მორარჯი დესაი
| მორარჯი დესაი |
|---|
მორარჯი დესაი (დ. 29 თებერვალი, 1896 – გ. 10 აპრილი, 1995) — ინდოელი პოლიტიკოსი და დამოუკიდებლობის მოძრაობის აქტივისტი, რომელიც 1977–1979 წლებში იკავებდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და სათავეში ედგა „ჯანატას პარტიის“ მიერ ფორმირებულ მთავრობას. თავისი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მას ეჭირა მრავალი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტი, მათ შორის ბომბეის შტატის მთავარი მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობები.
პრემიერ-მინისტრ ლალ ბაჰადურ შასტრის გარდაცვალების შემდეგ, დესაი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა 1966 წელს ინდირა განდისთან დამარცხდა. იგი ინდირა განდის კაბინეტში ფინანსთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად დაინიშნა, სადაც 1969 წლამდე იმსახურა. 1969 წელს ინდოეთის ეროვნული კონგრესის განხეთქილების შემდეგ, იგი „ინდოეთის ეროვნულ კონგრესს (ორგანიზაციული)“ [INC (O)] შეუერთდა. 1977 წელს სკანდალური საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივად იბრძოლეს „ინდოეთის ეროვნული კონგრესის (ინდირა)“ [INC (I)] წინააღმდეგ „ჯანატას პარტიის“ ეგიდით და 1977 წლის არჩევნებში გაიმარჯვეს. დესაი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს და იგი ინდოეთის პირველი არა-კონგრესელი პრემიერ-მინისტრი გახდა. დესაი იყო მეორე და უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც XIX საუკუნეში დაიბადა.
დესაი ცნობილი იყო თავისი პროამერიკული პოზიციით და აკრიტიკებდნენ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA) სავარაუდო თანამშრომლობის გამო. ამ ბრალდების გამო მან ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლა, თუმცა პროცესი წააგო. იგი ასევე ცნობილი იყო თავისი მშვიდობისმყოფელური საქმიანობით და ძალისხმევას არ იშურებდა ინდოეთსა და მის მეტოქე პაკისტანს შორის მშვიდობის დასამყარებლად.[1] 1974 წელს ინდოეთის პირველი ბირთვული გამოცდის შემდეგ, დესაი დაეხმარა ჩინეთთან და პაკისტანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას და აიღო ვალდებულება, თავიდან აეცილებინა შეიარაღებული კონფლიქტები, როგორიც იყო 1971 წლის ინდოეთ-პაკისტანის ომი. 1990 წლის 19 მაისს იგი დააჯილდოვეს პაკისტანის უმაღლესი სამოქალაქო ორდენით — „ნიშან-ე-პაკისტანით“.
81 წლის ასაკში იგი გახდა ყველაზე ხანდაზმული პირი ინდოეთის პოლიტიკის ისტორიაში, ვინც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა.[2][3][4] იგი ასევე იყო პირველი ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელმაც ქვეყნის უმაღლესი პოსტი დაიკავა. მოგვიანებით იგი ჩამოშორდა ყველა პოლიტიკურ თანამდებობას, თუმცა 1980 წელს აგრძელებდა საარჩევნო კამპანიას „ჯანატას პარტიის“ მხარდასაჭერად. მას მიენიჭა ინდოეთის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო — „ბჰარატ რატნა“. იგი 1995 წელს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Choudhary, Ratnadeep (10 April 2019). „Morarji Desai, the prime minister for whom time in PMO was 'tougher than prison'“. ThePrint. ციტირების თარიღი: 26 February 2020.
- ↑ (1991) Limca Book of Records 1991. Bombay: Bisleri Beverages Ltd., გვ. 40. ISBN 81-900115-1-0.
- ↑ The Columbia Electronic Encyclopedia. „Desai, Morarji Ranchhodji“. TheFreeDictionary.com. Columbia University Press. ციტირების თარიღი: 8 September 2018.
- ↑ Darpan, Pratiyogita. (1 December 2006) Pratiyogita Darpan. Pratiyogita Darpan.