მონღოლთმცოდნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მონღოლთმცოდნეობა — კომპლექსური სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მონღოლი ხალხების ისტორიას, ეკონომიკას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას, ენასა და ლიტერატურას. მონღოლთმცოდნეობის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა XIII—XVII საუკუნის მონღოლი ავტორების თხზულებებმა, ჩინური დინასტიურმა ქრონიკებმა, ჩინელი, სპარსი, არაბი, სომეხი, ქართველი ავტორებისა და რუსი მემატიანეების თხზულებებმა, XIII საუკუნის მოგზაურობისა და ელჩების მემუარებმა (პლანო კარპინი, ვ. რუბრუკი, მარკო პოლო და სხვ.).

ევროპაში მონღოლთმცოდნეობის განვითარება დაიწყო XVIII საუკუნეში, როდესაც ფრანგმა მისიონერსინოლოგებმა ჟ. ბ. დიუგალდმა, ჟ. დე გინმა და სხვ. პირველად შემოიტანეს მეცნიერებაში ჩინური ქრონიკებიდან და ისტორიული თხზულებებიდან ცნობები მონღოლების შესახებ. ამავე პერიოდში რუსეთში ისტორიკოსებმა გ. მილერმა და ი. ფიშერმა გამოიყენეს რუსული არქივების დოკუმენტები მონღოლეთის შესახებ. ტერიტორიულმა სიახლოვემ და რუსეთ-მონღოლეთის ხანგრძლივმა ურთიერთობამ განაპირობა XIX საუკუნეში რუსეთის აღიარება მსოფლიო მონღოლთმცოდნეობის ცენტრად. ი. შმიდტის მონღოლურმა გრამატიკამ (XIX საუკუნის დასაწყისი) დასაბამი მისცა მონღოლური ენათმეცნიერებისა და საზოგადოდ მონღოლური ფილოლოგიის განვითარებას რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში. ამ დროს მონღოლთმცოდნეობის ძირითადი მიმართულება რუსეთში იყო წყაროთმცოდნეობა, ძეგლების პუბლიკაცია, ფილოლოგია, ისტორიის ფეროში კი — მედიევისტიკა (ს. ლიპოვცევი, პ. კაფაროვი, დ. ბანზაროვი, ა. პოზდნეევი, ნ. ბიჩურინი, ი. ბერეზინი, ვ. ვასილიევი, ვ. უსპენსკი, ვ. რადლოვი, ვ. ბარტოლდი და სხვ.). დასავლეთევროპელ მკვლევრებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შვედ მეცნიერს ა. დ’ოსონს (XIX საუკუნე), რომელმაც შრომაში მონღოლეთს ისტორიის შესახებ პირველად გამოიყენა რაშიდ ალ-დინის „მატიანეების კრებული“, ჯუვეინისა და სხვა სპარსი ავტორების თხზულებები, ზოგიერთი წყარო სომხურ, არაბულ, ქართულ და სხვა ენებზე.

ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი მონღოლთმცოდნეობაში, საბჭოთა მეცნიერების ი. მაისკისა და ა. კალინიკოვის შრომებში გამოკვლეული იქნა მონღოლეთის სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, 1921 წლის სახალხო რევოლუციური პრობლემები და სხვ. ბ. ვლადიმირცოვის წიგნმა მონღოლების საზოგადოებრივი წყობილების შესახებ მტკიცე საფუძველი ჩაუყარა რევოლუციამდელი მონღოლეთის (მომთაბარე ხალხებისა საერთოდ) ისტორიის მარქსისტულ შესწავლას. ს. კოზინმა გამოაქვეყნა XIII საუკუნის ძეგლის „ფარული თქმულების“ ტექსტი და რუსული თარგმანი, მანვე გამოიკვლია ეპოსები „გესერიადა“ და „ჯანგარიადა“. მნიშვნელო ყურადღება ეთმობა მონღოლთმცოდნეობის პრობლემებს სსრკ რესპუბლიკებში: მონღოლთმცოდნეობის საკითხები დამუშავებულია გეოგრაფების (ვ. ობუჩევი, ე. მურზაევი), არქეოლოგების (ს. კისელიოვი, ა. ოკლადნიკოვი), ფილოლოგები (გ. სანჟეევი, ი. რერიხი, ტ. ბერტაგაევი და სხვ.), ისტორიკოსების (ა. იაკუბოვსკი. ლ. პუჩკოვსკი, ი. ზლატკინი, პ. სტარიცინა, ნ. შასტინა და სხვ.), ეკონომისტების (ს. როშჩინი, გ. მატვეევა და სხვ.) შრომებში.

