მოსამართლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოსამართლე — სახელმწიფო მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მოისმინოს და გადაწყვიტოს საქმეები სასამართლოში.

მოსამართლე საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები[1].

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ათი წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების ვადაა ათი წელი[2].

საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება. საერთო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, თუმცა 65 წლის ასაკის მიღწევამდე[3][4].

მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას[5]. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში — საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან საკონსტიტუციო სასამართლო არ მისცემს თანხმობას, თავისუფლებაშეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს[6].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი.
  2. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი.
  3. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტი.
  4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტი და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი.
  5. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი.
  6. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.