მონოქრომული ფაიფური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მონოქრომული ფაიფური — მონოქრომულია ფაიფური, რომლის დეკორში რომელიმე ერთი ფერი ან ერთი ფერის სხვადასხვა ტონია გამოყენებული.

დაწყებული სუნის ხანიდან, მონოქრომებს თითქმის ყველა პერიოდში ამზადებდნენ. განსაკუთრებით მრავლად კი იმპერატორების - იუნჩჟენისა (17231735) და ციანლუნის (17361795) მმართველობის ხანაში. იმპერატორი ცზიანლუნი, სუნისა და მინის პერიოდების საუკეთესო ნიმუშებს პირადი კოლექციიდან, ცინდეჩჟენში აგზავნიდა, რათა იქ მონოქრომები ამ ნივთების მიხედვით დაემზადებინათ. განსხვავება სხვადასხვა პერიოდის მონოქრომებს შორის ძნელად შესამჩნევი იყო. საქმე ის არის, რომ მინის ხანაში მონოქრომული ფაიფურის დამზადებისას სუნის პერიოდში დამკვიდრებული დეკორატიული ხერხები გამოიყენებოდა და ეს ხერხები იხვეწებოდა.

ცინის ხანაში შექმნილი მონოქრომები კი, მინის ტრადიციებზე იყო დაფუძნებული და ძალიან ჰგავდა მინის პერიოდის პროტოტიპებს.ჩინურ მონოქრომულ ფაიფურს შორის სუნის პერიოდის თეთრი თხელკედლა ფაიფური იყო განთქმული, რომელიც შემკული იყო გრავირებული ან მსუბუქი რელიეფური ორნამენტით. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული დახვეწილობითა და სინატიფით. ამზადებდნენ ფერად მონოქრომებსაც. ფერადი ჭიქურებისთვის, რომლებიც მონოქრომებში გამოიყენებოდა, დამახასიათებელია ინტენსიური კაშკაშა ფერები. განსაკუთრებით ჭარბობდა მოყვითალო და ფირუზისფერი. ამ მონოქრომებს ხშირად მსუბუქი დეკორატიული ბზარებითაც ამკობდნენ. ერთი ფერის ჭიქურით დაფარულ მონოქრომებში ხშირად გვხვდება წინააზიური (ირანი, არაბეთი) ბრინჯაოს ურჭლიდან გადმოტანილი ფორმები, კერძოდ, ლომის თავების ფორმის მქონე სახელურები, ლომებს პირით რგოლი უჭირავთ. ბრინჯაოდანაა გადმოტანილი აგრეთვე „მეანდრი“ და სხვა გეომეტრიული ორნამენტები, რომლებიც მონოქრომულ ფაიფურზე გრავირებული ან რელიეფური სახით არის გამოხატული.

ძალიან პოპულარული იყო ე.წ. „გიზგიზა“ ჭიქურებით დაფარული მონოქრომები - მინის პერიოდში შექმნილი წითელი ჭიქური. ჭიქური ერთ ნივთზე წითელი ფერის სხვადასხვა ვარიაციას იძლეოდა - მოიისფრო წითლიდან მოვერცხლისფრო ან მონაცრისფრო წითლამდე. ამგვარ ჭიქურებს ევროპაში „გიზგიზა“ ჭიქურებს უწოდებდნენ. დიდი პოპულარობით სარგებლობდა კაშკაშა წითელი ჭიქურით დაფარული მონოქრომული ფაიფურიც, რომელიც “ხარის სისხლის” სახელით იყო ცნობილი. სუნის პერიოდის (X-XIII საუკუნეები) მონოქრომებიდან გამოირჩეოდა ღია ცისფერი, განსაკუთრებით ფასობდა ბაცი მწვანე, ნეფრიტისფერი ფაიფური, რომელიც რელიეფური ან გრავირებული ორნამენტით, საკმაოდ მძიმე წონითა და მონაცრისფრო-მოყავისფრო კეცით ხასიათდება. ეს ფაიფური ევროპაში სელადონის სახელით არის ცნობილი. სელადონები გამძლეობისა და მაღალი მხატვრული ღირსებების გამო პოპულარული იყო როგორც ჩინეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. სუნის პერიოდის ფაიფური, განსაკუთრებით კი სელადონები, ხშირად პატარა, მსუბუქი ბზარებით არის დაფარული, თუმცა ესეც დეკორირების ხერხია, რომელსაც „კრაკლეს“ ან „ცეკს“ უწოდებენ. თავდაპირველად, ეს ბზარები ჭიქურზე შემთხვევით აღმოჩნდა. ეს იყო დეფექტი, რომელიც გამოწვის დროს გაჩნდა. შემდეგ „კრაკლეს“ მიღების ტექნოლოგია აითვისეს და ბზარები ფაიფურის დეკორირების ერთ-ერთი ხერხი გახდა. სელადონები დახვეწილი, სადა და შვენიერია. მათი ფორმა, ორნამენტი, დამზადების ტექნიკა ტრადიციულია, რაც სელადონების ზუსტ დათარიღებას აძნელებს (სელადონებს ამზადებდნენ, როგორც სუნის, ისე მინისა და ცინის ხანაშიც).

