მოსაბრუნის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოსაბრუნის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მოსაბრუნში, ძეგლევის ხევის სასაფლაოზე. აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში.

ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომელიც, რიყისა და ფლეთილი ქვითაა ნაგები.

ეკლესიის ცენტრალური ნავი აღმოსავლეთით სრულდება კოლოფა აბსიდით, ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. კონქი ჩამოქცეულია. აბსიდი დარბაზისგან გამოყოფილია შვერილებით.

ცენტრალური ნავის გრძივი კედლები გახსნილია ნახევარწრიული თაღებით. თაღები მასიურ სვეტებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე შემორჩენილია იმპოსტები. თაღოვანი სარკმლები სამივე კედელშია მოთავსებული.

არქიტრავული შესასვლელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. არქიტრავად გამოყენებულია მასიური ხის ბოძები. კარი ნაოთხალია.

სამხრეთი ნავს სწორკუთხა საკურთხეველი გააჩნია. შემორჩენილია ცილინდრული კამარის მცირე ნაწილი. ნავის სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია.

ჩრდილოეთი ნავის აბსიდი ნახევარწრიულია, მის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აბსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. შემორჩენილია სფერული კონქის სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე სამხრეთის მხარი. ნავის ჩრდილოეთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია, დასავლეთი კედელი შემორჩენილია 3-4 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთ კედელზე ჩანს ორსაფეხურიანი პილასტრის ქვედა ნაწილი.

ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. ეკლესია სერიოზულად არის დაზიანებული. კამარა და კონქი ჩამოქცეულია, კედლები დეფორმირებულია, მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 132-133