შინაარსზე გადასვლა

მონტე-ჩივეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონტე-ჩივეტა
ჩრდილო-დასავლეთი კედელი, შუა, ამაღლებული ნაწილია მწვერვალი ჩივეტა, უკიდურესად მარჯვნივ, გამოშვერილი ადგილია ჩიმა-სუ-ალტო, საიდანაც ჩამოვარდა ხერგიანი.
ჩრდილო-დასავლეთი კედელი, შუა, ამაღლებული ნაწილია მწვერვალი ჩივეტა, უკიდურესად მარჯვნივ, გამოშვერილი ადგილია ჩიმა-სუ-ალტო, საიდანაც ჩამოვარდა ხერგიანი.
კოორდინატები: 46°22′59″ ჩ. გ. 12°03′00″ ა. გ. / 46.3833000° ჩ. გ. 12.05000° ა. გ. / 46.3833000; 12.05000
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტერიტორიული ერთეული ბელუნოს პროვინცია
უმაღლესი წერტილი მონტე-ჩივეტა
სიმაღლე 3220 
მონტე-ჩივეტა — იტალია
მონტე-ჩივეტა

მონტე-ჩივეტა (იტალ. Monte Civetta) — მთის მასივი იტალიაში, დოლომიტის ალპებში. მაქსიმალური სიმაღლე 3220 მ (მწვერვალი მონტე-ჩივეტა). გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ უღელტეხილებს ფორჩელა-დ’ალეგესა (1816) და ფორჩელა-დელე-ზასეს (2476 მ) შორის.[1]

მასივის ჩრდილო-დასავლეთი კედელი, რომელიც ცნობილია ჩივეტა-მოიაცის სახელწოდებით მოქცეულია მწვერვალებს ჩიმა-სუ-ალტოსა (2951 მ) და ტორე-კოლდაის (2600 მ) შორის.[2] ამ კლდოვანი ბასტიონის სიგრძე 6 კმ, სიმაღლე 1200 მ-ია და დოლომიტების ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. პოპულარულია ალპინისტებში.[1]

მონტე-ჩივეტის მთის მასივის ფარგლებშია მრავალი მწვერვალი, რომელთა შორის აღსანიშნავია: მონტე-კოლდაი (2396 მ), ტორე-კოლდაი (2600 მ), ტორე-დ’ალეგე (2649 მ), ტორე-დი-ვალგრანდე (2715 მ), პუნტა-ჩივეტა (2892 მ), მონტე-ჩივეტა (3220 მ), პიკოლა-ჩივეტა (3207 მ), ჩიმე-დი-მედე (2504 მ), ტორე-ვენეცია (2337 მ), ჩიმა-დელე-ბუზაცე (2894 მ), მონტე-მოიაცეტა (2727 მ), ჩიმა-სუ-ალტო (2951 მ), ტორე-სუ-ალტო (2900 მ) და სხვა.[3][1]

მონტე-ჩივეტის მასივზე ოფიციალურად პირველად ავიდა ინგლისელი მთამსვლელი ფრენსის ფოქს ტაკეტი 1867 წელს, თუმცა ითვლება, რომ უფრო ადრე, კერძოდ, 1855–1860 წლებს შორის მონტე-ჩივეტაზე ავიდა სიმეონე დე სილვესტრო. მასივის ჩრდილო-დასავლეთ ბასტიონზე პირველად ავიდნენ ემილ სოლედერი და გუსტავ ლეტენბაუერი 1925 წელს.[1]

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ქართველი ალპინისტი მიხეილ ხერგიანი მწვერვალ ჩიმა-სუ-ალტოზე ასვლისას დაიღუპა 1969 წლის 4 ივლისს. ხერგიანი 600 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა და ქვებზე დაეცა.[4]

2013 წლის 16 ნოემბერს ჩამოინგრა ჩიმა-სუ-ალტოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი.[5]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Gruppo del Civetta - angelo elli
  2. Monte Civetta (3220 m) – Dolomiti di Zoldo
  3. Ivo Rabanser: Civetta. Guida dei Monti d’Italia. Mailand 2012
  4. ეთერ ჭელიძე. კაცი ლეგენდა : მიხეილ ხერგიანი, თბ., 2003.
  5. rock fall on Su Alto in the Dolomites[მკვდარი ბმული]