საუკეთესო სელადონები სუნის ეპოქაში (970-1279) ლუნციუანის სახელოსნოებში მზადდებოდა. თუმცა XIV საუკუნის მეორე ნახევარსა და XV საუკუნეში შექმნილი სელადონებიც არაფრით ჩამოუვარდებოდა სუნის ეპოქის სელადონებს. ფორმის მიხედვით მინის ხანის სელადონები საკმაოდ მრავალფეროვანია: სასაკმევლეები, თასები, ლარნაკები, თეფშები, მაგრამ ყველაზე ხშირად სელადონისგან ლანგრებს ამზადებდნენ.საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ფაიფურის ფონდში წარმოდგენილ მონოქრომული ჭურჭლის სახეობათა შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სელადონის ორი ნივთი: თეფში და ლანგარი. ორივე ნივთი, ყველა მახასიათებლით, ჩინური სელადონების კლასიკური ნიმუშია: სქელკედლიანი, ღია მწვანე ფერის, გრავირებული მცენარეული ორნამენტით, მოწითალო კეცითა და მძიმე წონით. ზედაპირი კი დეკორატიული ბზარებით აქვს დაფარული. ძირზე უკანა მხრიდან ორივეს მოუჭიქავი მოწითალო რგოლი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სელადონების დათარიღება ძნელია, ზოგ შემთხვევაში, ტექნიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, დათარიღება (კეცისა და ჭიქურის ფერი და სხვ.) მაინც ხერხდება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდის სელადონების ანალოგიურია ერმიტაჟისა და არდებილის მეჩეთის XIV-XV საუკუნის სელადონები. ძირითადი მახასი - ათებელი, ისინი სელადონები XIV-XV საუკუნით დათარიღდა, არის ძირზე არსებული მოუჭიქავი მოწითალო ფერის რგოლები. იმის გამო, რომ ჩვენს საკვლევ სელადონებს ასეთივე მოუჭიქავი მოწითალო რგოლი აქვს, ისინიც მინის ხანით, კერძოდ XIV-XV საუკუნით უნდა დათარიღდეს. მონოქრომული კერამიკის ჯგუფს განეკუთვნება, აგრეთვე, ფიალა. იგი გარედან ღია სალათისფერი ჭიქურითაა დაფარული, მისი შიდა მხარე კიდევ უფრო ღია სალათისფერია. ძირზე გარედან ოთხკუთხა ნიშანი აქვს - იეროგლიფი. ეს იეროგლიფი (სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით), ფიალას XVIII საუკუნით ათარიღებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кречетова М. Вестфален Э., Китайский фарфор (история развития), Москва, 1947
  • Арапова Т., Китайский фарфор в Собрании Эрмитажа, kонец XIV –первая треть XVIII в. [Каталог], Ленинград, 1977.
  • Виноградова Н. 1962: Искусство средневекового Китая. Mосква.