მონღოლეთის პოლიტიკური სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მონღოლეთის პოლიტიკური სისტემა განისაზღვრება 1992 წლის 12 თებერვალს მიღებული კონსტიტუციით და მმართველობითი ფორმით წარმოადგენს უნიტარულ სახელმწიფოს.  სახელმწიფო წარმოადგენს მრავალპარტიულ წარმომადგენლობით-დემოკრატიულ რესპუბლიკას ნახევრადსაპრეზიდენტო ფორმით.

ძირითადი კონსტიტუციური წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუციის მესამე მუხლის თანახმად, მონღოლეთის ხელისუფლება ხალხის ხელშია, რომელსაც ის ახორციელებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მეშვეობით. არავის არ აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. ხელისუფლების დამხობის ან მითვისების მცდელობა უკანონოა და აღიკვეთება კანონის შესაბამისად.

სახელმწიფო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო ხელისუფლება მონღოლეთში ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპით. მონღოლეთის სახელმწიფო დიდი ხურალი და მონღოლეთის მთავრობა წარმოადგენს სახელმწიფოს უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი ორგანოა. სხვა ორგანოთა მიერ სასამართლო ხელისუფლების განხორციელება არ დაიშვება.

ხურალი წარმოადგენს მრავალპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს ანუ პარლამენტს.

1996 წლის ივლისიდან 2000 წლამდე ქვეყანას მართავდა ახალი პარტიების კოალიცია, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს 1996 წლის ივლისის არჩევნებში. კოალიციაში უმსხვილეს პარტიას წარმოადგენდა მონღოლეთის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), რომელიც 1992 წელს წარმოიქმნა მთელი რიგი ლიბერალური და კონსერვატიული პარტიებისა და ჯგუფების შერწყმის შედეგად. 2001 წელს ედპ გარდაიქმნა დემოკრატიულ პარტიად. კოალიციაში შევიდა აგრეთვე, მონღოლეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც 1990 წელს შეიქმნა. კოალიციაში ასევე შედის 1990 წელს დაარსებული მონღოლეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია , მონღოლეთის მწვანეთა (ეკოლოგიური) პარტია და მონღოლეთის რელიგიურ-დემოკრატიული პარტია (სასულიერო-ლიბერალური, დაარსდა 1990 წელს).

სახელმწიფოს მეთაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • ის უნდა იყოს მონღოლეთის მოქალაქე.
  • უნდა იყოს დაბადებული მონღოლეთში.
  • უნდა იყოს ასაკით მინიმუმ 45 წლის,
  • არჩევნებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს მონღოლეთში.

საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. მოსახლეობა პრეზიდენტს ირჩევს 4 წლის ვადით საყოველთაო, ფარული და პირდაპირი კენჭისყრის საფუძველზე.

ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ორი ვადით.

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუციის მე-4 თავის 59-ე მუხლი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოაებს მონღოლეთში წარმოადგენს აიმაკის, დედაქალაქის, სომონის და საოლქო ხურალები, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოქალაქეებით. ისინი დამოუკიდებლად წყვეტენ ადგილობრივი ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების საკითხებს.