მონღოლთმცოდნეობის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ მონღოლ მეცნიერებს. სახალხ0 ხელისუფლების წლებში მათ შექმნეს ფუნდამენტური გამოკვლევები ისტორიაში (ბ. ხშირენდიბი, შ. ნაცაგდორჟი, ხ. პერლეე, ნ. სერ-ოჯავი და სხვ.), ეკონომიკაში (ნ. ჟაგვარალი, დ. დუგარი), გეოგრაფიაში (შ. ცეგმიდი, ბ. გუნგადაში), ლიტერატურასა (ც. დამდინსურენი, შ. ლუვსავანდანი, ბ. რინჩენი და სხვ.) და ხელოვნებაში.

40-იანი წლების დასასრულიდან მონღოლთმცოდნეობა განვითარდა სოციალისტურ ქვეყნებში: მონღოლთმცოდნეობის ძირითადი მიმართულება ბურჟუაზიულ ქვეყნებში არის წყაროთმცოდნეობა, ენათმეცნიერება, ფილოლოგია და წყაროების პუბლიკაცია. შეიქმნა მნიშვნელოვანი გამოკვლევები მონღოლეთის ისტორიაში, ენასა და ლიტერატურაში (ვ. ჰაისიგი — გერმანიაში; გ. სეროისი, ფ. ლესინგი, ჯ. კრიუგერი, ჯ. ბოსონი აშშ-ში; კ. საკამოტო, მ. მურაკამი, ს. ივამურა, ს. ოძავა — იაპონიაში).

მონღოლთმცოდნეობის ცენტრები ყოფილ სსრკ-ში: აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი მოსკოვში, მისი ლენინგრადის (დღ. სანქტ-პეტერბურგი) განყოფილება; სსრკ მეცნიერებათა აკადადემიის ეთნოგრაფიის, მსოფლიო სოციალისტური სისტემის ეკონომიკის, არქეოლოგიის ინსტიტუტები; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ისტორიის, ლიტერატრისა და ფილოსოფიის ინსტიტუტი ნოვოსიბირსკში და სხვ.

XX საუკუნის დასაწყისში, მონღოლთმცოდნეობის თემაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდნენ ისეთი მეცნიერები, როგორიცაა იერემია კიორტინი, ბერტოლდ ლაუფერი და როი ჩეპმენ ენდრიუსი. კალიფორნიის უნივერსიტეტმა (ბერკლი) პირველმა შესთავაზა შეერთებული შტატების მოსახლეობას მონღოლური ენის სასწავლო პირველი კურსი ფერდინანდ ლესინგის მიერ, 1936 წელს.[1] ჰარვარდის უნივერსიტეტშიც ასევე იყვნენ მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ ამ სფეროში, მაგ., ფრენსის ვუდმან კლივზი და ანტუან მოსტერი; ჯოზეფ ფლეტჩერი კლივზის ერთ-ერთი სტუდენტი და მომავალი მონღოლთმცოდნე იყო.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бартольд В. В., История изучения Востока в Европе и России, 2 изд. Л., 1925;
  • Герасимович Л. К., Литература Монгольской Народной Республики 1921—1964 годов, Л., 1965;
  • Шастина Н. П., История изучения 1 Народной Республики (Краткий очерк), წგნ.: Монгольская Народная Республика,. M., 1952;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 114.
  • Tsai Wei-chieh (2012). „The Current Trends of Mongolian Studies in the U.S.A“ (PDF). Mongolian and Tibetan Quarterly. 21 (3). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2016-10-12. ციტირების თარიღი: 2018-11-05.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tsai 2012, p. 4
  2. Tsai 2012, p. 8