მონალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მონალი
Himalayan Monal Adult Male East Sikkim Sikkim India 11.05.2014.png
ჰიმალაიური მონალი (Lophophorus impejanus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lophophorus (Temminck, 1813)

მონალი (ლათ. Lophophorus) — ფრინველთა გვარი ხოხბისებრთა ოჯახისა. ცნობილია მთებში გავრცელებული სამი სახეობა. ჰიმალაიური (L. impejanus) და სკლეტერის მონალის (L. sclateri) სიგრძეა 63–72 სმ, მასა 1,8–2,3 კგ; ჩინური მონალისა (L. lhuysii) 75–80 სმ და დაახლ. 3 კგ შესაბამისად. თავზე წაგრძელებული ან დახვეული ბუმბულების ქოჩორი აქვთ; ნისკარტი გრძელია, ქვემოთკენ ოდნავ მოხრილი, მოკაუჭებული; ბოლო საშუალო სიგრძის, მომრგვალებული; ფეხები მოკლე, სქელი. მამლები ყველაზე მეტად კაშკაშა შეფერილობის ფრინველებს განეკუთვნებიან თავიანთი ინტენსიური ლითონისებრი ბზინვარებით: ზემოდან ჭარბობს მოწითალო-ბრინჯაოსფერი, იისფერ-ლურჯი, მწვანე ან ოქროსფერი ტონები, წელი ჩვეულებრივ თეთრია, მუცელი შავი. დედალი მუქი მურაა, თეთრი და წითური წინწკლებითა და თეთრი ყელით. ჰიმალაიური მონალის მამალს გამოარჩევს ქოჩრის ძაფისებრი ბუმბულები ფართო წვეროებით და წითური ბოლო; სკლეტერის მონალის წითური ბოლო წვეროში თეთრია; ჩინურ მონალს კი იგი შავი აქვს, აყრია თეთრი წინწკლები და მომწვანო-ლურჯი არშიები. გავრცელებული არიან ცენტრალური აზიის მაღალმთიანეთში, აღმოსავლეთ ჰინდუქუშიდან, ჰიმალაის გავლით, ცენტრალური ჩინეთის მთებამდე (განსუ, სიჩუანი, იუნანი). ბინადრობენ შერეულ და წიწვოვან ტყეებში, სადაც ბამბუკი და როდოდენდრონია, და სუბალპური ბუჩქნარის ზოლში; ზაფხულში გვხვდებიან ზღვის დონიდან 2500–4500 მეტრზე, ზამთარში 2000 მეტრამდე აღწევენ. ჩინური მონალი მკვიდრად ცხოვრობს სუბალპური და ალპური მდელოების ზოლში 3000–4900 მეტრის სიმაღლეზე. კარგად ფრენენ, ზიან ხეებზე, ზოგჯერ გუნდებად იკრიბებიან. იკვებებიან ფოთლებით, ბოლქვებით, ამონაზარდებით, ყვავილებით, თესლებით, კენკრით, მწერებითა და მათი მატლებით, რისთვისაც ნიადაგს 30 სმ სიღრმეზე თხრიან. ტიპური ბუდეა მიწაზე არსებული ორმო, მწირი ამონაფენით ან მის გარეშე. ბუდეში 2–8 (ჩვეულებრივ 3–5) კვერცხია; კრუხობს დედალი, 27–28 დღის განმავლობაში. ჩინური და სკლეტერის მონალები შეტანილი არიან IUCN-ის წითელ ნუსხაში როგორც მოწყვლადი სახეობები; ჰიმალაიური მონალი ნეპალის ეროვნული სიმბოლოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]