტზე ორი თვისა და სამი დღის განმავლობაში ყოფნით, ბლა ლიბერიის ისტორიაში მმართველობის ხანგრძლივობით ბოლოსწინა ადგილზეა ჯეიმზ სკივრინგ სმიტის შემდეგ.
პოსტ-პრეზიდენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის 7 აპრილს ბლაჰმა განაცხადა, რომ მას გაუგზავნეს უწყება ჰააგაში სიერა-ლეონეს სპეციალური სასამართლოს წინაშე ტეილორის პროცესზე ჩვენების მისაცემად. მან თქვა, რომ მისცემდა ჩვენებას და "იტყოდა სიმართლეს".[3] მან ჩვენება მისცა 2008 წლის 14 მაისს, სადაც აღწერა ბავშვი ჯარისკაცები და ურთიერთობა ტეილორსა და ფოდაი სანკოს შორის.[4] 2009 წლის 1 თებერვალს, ლიბერიის ჭეშმარიტებისა და შერიგების კომისიის (TRC) წინაშე მოწმის ჩვენების საფუძველზე, ბლას ბრალი დასდეს RUF-ის მეთაურის სემ ბოკარის მკვლელობაში მონაწილეობაში. მოწმემ, რომელიც დევნილი პრეზიდენტის, ჩარლზ ტეილორის გაუქმებული ანტიტერორისტული ქვედანაყოფის (ATU) უფროსი მეთაური იყო, განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ბლა შეთქმულების ნაწილი იყო და მონაწილეობდა ბოკარის მკვლელობაში ნიმბას ოლქის ქალაქ ტიაპლაიში.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლაჰი გარდაიცვალა 2013 წლის 1 აპრილს, 65 წლის ასაკში, მონროვიის ჯონ კენედის ჰოსპიტალში.[5]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- BBC News: Moses Blah Profile
- Moses Blah Conspiracy
- Moses Blah Background, Emily Robinson, Lehrer NewsHour Online Backgrounder
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Liberia: Moses Blah, Former Liberia President Is Dead - Taylor's Veep Had Been Ill, Neglected|allafrica.com
- ↑ Bethke F. S. Database of Cabinet Politics in Sub-Sahara Africa
- ↑ "Former Liberian vice-president says he will testify in Taylor trial" დაარქივებული 2012-10-06 საიტზე Wayback Machine. , AFP, 7 April 2008.
- ↑ "Charles Taylor's former deputy testifies" დაარქივებული 2012-06-14 საიტზე Wayback Machine. , Reuters (Mail & Guardian Online), 14 May 2008.
- ↑ Paye-Layleh, Jonathan. (April 1, 2013) Former Liberian President Moses Blah Dies. ციტირების თარიღი: April 1, 2013.
